ძიუდო

21:40 | 13.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა იაპონიის ნაკრებსაც აჯობეს

საქართველოს 18-წლამდელ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ჩილეს ქალაქ სანტიაგოში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე, გუნდურ ჩათვლაში შეჯიბრება ვაჟთა და გოგონათა შერეულ გუნდებს შორის მიმდინარეობს. ქართული გუნდის განაცხადში რვის ნაცვლად შვიდი სპორტსმენია, მაგრამ ამის მიუხედავად, გიორგი ყიზილაშვილისა და გია თენაძის შეგირდების კრებული უმაღლესი ტიტულისკენ მიიწევს.

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში 18 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო. საქართველო ყველაზე მძიმე ჯგუფში მოხვდა - უმთავრეს ფავორიტ იაპონიასთან ახლოს. ორი უძლიერესი ნაკრების გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა. იქამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას აჯობეს, იაპონელებმა კი უნგრეთს.

იტალიასთან შეხვედრა საქართველომ ჩამორჩენით დაიწყო – გოგონებს შორის 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში მონაწილის არყოლისთვის. თუმცა ლუკა კაპანაძემ (55 კგ) ანალოგიური მიზეზით, უბრძოლველად მოიპოვა გამარჯვება და ანგარიშიც გათანაბრდა.

ეკატერინე ტატუნაშვილი (52 კგ) დამარცხდა და წინ ისევ აპენინელები გავიდნენ, მაგრამ დარჩენილი ხუთივე შეხვედრა ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა. მიხეილ ბახბახაშვილმა (66 კგ), მარიამ ჭანტურიამ (63 კგ), ვლადიმერ ახალკაცმა (81 კგ), სოფიო სომხიშვილმა (+63 კგ) და ლევან ჭელიძემ (+81 კგ) თავიანთი ბრძოლები მოიგეს და საქართველო მეოთხედფინალში 6:2-ით გავიდა.

იაპონიასთან დაპირისპირების პირველი სამი შეხვედრა აზიელთა სასარგებლოდ დასრულდა - უბრძოლველად დაკარგულ ქულას, ლუკა კაპანაძისა და ტატუნაშვილის წარუმატებლობები დაემატა და საქართველო 0:3 ჩამორჩა.

თუ გავითვალისწინებდით, რომ ბახბახაშვილი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - რანტო კაცურას უნდა დასჭიდებოდა, სიტუაცია კიდევ უფრო მძიმე ჩანდა, მაგრამ ევროპის ქართველი ჩემპიონი მსოფლიოს პირველ ნომერს ერთმანეთზე უკეთესი გდებებით გაუსწორდა და იპონით იმარჯვა.

მარიამ ჭანტურიამ ჰარუკა ნაკაია 13 წამში, ბრუნით დასცა ბეჭებზე. ახალკაცმა კი ტორანოსუკე ბანდოს ორწუთნახევარში მოუმთავრა საქმე, სამი შიდოთი და საერთო ანგარიში გაათანაბრა – 3:3.

მეშვიდე ქართულ-იაპონური დაპირისპირება მსოფლიოს ინდივიდუალური პირველობის ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორებს: სოფიო სომხიშვილსა და აკიჰო იონეკავას შორის შედგა და შეხვედრის ბედი ერთადერთმა ვაზარიმ გადაწყვიტა, რომელიც იონეკავამ შეასრულა.

გადამწყვეტ ბრძოლაში ლევან ჭელიძემ იუ ოიშის მესამე დამატებულ წუთზე აღებული ვაზარით სძლია და დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით (32:25) ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები გავიდა.

ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელმაც წინასწარ ეტაპებზე არგენტინას, ყაზახეთსა და მონღოლეთს აჯობა. მეორე ნახევარფინალში კი უზბეკეთი და ბრაზილია იჭიდავებენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 24:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109844