ფეხბურთი

18:51 | 22.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ღმერთის ხელიდან” ბაირონ მორენომდე – ვიდეორეფერის ეპოქა (+VIDEO)

მსაჯი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც მატჩისშემდგომ მსაჯების შეცდომებზე სჯაბაასი. ამბობენ, მსაჯებიც ადამიანები არიან და შეცდომებიც ამიტომ მოსდითო. რა თქმა უნდა, არბიტრიც ადამიანია, მაგრამ რთულია ზოგჯერ მათ შეცდომებზე თვალის დახუჭვა.

ფეხბურთის მმართველებს კი ამასობაში გამოსავალი უნდა ეპოვათ. თავიდან მიმართეს ასეთ ხერხს: კარის ხაზის მსაჯები დაამატეს და სამი არბიტრის ნაცვლად ერთ შეხვედრას უშუალოდ მოედანზე უკვე 5 ემსახურება. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ამან რამე გააუმჯობესა. საბოლოოდ კი, ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება ვიდეორეფერის შემოღებისა და ბოლო პერიოდში ჩატარებულ ფიფას ტურნირებში სწორედ ვიდეორეფერი მოქმედებდა ყველა საეჭვო ეპიზოდის შეფასებისას. ჯერჯერობით, ამ გადაწყვეტილებას არ იღებს უეფა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა ევროპული ფეხბურთის მამებსაც მოუწევთ “დათმობაზე” წასვლა.

აგერ, მაგალითად, რამდენიმე ქვეყნის შიდა პირველობაზეც აწ უკვე მიმდინარე სეზონში ვიდეორეფერი მოემსახურება ყველა თამაშს.

იქამდე კი, საინტერესო იქნება გავეცნოთ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გამორჩეულ სადავო ეპიზოდებს, რომლებიც საბოლოოდ მსაჯებმა სწორად ვერ შეაფასეს და ამ ეპიზოდებმა კონკრეტულ მატჩებზე პირდაპირ გავლენა იქონიეს.

ღმერთის ხელიდან ბაირონ მორენომდე...

დიეგო მარადონა 1986 – “ღმერთის ხელი”

1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დიეგო მარადონამ ორი გოლი გაუტანა ინგლისს და ორივე ისტორიას სამუდამოდ შემორჩა. მათგან ერთ-ერთი -მსაჯის შეცდომის გამო. დიეგომ ხელით გაიტანა, მაგრამ მთავარმა არბიტრმა ტუნისელმა ალი ბინ ნასერმა ეს ვერ შეამჩნია. გაივლის დრო და ფეხბურთის უგვირგვინო მეფე ამ ეპიზოდს ასეთ სახელს დაარქმევს: “ღმერთის ხელი”.

სენსინი – ფიოლერი: 1990 წლის მუნდიალის ფინალი

მსაჯის შეცდომამ გადაწყვიტა 4 წლის შემდეგ გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ბედი. არგენტინელი ნესტორ სენსინი გერმანელი რუდი ფიოლერის წინააღმდეგ სახიფათო ვარდნას ახორციელებს, თუმცა სუფთად, ბურთზე თამაშობს – მექსიკელი მსაჯის კოდესალისთვის კი საეჭვო არაფერია – თერთმეტრიანი! ანდრეას ბრემემ გამარჯვების გოლი გაიტანა და გერმანია მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მაურო ტასოტი და ლუის ენრიკე

მუნდიალი 1994, მეოთხედფინალი, იტალია – ესპანეთი 2:1, მსაჯის პირველი დამატებული წუთი – მაურო ტასოტი ლუის ენრიკეს სახეში იდაყვს ურტყამს და ესპანელი საჯარიმოში ეცემა. პენალტი და წითელი ბარათი ეჭვგარეშეა, თითქოს ამ ყველაფერს კარგი პოზიციიდან მშვენივრად ხედავს უნგრელი არბიტრი პული, მაგრამ... მსაჯმა ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა და იტალია ნახევარფინალში გავიდა. საბოლოოდ, მაურო ტასოტი 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით მატჩის შემდეგ დაისაჯა სადისციპლინო კომიტეტის მიერ.

ბაირონ მორენო მსაჯი-ნარკომოვაჭრე

2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მსაჯობის კუთხით ალბათ ყველაზე სკანდალური იყო. მერვედფინალში მასპინძელი სამხრეთ კორეა იტალიას ხვდებოდა. ეკვადორელი მსაჯის, ბაირონ მორენოს სიმპათიები აზიელთა მხარეს შეხვედრის დაწყებიდანვე იგრძნობოდა, ხოლო დამატებით დროში ყველაფერი ნათელი გახდა – ფრანჩესკო ტოტი საჯარიმოში წააქციეს, ყველაფერი ცხადია, მორენოს სასტვენის ხმაც გაისმა, თუმცა... მან ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის იტალიელს უჩვენა და ვინაიდან, მანამდეც გაეფრთხილებინა, მოედანი დაატოვებინა. საბოლოოდ, სამხრეთ კორეამ 2:1 გაიმარჯვა.

რამდენიმე წლის შემდეგ კი, ეკვადორელი არბიტრი ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო დააპატიმრეს...

ფაბიო გროსო და ლუკას ნილი

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მსაჯი უკვე იტალიელთა სასარგებლოდ შეცდა – “სკუადრა აძურა” ავსტრალიას ვერაფერს უხერხებს და მსაჯის მიერ დამატებული ბოლო წუთი მიმდინარეობს. აპენინელთა მდგომარეობა დამატებითი დროის შემთხვევაში დამძიმდება, რადგან 10 კაცით თამაშობენ და გაძლებაზე არიან. ამ დროს კი, ფაბიო გროსო საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა, ლუკას ნილი მას ვარდნას უკეთებს, თუმცა საერთოდ არ ეხება – გროსო ძირს თავისივე ინიციატივით ეცემა და... ესპანელი არბიტრი ლუის მედინა კანტალეხო პენალტის ნიშნულისკენ ხელს თამამად იშვერს – იტალიამ მოიგო 1:0.

ტიერი ანრის ხელი

ეს არ ყოფილა “ღმერთის ხელი”, მაგრამ იყო ტიერი ანრის – საფრანგეთის ნაკრებს პარიზში ირლანდია 1:0 ამარცხებს, დამატებითი დროა და სტუმრები ახლოს არიან მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საგზურთან. ამ დროს “მამლები” სტანდარტულ სიტუაციას ათამაშებენ. ფლორენ მალუდა საჯარიმოში ცუდად აწვდის, მაგრამ ტიერი ანრიმ ბურთი ხელით გაიჩერა, მერე ხელითვე გაისწორა და საბოლოოდ უილიამ გალასს საგოლედ უპასა. “სტად დე ფრანსზე” შეკრებილმა 80 ათასმა ქომაგმაც ნათლად დაინახა, რომ ტიტიმ თამაშის წესები დაარღვია, თუმცა ასე არ თვლიდა მთავარი მსაჯი მარტინ ჰანსონი – საბოლოოდ, შვედის უხეში შეცდომით ირლანდია მუნდიალის მიღმა დარჩა, ხოლო ფიფას ირლანდიის ფეხბურთის ფედერაციისთვის ოფიციალური ბოდიშის მოხდა მოუწია.

ზიდანი და მატერაცი

საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის ფინალში მომხდარი ეპიზოდი მსაჯებმა სწორად განსაჯეს და ზინედინ ზიდანს მოედანი დაატოვებინეს, მაგრამ შეიძლებოდა ყველაფერი პირიქით მომხდარიყო – საქმე ისაა, რომ მატჩის მთავარ არბიტრ ჰორაციო ელიზონდოს აღნიშნული მომენტი იმ დროს არ დაუნახავს და შესაბამისად, ფრანგს ვერ გააძევებდა, რომ არა სხვისი მინიშნება. როგორც არგენტინელმა მსაჯმა კარიერის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას ყველაფერი მეოთხე მსაჯმა, ლუის მედინა კანტალეხომ უამბო. საფრანგეთში კი, დღემდე ამტკიცებენ, რომ მართლაც ესპანელმა არბიტრმა მიაწოდა მთავარ მსაჯს ინფორმაცია ზიდანისა და მატერაცის ცნობილი ეპიზოდის შესახებ, მაგრამ იქვე აღნიშნავენ, რომ კანტალეხომაც მომხდარი ინციდენტი მხოლოდ ტელეეკრანზე შენიშნა განმეორებისას. მოკლედ, ასე, არაოფიციალურად, მაგრამ მაინც სწორედ მაშინ, 2006 წლის 9 ივლისს დაიბადა ვიდეორეფერი...

რაღა თქმა უნდა, ეს მწირი ჩამონათვალია იმ შეცდომებისა, რომლებიც მსაჯებს მოსვლიათ და რომელთაც მატჩებზე პირდაპირი გავლენა მოუხდენიათ. ალბათ, დროც იყო, რომ ვიდეორეფერის ეპოქაში გვეცხოვრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102294