ავტოსპორტი

17:20 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონს კარიერის „მერსედესში“ დასრულება სურს

ლუის ჰამილტონის ანგარიშზე ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის სამი ტიტულია და ის თავისი კსრიერის მწვერვალზე იმყოფება. ბუნებრივია, ასეთი პილოტის ყოლას ნებისმიერი გუნდი ინატრებდა, მაგრამ ბრიტანელი პილოტი არ მალავს, რომ თავისი კარიერის ბოლომდე, „მერსედესში“ დარჩენა სურს.

„როცა ამ გუნდში გადმოვედი, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ის ასეთი კარგი იქნებოდა. შედეგებს რომ თავი დავანებოთ, იმ გარემოსაც ვგულისხმობ, რაც აქაა შექმნილი. უკეთესზე ოცნებაც კი არ შემიძლია და დარწმუნებული ვარ, სხვა არცერთ გუნდში ასეთი გარემო არ დამხვდება“, - ამბობს ჰამილტონი.

მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ჰამილტონს სხვა გუნდში გადასვლის სურვილი არ ჰქონია. ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ მისი გადაბირება „ფერარის“ სურს და „მერსედესი“ რომ არა, მარანელოელთა შანსები გაცილებით მეტი იქნებოდა. თავად ჰამილტონს კი იმის სურვილი აქვს, რომ „უილიამსს“ მოწინავეთა შორის დაბრუნებაში დაეხმაროს.

„როცა „უილიამსზე“ ვფიქრობ, წარმომიდგენია, რა კარგი იქნებოდა, ერთ დრესაც რომ ამ გუნდს მწვერვალზე დაბრუნებაში შევუწყო ხელი. მაგრამ მე ჯადოსნური დაფა არ მაქვს. არ ვიცი, რა დრო დასჭირდებათ მათ დაბრუნებაში და საერთოდ, შესაძლებელია ეს თუ - არა. უბრალოდ, მე ფრენკს და მის გუნდს დიდ პატივს ვცემ მათი წარსულის გამო“, - დასძენს ჰამილტონი და დასძენს: „მე თუ აქედან წავალ, ეს მხოლოდ კარიერის ბოლოს მოხდება. „მერსედესი“ თავის მრბოლებზე ზრუნავს. სულერთია, იქნება ეს ღონისძიებები, თუ კომერციული ვალდებულებები, ყოველთვის ამ ბრენდის ელჩი ხარ“.

ჰამილტონი ამბობს, რომ დაახლოებით ექვსი წელი დარჩება ფორმულა 1-ში. მან ფ1-ის კარიერა 2007 წელს, „მაკლარენთან“ ერთად დაიწყო და ამ ათ სეზონში მხოლოდ ორ გუნდშია ნამყოფი. ამასთან, ორივე შემთხვევაში, მისი ბოლიდი „მერსედესის“ ძრავითაა აღჭურვილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10431