სხვა

14:37 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი: მოკლე ისტორია

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ახალგაზრდა სპორტსმენთა კონტინენტური შეჯიბრებაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

მისი მოწყობის ინიციატორი იმხანად ევროპის ოლიმპიურ კომიტეტთა პრეზიდენტი, ბელგიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, 2001-2013 წლებში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი ჟაკ როგე გახლდათ.

პირველი ფესტივალი 1991 წელს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით. 1993 წელს, იტალიის დაბა აოსტამ ევროპის ზამთრის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა, რომელიც ასევე ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

ჟაკ როგეს წამოწყება წარმატებული გამოდგა - შეჯიბრებაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა ტურნირიდან ტურნირამდე იზრდება, ფესტივალი კი სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს.

2010 წელს, კვლავ ჟაკ როგეს ინიციატივით (იმხანად ის უკვე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახლდათ), ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც მას შემდეგ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. 2012 წლიდან ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ეწყობა ასევე ოთხი წლის ინტერვალით.

ჰოლანდია ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ორჯერ უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს: 1993 წელს შეჯიბრება ვალკენსვაარდში გაიმართა (სწორედ იქ შედგა საქართველოს გუნდის დებიუტი), 2013 წელს კი უტრეხტში.

XIII ფესტივალს 2015 წლის 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით თბილისმა უმასპინძლა. საქართველოს დედაქალაქს 50 ქვეყნის 3304 ათლეტი ესტუმრა. საზეიმო გახსნაზე ფესტივალის ისტორიაში პირველად 50 ქვეყნის სახელმწიფო დროშა აფრიალდა.

2019 წელს ევროპის XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს, 2021 წელს კი ტურნირი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება.

სამინისტროს პრესსამსახური

0.111386