ფეხბურთი

13:25 | 4.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის 2016/2017 წლების სეზონის საუკეთესოები

24 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის 2016/2017 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეებს დააჯილდოვებენ. უეფამ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველისა და ფორვარდის პოზიციებზე წარდგენილ მოთამაშეთა სია უკვე გამოაქვეყნა. შერჩეულ 12 ნომინანტს შორის, ტურნირის გასული სეზონის გამარჯვებული მადრიდის “რეალის” 6 ფეხბურთელი მოხვდა, ფინალისტი “იუვენტუსი" კი 3 მოთამაშითაა წარმოდგენილი.

აქვე, ნომინანტთა სრული სია პოზიციების მიხედვით:

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), იან ობლაკი (“ატლეტიკო”).

მცველები: ლეონარდო ბონიჩი (“იუვენტუსი”, ახლა “მილანი”), მარსელო (“რეალი”), სერხიო რამოსი (“რეალი”).

ნახევარმცველები: კაზემირო (“რეალი”), ტონი კროოსი (“რეალი”), ლუკა მოდრიჩი (“რეალი”).

თავდამსხმელები: პაულო დიბალა (“იუვენტუსი”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”).

კანდიდატთა შესარჩევად უეფამ შეადგინა ჟიური, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ნათამაშები 32 კლუბის მთავარი მწვრთნელით და ევროპის სპორტულ გამოცემათა ასოციაციის (ESM) მიერ შერჩეული 55 სპორტული ჟურნალისტით დაკომპლექტდა. წესების თანახმად, მწვრთნელებს თავიანთი ფეხბურთელებისთვის ხმის მიცემა არ შეეძლოთ.

ჟიურის თითოეულმა წევრმა თითო პოზიციაზე სამ-სამი მოთამაშე დაასახელა: პირველ ადგილზე დასახელებულმა მოთამაშემ ხუთი ქულა მიიღო, მეორეზე - სამი, მესამეზე - ერთი. საბოლოო სიაში თითოეულ პოზიციაზე მოხვდა 3-3 მოთამაშე, ვინც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.

პოზიციების მიხედვით საუკეთესოთა დაჯილდოვების პარალელურად, ისევე, როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც გამოვლინდება უეფას ვერსიით ევროპის საუკეთესო ქალი და საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი. ამ ტიტულის პრეტენდენტთა სიას უეფა 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

0.124976