ფეხბურთი

20:10 | 17.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურბან გურბანოვი: "სამტრედიის" ასეთი ანგარიშით დამარცხება არ მინდოდა"

“სამტრედიასა” და “ყარაბაღის” მატჩის წინ, სტუმართა გუნდის თავკაცმა გურბანოვ გურბანოვმა პრესკონფერენცია გამართა. აზერბაიჯანელი სპეციალისტი ხვალ რთულ თამაშს ელოდება. მისი თქმით, პირველ მატჩში “სამტრედიას” ასეთი ანგარიშით მარცხი არ დაუმსახურებია.

“ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები. ამ სტადიონზე ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რადგან ამ არენას დიდი საფეხბურთო ისტორია გააჩნია. მე ვნახე სტადიონის ფოტო გალერეაში, რომლებიც აქაა გამოფენილი და ეს ნათლად ასახავს თუ რა დონის მოთამაშეებს უთამაშიათ აქ.

რაც შეეხება თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ ბაქოში გამართული თამაში დიდი ანგარიშით მოვიგეთ, საკმაოდ სერიოზულად მოვემზადეთ ხვალინდელი მატჩისთვის. საკმაოდ რთული შეხვედრა გველოდება წინ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩი უფრო აგრესიული იქნება, ვიდრე ერთი კვირის წინ. ბაქოშიც აღვნიშნე, “სამტრედია” თავისებური ხასიათის მქონე გუნდია, რომელსაც არ უყვარს დამარცხება. “სმატრედიას” ფეხბურთელები ყოველი გაშვებული გოლის შემდეგ უფრო აგრესიულები ხდებობდნენ. ამიტომაც, ამ 6 დღის განმავლობაში საკმაოდ სერიოზულად მოვემზადეთ. ხვალინდელ მატჩში ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ და გულშემატკივრები იყვნენ კმაყოფილები. “სამტრედიას” კი წარმატებებს ვუსურვებ.

ზოგჯერ ფეხბურთში ხდება ასეთი რამ – დიდი ანგარიშით აგებ, მაგრამ არ იმსახურებ. სიმართლე რომ გითხრათ, “სამტრედიას” ასეთი ანგარიშით დამარცხება არ მინდოდა. გუნდის თამაშიც სტრატეგია კარგად იყო მოწყობილი და ჩემში საკმაოდ დიდი სიმპათიები დატოვა. მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ყოველთვის იყო მეგობრული ურთიერთობა, მათ შორის, საფეხბურთო კლუბებს შორის. საბჭოთა კავშირის დროსაც თბილისის “დინამოსთან” საკმაოდ კარგი თამაშები იყო. რამდენიმე წლის წინ გვქონდა ქართულ გუნდთან თამაში და ახლა გვაქვს. ჯერ არ ვიცით რა იქნება, ხვალინდელ მატჩში, მაგრამ თუ ამ ორი ქვეყნის ჩემპიონატს შევადარებთ, საქართველოში ბევრი ცვლილება მოხდა და ამან ალბათ იქონია გავლენა, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით. მინდა ვთქვა, რომ ჩვენც დავდექით ასეთი ფაქტების წინაშე. არიან აზერბაიჯანში კლუბები, რომლებიც ახლა უფრო დაბალ დონეზე არიან, ვიდრე ხუთი წლის წინ მაგალითად. საქართველოს კი ბევრი ლეგიონერი ფეხბურთელი ჰყავს – შესაბამისად, ყოველ წელს ხდება ცვლილებები და ეძებენ ახალ სისტემას. საქართველოში ლეგიონერების რიცხვიც დაბალია,რაც ფინანსებს უკავშირდება. დღეს, აზერბაიჯანში ორი გუნდია, “ყარაბაღი” და “გაბალა”, რომლებიც ამ კუთხით უფრო კარგ მდგომარეობაში არიან. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს დღევანდელი განსხვავების მიზეზი. თუმცა, ვიმეორებ, არ ვიცით, ხვალინდელი მატჩის შედეგი და ველოდებით რთულ თამაშს.

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს გუნდს ბევრი ნაკლი აქვს – უბრალოდ, არ მინდა, რომ დეტალები მოგიყვეთ, თუ რატომ არის ეს ნაკლი გუნდში. ერთ-ერთი არის ის, რომ გვაკლია გუნდური თამაში და ამაზე ვმუშაობთ, რომ აღმოიფხვრას. ვცდილობთ, რომ იმდენად შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, რამდენადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ვთხოვთ ფეხბურთელებს, რომ შუეტიონ, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია, მათ დაცვაშიც ითამაშონ გამართულად. ვეცდებით ვითამაშოთ დაბალანსებული ფეხბურთელები. რაც შეეხება შემადგენლობას, ძირითადი 11 ფეხბურთელი გამოვა მოედანზე.

მინდა აღვნიშნო, რომ “ყარაბაღი” აზერბაიჯანის გუნდია ამიტომაც, ამ გუნდში და ნებისმიერ აზერბაიჯანულ გუნდში გავაკეთებ იმას, რაც ქვეყანას მაქსიმალურად კარგად წარმოაჩენს. ეს არის ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც მაკისრია ჩემი ქვეყნის წინაშე”, - განაცხადა გურბანოვმა.

“სამტრედიასა” და “ყარაბაღის” შეხვედრა 18 ივლისს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება. აქვე შეგახსენებთ, პირველი მატჩი ბაქოში “ყარაბაღმა” 5:0 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117866