ფეხბურთი

11:08 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ქურდაძე: ოცნებაც და მიზანიც ევროპის ჩემპიონატზე და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია“

WORLDSPORT.GE განაგრძობს რუბრიკას „ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდან“ და დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ თბილისის „ლოკომოტივისა“ და საქართველოს U 21 წლამდე ნაკრების მეკარე ბექა ქურდაძე.

ბექას საფეხბურთო კარიერა ქუთაისის „მემორიალში“ 6 წლის ასაკში დაიწყო, საიდანაც წლების შემდგომ საქართველოს 14-წლამდე ნაკრებში გადაინაცვლა. ახალგაზრდა მეკარისთვის პირველივე ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა და გუნდთან ერთად საპატიო პირველი ადგილით დააგვირგვინა.

ჩვენთან საუბარში ყვება, რომ თავიდანვე მეკარეობა სურდა, რადგან კიპერის ხელთათმანები ძალიან იზიდავდა, თუმცა მეორე ვერსიით - მოედანზე სირბილს კარში დგომა ამჯობინა. (იცინის)

20 წლის კარის დარაჯის ოცნების კლუბი მადრიდის „რეალია“, მისაბაძი მეკარე კი - იკერ კასილასი და ჯანლუიჯი ბუფონი.

გვიყვება, რომ ყოველი თამაშის წინ და დასრულების შემდგომ, შედეგის მიუხედავად ლოცულობს და ამბობს, რომ ეს ერთგვარ ტრადიციად ექცა. საინტერესოა ისიც, რომ თავის ყველა მატჩის ჩანაწერს ხელახლა უყურებს და აანალიზებს შეცდომებსა თუ კარგ თამაშს.

მატჩი, რომელიც არასოდეს დაავიწყდება ისრაელთან 1:0 მარცხია. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ფრეც საკმარისი იყო, თუმცა საქართველოს U19 წლამდე ნაკრებისთვის ტურნირი კრახით დასრულდა.

საფეხბურთო ოცნება და მიზანიც ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაა, თუმცა ასევე სურს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიც.

საფეხბურთო კარიერა და გზა წარსულიდან აწმყომდე...

ფეხბურთის თამაში ქალაქ ქუთაისის კლუბ „მემორიალში“ 6 წლის ასაკში დავიწყე, ჩემი პირველი მწვრთნელი მერაბ სილაგაძე იყო, მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. სწორედ ამ გუნდში შემამჩნია ნოდარ აკობიამ და მიმიწვია 14-წლამდელთა ნაკრებში. მან პირველივე ტურნირზე მომცა თავის გამოჩენის საშუალება და ეროვნული მაისურის მორგების შანსი, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი მას. ამ ტურნირიდან პირველი ადგილით დავბრუნდით, სწორედ ეს იყო ჩემი პირველი დიდი გამარჯვებაც. ამის შემდეგ ჩავირიცხე საბურთალოში და აქედან დაიწყო ჩემი პროფესიონალ მეკარედ ჩამოყალიბება. საბურთალოში გატარებული ყოველი წლისთვის ასევე მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძრვანელობას. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლევან ჭულუხაძე, მეკარეების მწვრთნელი, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. აქვე ვიტყვი გია ჭიაბრიშვილზე, მასთან გატარებულმა წლებმაც ბევრი რამ მასწავლა არამარტო საფეხბურთო თვალსაზრისით, არამედ ცხოვრებაშიც. მისგან ვისწავლე როგორი უნდა იყოს პროფესიონალი ფეხბურთელი და პირველ რიგში ადამიანი, ყოველთვის ყურში ჩამესმის მისი სიტყვები: მე პირველ რიგში კაცები, პიროვნებები მჭირდება და შემდეგ ფეხბურთელებიო, დიდი მადლობა მას ასეთი დამოკიდებულებისთვის.

2017 წელს გადავედი თბილისის ლოკომოტივში იჯარის ხელშეკრულებით ამავე წლის დეკემბრამდე.

მეკარის გარდა სხვა პოზიციაზე თუ მოგისინჯავს ძალები?

თავიდანვე მეკარეობა მსურდა, ყოველთვის მიზიდავდა მეკარის ხელთათმანები და მაინტერესებდა როგორი იყო. სიმართლე რომ ვთქვა გარეთ სირბილს კარში დგომა ვამჯობინე.

მისაბაძი მეკარე...

ჩემთვის მისაბაძი მეკარე, როგორც პიროვნულად, ასევე თვისებებით იკერ კასილასია, ხოლო უშულოდ საქმეში ბუფონი, რომელიც შეუდარებელი მეკარეა და დღემდე ინარჩუნებს ფორმას.

განწყობა „ლოკომოტივში“ და სეზონის მთავარი მიზანი...

გუნდში კარგი განწყობაა. თანდათან უფრო ვძლიერდებით, გვემატებიან გამოცდილი ფეხბურთელები და კონკურენციაც იმატებს რაც აუცილებლად შედეგზეც აისახება. გადასარევი პირობებია იმისთვის, რომ ფეხბურთელი სწორად განვითარდეს. რაც შეეხება მიზანს, ოთხეულში მოხვედრაა, რისი პოტენციალიც ნამდვილად გააჩნია გუნდს.

პრინციპული მეტოქე...

ჩემი აზრით საქართველოს ჩემპიონატში არ არსებობს ისეთი გუნდი, გამორჩეულად რომ მოემზადო. ყველა თამაშზე თანაბრად ვემზადები და თანაბრად მოტივირებული გავდივარ.

ჩემპიონატის დონე...

მესამე წელია რაც უმაღლეს ლიგას ვთამაშობ და წელს გამორჩეული ჩემპიონატია, საგრძნობლად იმატა დონემ, თუმცა ჯერ ის არ არის რაც ქართველ გულშემატკივარს სურს. მჯერა ნელნელა უფრო განვვითარდებით.

ეროვნული ლიგის დადებითი და უარყოფითი მხარეები. შენი აზრით გაამართლა ახალმა ფორმატმა?

გაამართლა თუ არა ახალმა ფორმატმა ჯერ ამას ვერ ვიტყვით, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაამართლებს. ასე უცბად შედეგი არ მოდის. ცუდი მხარე ის არის, რომ ბევრ გუნდს თავისი მოედანი არ აქვს, არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ძალიან რთულია ადაპტაცია, როცა ბუნებრივ საფარიან მინდორზე ვარჯიშობთ და შემდეგ ხელოვნურ მოედანზე გვიწევს თამაში. თუმცა არის დადებითი მხარეებიც: მაგალითად ის, რომ ეროვნული ლიგის ყველა თამაშის ტრანსლაცია მიმდინარეობს და გულშმატკივრებს აქვთ ყურების საშუალება. ასევე ყოველ მოგებულ თამაშზე არის დამატებითი ანაზღაურება, რაც მოტივაციაა ფეხბურთლებისათვის, საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ნელნელა ვვითარდებით.

ის რაც ჩვენმა მკითხველმა შენზე არ იცის?

ვფიქრობ,რომ კარიერური თვალსაზრისით ჩემ შესახებ, რაც საჭიროა ყველაფერი იცის გულშემატკივარმა.

ქართველმა გულშემატკივარმა საკმაოდ მცირე ასაკში გაგიცნო. U17 ასაკობრივი ნაკრებიდან. განვლილი კარიერიდან არის ისეთი რამ, რასაც აუცილებლად შეცვლიდი? თუნდაც კონკრეტულ მატჩს...

შევცვლიდი შვეიცარიში გამართულ 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩს, სადაც ისრაელთან ფრეც კი გვყოფნიდა ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად და სამწუხაროდ 1-0 დავმარცხდით. დღემდე არ მავიწყდება ის მწუხარება, რაც მაშინ ტრიალებდა გუნდში და დღემდეც მომყვება.

21 წლამდელებსაც შევეხოთ... 7 მატჩი ჩაატარე, რომელ მატჩს გამოყოფდი?

გამოვყოფდი ესპანეთთან შეხვედრას საქართველოში,სადაც იყო ისეთი მომენტი 2-1 ვიგებდით. მეორე გოლი რომ გავიტანეთ და დავწინაურდით ვერ ვიჯერებდი,სამწუხაროდ ამ შეხვედრაში დავმარცხდით. ასევე გამოვყოფდი ისევ ესპანეთთან მატჩს, „ალმერიას“ მოედანზე, სადაც სულ სავსე იყო ტრიბუნა, მაშინ პირველად ვითამაშე ამდენი მაყურებლის წინაშე.

2013-2016 წლების სეზონი „საბურთალოს“ რიგებში გაატარე. როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ გუნდის მიმართ და რა გრძნობაა, როდესაც შენს ყოფილ კლუბს უპირისპირდები?

ჯერჯერობით ისევ ამ გუნდს ვეკუთვნი, რაც ზემოთ ავღნიშნე კიდეც, რომ იჯარის წესით ვირიცხები "ლოკომოტივში". რაც შეეხება გრძნობას,როცა მოედანზე გადიხარ მნიშვნელობა არ აქვს ვის ეთამაშები, ამ დროს გაქვს ერთი მიზანი, გამარჯვება. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ყველასთან გამარჯვება მსურს.

თუ იყო დაინტერესება შენდამი სხვა ქართული თუ უცხოური კლუბებიდან და რატომ „ლოკომოტივი“?

იყო რამდენიმე უცხოური კლუბი, თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა და ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტი ლოკომოტივი იყო,ამიტომ გადავწყვიტე აქ გადმოსვლა.

საფეხბურთო ოცნება, რომელიც ჯერ ვერ აისრულე...

ოცნება და ამავდროუად ჩემი მიზანიც ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის თამაშია.

საინტერესოა თუ გაქვს რაიმე რიტუალი, რომელსაც ყოველი თამაშის წინ თუ შემდგომ ასრულებ?

ყოველი თამაშის წინ და შემდგომაც აუცილებლად ვლოცულობ, ეს უკვე ჩვევაში მაქვს. არა აქვს მნიშვნელობა დავმარცხდები თუ გავიმარჯვებ. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ვთვლი, რომ ასე იყო საჭირო, ხოლო ამის შემდეგ მივდივარ სახლში და რაც უნდა დაღლილი ვიყო თავიდან ვუყურებ ჩემს თამაშს, ვაკვირდები შეცდომებს და კარგ მომენტებსაც.

რას ნიშნავს შენთვის მაყურებლის ფაქტორი?

მაყურებელი დიდ როლს თამაშობს ფებურთში, როდესაც მოედანზე გადიხარ და ხედავ ტრიბუნა სავსეაა სულ სხვა გრძნობა და მოტივაცია გეუფლება. ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენს ჩემპიონატში მაყურებლის ნაკლებობაა. თუმცა გადამწყვეტ მომენტებში ბევრჯერ ვგრძნობდი ქართველი ხალხისგან მხარდაჭერას. მქონია ასეთი მომენტები და ახლო წარსულს გავიხსენებ, როდესაც 19 წლამდელები დაუპირისპირდნენ ჩეხეთს- მიხეილ მესხის სტადიონი სულ სავსე იყო, მეც ტრიბუნებიდან ვუყურებდი ბიჭებს და ვგრძნობდი მათ ემოციებსა და გამარჯვების სურვილს. მინდა თხოვნით მივმართო გულშემატკივრებს იაროან მოედანზე და ესეც დაეხმარება ლიგას დონის ამაღლებაში.

ქართული გუნდები ევროტურნირებზე... როგორ შეაფასებდი წლევანდელ გამოსვლას და შენ რაში ხედავ გამოსავალს?

როგორ უნდა შევაფასო, რა რესურსიც გააჩნია ქართულ ფეხბურთს იმის შესაბამისად ვთამაშობთ, პირველ რიგში ასეთი დონის შეხვედრების ნაკლებობას განვიცდით და მიზეზებზე რომ ვისაუბროთ ძალიან შორს წაგვიყვანს.

21 წლამდე ნაკრები როგორ ემზადება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის?

ჩვენ უკვე გავიარეთ ბოლო ტესტ-მატჩები ბულგარეთსა და მონტენეგროში, ეს იყო ბოლო გამოცდა, ასე ვთქვათ პირველ ოფიციალურ თამაშამდე, რომელიც 1 სექტემბერს საქართველოში გაიმართება პოლონეთის წინააღმდეგ. ჩვენ გუნდს ყველანაირად შესწევს იმის ძალა, რომ გავიაროთ ეს ჯგუფი, გვყავს მაღალი დონის სამწვრთნელო შტაბი და ყველა ერთი მიზნისთვის ვართ გაერთიანებული. მიზანი მხოლოდ პირველი ადგილია, რისი რესურსიც და შესაძლებლობაც ნამდვილად გაგვაჩნია. მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერაც.

მატჩი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება...

მატჩი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება ისრაელთან გამართული შეხვედრაა, რომელიც 1-0 წავაგეთ. ეს ზემოთაც ავღნიშნე.

ოცნების გუნდი...

მადრიდის რეალი.

ვისი დარტყმული თერთმეტმეტრიანის აღება მოგანიჭებდა ყველაზე დიდ სიამოვნებას?

ალბათ კრიშტიანუ რონალდოსი (იცინის)

და ბოლოს... როგორ გამოიყურება შენი საუკეთესო თერთმეტეული?

კარში-ბუფონი. მარჯვენა მცველი ფლანგზე-კაფუ. მარცხენა მცველი ფლანგზე- მარსელო. ცენტრალური მარცხენა მცველი-მალდინი,ცენტრალური მარჯვენა მცველი-რამოსი. ნახევარდაცვა-ზიდანი, ინიესტა ამათ წინ რონალდინიო. მარცხენა შემტევი-კრისტიანო რონალდო. მარჯვენა შემტევი-მესი. თავდასხმაში ბრაზილიელი რონალდო.

0.112383