სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

14:30 | 8.07.2017 | ნანახია 1496 - ჯერ

ცოტნე

გასულ ხუთშაბათს თბილისში კიდევ ერთი საუკეთესი ახალგაზრდა მივაბარეთ მიწას. 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილი თბილისის ზღვასთან ახლოს მდებარე წყალსაქაჩში დაიხრჩო. ცოტნე და მისი მეგობრები იმ საშინელ და დაწყევლილ ადგილზე მხოლოდ საბანაოდ არ იყვნენ მისულები. ეს ბიჭები სპორტის სულ ახალი სახეობით - პარკურით იყვნენ გატაცებულები და იმის გამო, რომ თბილისში ვარჯიშის საშუალებები არც ისე დიდია, თავად ეძებდნენ და პოულობდნენ ადგილებს, სადაც სპორტული ილეთების გაკეთებას შეძლებდნენ. ერთ-ერთი საბედისწერო ასეთი ადგილი თბილისის ზღვის ტერიტორია აღმოჩნდა.

ვინც არ იცით, გეტყვით, რომ პარკური არის დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვის და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება. აქ ადამიანი სძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს, სახლებს და ა. შ) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთანავე, ის დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. ხოლო ტრეისერი არის ადამიანი, რომელიც „პარკურობს“ და ებრძვის ქალაქურ ჯუნგლებს. პარკური სპორტული დისციპლინაა და ადამიანს შეუძლია, გამოიყენოს ნებისმიერი სიახლე გადაადგილებაში ექსტრემალურ სიტუაციაში.

ცოტნე ცქიტიშვილი მრავალმხრივი ბიჭი იყო და პარკურის გარდა მრავალი ინტერესიც ქონდა. უყვარდა წიგნის კითხვა (რაც მის თაობაში, სამწუხაროდ, იშვიათობად იქცა), თავად წერდა მოთხრობებს (ერთ-ერთი მისი მოთხრობა რამდენიმე წლის წინ თბილისის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში პირველ ადგილზე გავიდა), მამამისთან და მამის მეგობრებთან ერთად უვლიდა ვენახს და ვაზს, იყო მოხალისე გარემოსდამცველი და ძალიან სწუხდა, რომ თბილისში - მის ქალაქში სიმწვანისა და ბუნების ადგილს უზარმაზარი და უსახური კორპუსები იკავებდა. ცოტნე იყო ის მომავალი, რაც ყველა ჩვენგანმა ასე უაზროდ დავკარგეთ და ახლა, როდესაც ეს საშინელება უკვე მომხდარია, ნამდვილად ღირს ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე და ის პრობლემებიც წამოვწიოთ, რაც წესით ადრეც უნდა გვეთქვა.

ქალაქის მესვეურები ცოტნეს მამას დაპირდნენ, რომ მიიღებენ ზომებს და საშინელ ადგილზე, სადაც ეს ბიჭი დაიღუპა, დაწესდება კონტროლი, რათა მომავალში აღარავინ შეიპაროს და არ შეუქმნას საფრთხე საკუთარ სიცოცხლეს. როგორც გაირკვა, იმ ადგილზე ადრეც არაერთი ადამიანია დაღუპული და ის სასაკლაო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიგმანოს.

გარდა ამისა, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ თბილისშიც და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც, ახალგაზრდებს არა აქვთ საშუალება, რათა ნორმალურ ვითარებაში და პირობებში ითამაშინ და ივარჯიშინ და თავად იგონებენ ხშირად სიცოცხლისათვის წარმოუდგენელ გასართობს. ახალგაზრდებს სჭირდებათ ხარისხოვანი და სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სპორტული დარბაზები თუ სათამაშო მოედნები, სადაც ადამიანები სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე ივარჯიშებენ და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან იაფი, ანდა სულაც სრულიად უფასო. ამაზე მნიშვნელოვანში რაში უნდა დაიხარჯოს ჩვენი გადასახადებისგან აგროვებული ფული?

აი, ახლაც, ვუყურებ ცოტნეს ფოტოს და ვფიქრობ: გვყავს ჩვენ დასაკარგი ცოტნესნაირი საუკეთესო ახალგაზრდები?!.. გვქონდა ცოტნეს დაკარგვის უფლება?..

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 4
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.074686