სხვა

20:18 | 19.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯომარდობა: საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 4 აგვისტოს იწყება

ჯომარდობაში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოყვარულთა შორის 4 აგვისტოს დაიწყება, გამარჯვებულები კი 15 ოქტომბერს გამოვლინდებიან. ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.

საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ახალი პროექტია. ის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.

ჩემპიონატში 18-დან 29-წლამდე ასაკის 6 ათასამდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად გაიმართება, მონაწილეთა მგზავრობას კი თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველჰყოფენ.

„მაისის მიწურულს საქართველომ ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. პირადად დავესწარი ტურნირს და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან სასიამოვნო და საინტერესო სანახაობა. სპორტის ასეთი სახეობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას, რეგიონების გამოცოცხლებას და სპორტული ტურიზმის განვითარებას. სწორედ ამიტომ მივესალმებით ასეთ პროექტებს. ჩემპიონატს მცოდნე ხალხი ატარებს და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩინებულად ჩაივლის. მონაწილეებს და საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„როდესაც კონკრეტულ ღონისძიებაში 6 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, სამართლიანია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ჯომარდობის ფედერაციას საკმაო გამოცდილება აქვს საიმისოდ, რომ ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მსურს მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას ამ წამოწყების მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ჯომარდობის ფედერაციის ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტთა კითხვებს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ არჯევანიძემ უპასუხეს.

საორგანიზაციო კომიტეტის თქმით, ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, თითო საშეჯიბრო დღეს კი 32 გუნდი იასპარეზებს. ჩემპიონი რამდენიმე დაშვების ჯამში გამოვლინდება. ტურნირი გრძელ და მოკლე დისტანციებზე გაიმართება.

სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118818