ავტოსპორტი

13:36 | 27.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ჰონდას“ ძრავის ელექტრონიკამ ალონსოს სიჩქარეს „არ დაუჯერა“

ფერნანდო ალონსოს დღეს არ გაუმართლა. მას რეალური შანსი ჰქონდა, ბელგიის დიდი პრიზის კვალიფიკაცია მოწინავე ათეულში დაესრულებინა, მაგრამ ამის საშუალება ისევ ტექნიკამ არ მისცა. ოღონდ, არაფერი დაზიანებულა. უბრალოდ, ელექტრონიკამ ესპანელის მაღალი სიჩქარე რეალობად ვერ აღიქვა...

კვალიფიკაციის მეორე ნაწილის ბოლო ცდაზე, ალონსო თანაგუნდელმა სტოფელ ვანდოორნმა სლიპ სტრიმით ააჩქარა. თავად ბელგიელს დროის დაფიქსირება არაფერში სჭირდებოდა, რადგან ძალურ დანადგართან და გადაცემათა კოლოფთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სტარტზე 65 ადგილის (სრული აბსურდი...) დათმობა უწევს. ვანდოორნის დახმარებით, ალონსოს ათეულში მოსახვედრად საჭირო დროის ჩვენების იმედი ჰქონდა.

მაგრამ მე-11 და მე-12 მოსახვევებს შორის არსებულ ჩქაროსნულ მონაკვეთზე, ალონსომ თავისი აგრეგატის ენერგიის აღდგენის სისტემისგან, დამატებითი სიმძლავრე ვერ მიიღო. ეს კი ნიშნავს, რომ დაახლოებით 160 ცხენის ძალა დააკლდა. როგორც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამბობს, ამის გამო, ნახევარი წამი დაკარგა. ამის გამო, მან წრე ბოლომდე არ გაიარა და ბოქსებში შეუხვია, თან რადიოთი თავისიანებს მიაძახა - „ნოუ პაუერ“.

ყველაფერი კი შემდეგის გამო მოხდა: აღდგენილი ენერგიის გამოყენების სისტემა, სენსორებისგან მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მუშაობს. ამ მონაცემების დახმრებით, ის ადგენს, სად იმყოფება ავტომობილი და როდის უნდა დაიწყოს დაგროვილი ენერგიის გამოყენება. სისტემის მუშაობის ალგორითმი პირველ რიგში, ძრავის დროსელის პოზიციაზეა დამოკიდებული. მის მიხედვით ადგენს, თუ ტრასის რომელ მონაკვეთს გადის ავტომობილი.

მოსახვევ პუონს, რომელიც სპა ფრანკორშანზე ერთ-ერთი ყველაზე ჩქაროსნულია, ალონსო გაზიდან ფეხის აღებით გადიოდა, მაგრამ იმ წრეზე ასე არ მოქცეულა. სისტემამ ეს ისე აღიქვა, თითქოს მოსახვევი გავლილი არ იყო. არადა, დამატებითი ენერგია სწორედ პუონდან გამოსვლისას უნდა გაეცა. ამას ადასტურებს „ჰონდას“ შეფი იუსუკე ჰასეგავა და დასძენს, რომ მომხდარის გამო, „ჰონდას“ აღნიშნული სისტემის სხვაგვარად დაპროგრამება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121105