ფეხბურთი

22:04 | 8.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრო U19: საქართველო ნახევარფინალს მიღმა

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. გიორგი ყიფიანის გუნდს ჩეხეთთან აუცილებლად მოსაგები თამაში ჰქონდა, მაგრამ წააგო – 0:2.

ორი კუთხური და ორი გოლი – ყველაფერი მარტივმა ეპიზოდებმა გადაწყვიტეს, სადაც ქართველი ფეხბურთელები რბილად, რომ ვთქვათ, ცუდად გაისარჯნენ. ჯერ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მიხალ სადილეკმა ჩააწოდა კუთხური ანდრეი შაშინკას კი, რატომღაც არავინ იყვანდა. ტანმაღალ ფორვარდს კი გატანა აღარ გასჭირვებია. იგივე რამ 71-ე წუთზეც განმეორდა: კუთხური ისევ სადილეკმა მოაწოდა, ხოლო შორეულ ძელთან ლიბორ ჰოლიკი იყო ჩასაფრებული. მახვილი კუთხის მიუხედავად გოლი მაინც გაიტანა. ისე, საინტერესოა, რომ ჰოლიკი უმეთვალყურეოდ კარგა ხანს გახლდათ და რატომ არავინ აიყვანა, ცალკე საკითხია... ვერც მეკარე გაისარჯა მთლად კარგად, რადგან აუღებელი ბურთი ნამდვილად არ ყოფილა.

ჰოლიკმა გოლი ემოციურად აღნიშნა, რაც ბუნებრივი იყო, თუმცა ამან სტადიონზე არაეულობა გამოიწვია. ტრიბუნებიდან ბოთლების კასკადი წამოვიდა ჩეხი ფეხბურთელების მისამართით. შეხვედრის დანიელი არბიტრი საქმეში ჩაერია და ტრიბუნებიდან ნასროლი ნივთი თავში მოხვდა! შეხვედრა შეწყდა, 10 წუთის შემდეგ განახლდა, მაგრამ თვითონ ფაქტი ნამდვილად დასაგმობია. არანაირი გამართლება იმ გულშემატკივრების საქციელს არა აქვს – სანქციები კი, დიდი ალბათობით იქნება.

მატჩის განახლებას კი, შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. გიორგი არაბიძეს რამდენიმე საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ გიორგი მხოლოდ ინდივიდუალურად ამწვავებდა თამაშს და ისიც ვთქვათ, რომ თანაგუნდელთაგან მხარი ვერავინ აუბა.

ასე დასრულდა საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი – ჯგუფში მესამე ადგილით. პლეი-ოფში კი პორტუგალია და ჩეხეთი გავიდნენ. მათი მეტოქეები ხვალ გაირკვევა.

ჩეხეთი – საქართველო 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 შაშინკა (45), 2:0 ჰოლიკი (71)

0.117022