ავტოსპორტი

2:14 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკინენმა სპაზე შუმახერის გასწრების ისტორია გაიხსენა

მიკა ჰაკინენმა ის ლეგენდარული მანევრი გაიხსნა, რომლითაც 2000 წლის ბელგიის დიდი პრიზის რბოლისას, მიხაელ შუმახერს გაასწრო. ეს გასწრება კემელის სწორზე მოხდა, რომელიც მოსახვევ ო რუჟს მოჰყვება და ერთ-ერთი უსწრაფესი მონაკვეთია სპაზე.

ორივე პილოტი ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოდა. „მაკლარენით“ მოასპარეზე ჰაკინენს გასწრების პირველი ცდა არ გამოუვიდა - შუმახერმა (ფერარი) ის ბალახებისკენ გარიყა, რაც 300 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარისას ძალიან სახიფათოა. მაგრამ სულ მალე, ფინელმა პილოტმა იმავე ადგილზე, ბრწყინვალე მანევრი შეასრულა, რაშიც უნებლიედ, ბრაზილიელი რიკარდო ძონტა დაეხმარა.

როცა ჰაკინენი სლიპ სტრიმით შუმახერის გასწრებას ცდილობდა, იმავდროულად გერმანელმა ძონტას გასწრება დაიწყო. მან ეს მარცხნიდან გააკეთა, რითაც ჰაკინენს შანსი მისცა. მიკამ ბრაზილიელს მარჯვნიდან გაუარა და მასთან ერთად, შუმახერიც ჩამოიტოვა. ამ დროს, მიხაელს წინა ჯერზე შესრულებული სახიფათო მანევრის შესრულების საშუალება აღარ მიეცა. ჰაკინენმა ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.

„ბუნბრივი, ამ ინციდენტის გამო, რბოლის შემდეგ მას უნდა დავლაპარაკებოდი. მე ვუთხარი: როცა სიჩქარე 300-ია, მეტოქეს ბალახებისკენ არ უნდა მიაწვე. ეს სიკვდილ სიცოცხლის სიტუაციაა და ამ დროს კეთილგონიერება უნდა გამოიჩინო. მან თავი დახარა, შემომხედა და მკითხა: რამე ისე არ გავაკეთე? მას არ უთქვამს, მაპატიე, მეტისმეტად აგრესიული ვიყავი. ეს უბრალოდ, მისი მართვის სტილი იყო“, - ყვება ჰაკინენი.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დასძენს, რომ მას არ მოსწონდა შუმახერის სარბოლო ტაქტიკები. „ნელ მოსახვევში, სადაც პოზიციას იცავ და ისეთ რამეს აკეთებ, რაც დასაშვების ზღვარზეა, შეიძლება ეს გაამართლო. ასეთი რამ მეც გამიკეთებია. მაგრამ 300 კმ/სთ ისეთი სიჩქარეა, ამ დროს მანქანა ბალახზე რომ გადავიდეს, თავისი 15-მილიმეტრიანი კლირენსით მცირე ბორცვმაც კი შეიძლება ჰაერში ააფრიალოს. და მე მას ვუთხარი: მოდი, დაფიქრდი“.

ჰაკინენი დასძენს: „მიხაელი მანქანას უბადლოდ მართავს. ის ტექნიკურ ასპექტსა და გუნდურ მუშაობაში ყველაფერს დებს. მას ბევრი თვისება აქვს, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ. ის არასდროს ნებდება. სულერთია, რას აკეთებს. ის მხოლოდ მაშინ აღიარებს მარცხს, როცა ფინიშის დროშა ფრიალებს. მე პატივს ვცემ მას. ის ყოველთვის ზღვარზე მართავდა თავის მანქანას. მისი სამუხრუჭე დისკოები ყოველთვის გაწითლებული იყო მხურვალებისგან“.

„მაგრამ როცა საქმე ტრასაზე ბრძოლაზე მიდიოდა, ხანდახან ექსტრემალურ დაცვით მოძრაობებს ასრულებდა. განსაკუთრებით ეს ბოლო წრეებზე ხდებოდა. თუმცა შუა რბოლაში, ბორბლებს შორის შეიძლება მცირე მანძილი დაეტოვებინა. ბოლო წრეებზე მცირე კონტაქტები მისთვის არაფერს ნიშნავდა“.

ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=Pd0LMH6yijA

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111324