ფეხბურთი

22:58 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მწარე გაკვეთილი სლოვაკებისგან

ევროპის ლიგის განმეორებით შეხვედრას ქუთაისში დიდი ინტერესით ელოდნენ და „პატარა სასწაულის“ იმედი ჰქონდათ. სლოვაკეთში განცდილი მარცხის შემდეგ ქომაგებს გაორებული გრძნობა გაუჩნდათ და მათ დიდ ნაწილში მარცხის ძირითად მიზეზად ბუნებრივია 16-საათიანი მომქანცველი მგზავრობა დასახელდა. საქართველოს თასის მფლობელებისგან გულშემატკივრები თავდადებულ თამაშს და მონდომებას ითხოვდნენ.

იდეალური სათამაშო ამინდით დაუხვდა ქუთაისი სლოვაკებს. მატჩამდე ერთი საათით ადრე მცირე წვიმა წამოვიდა და თითქმის მთელი პაექრობის მანძილზე ჟინჟლავდა. ამან კიდევ უფრო ააგრილა ჰაერი და ფეხბურთელებსაც უფრო კომფორტულ გარემოში მოუწიათ ასპარეზობა.

შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და გუნდები დებიუტშივე შეეცადნენ ბურთზე კონტროლის დაწესებას. ამ კუთხით უფრო მოწადინებულნი ქუთათურები იყვნენ, რომელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა 4-2-3-1 სათამაშო ტაქტიკას მიმართა. ცენტრალურ მცველებად „ტორპედოს“ თავკაცმა ხურცილავა და გურული განამწესა, ფლანგებზე კი ტაბატაძე და ქიმაძე ირჯებოდნენ. საყრდენებად გიგაური და ხურციძე მოქმედებდნენ, ხოლო ფლანგებიდან დოლიძე და ტუღუში უტევდნენ. მათზე ოდნავ წინ კუხიანიძე ირჯებოდა, ხოლო ფორვარდად კაპანაძე. რაც შეეხება სლოვაკებს მათ 4-5-1 ტაქტიკით არჩიეს თამაში. დაცვაში კლოსტერი-კლეშჩიკი-ლაურენსე-სკოვაისას კვარტეტი ირჯებოდა. საყრდენებად მაჰდი და ზუბაირუ მოქმედებდნენ, მათზე წინ კი უბბინკი იყო გამწესებული. ფლანგებზე გონგი და ბერიძე თამაშობდნენ, ხოლო ცენტრალურ ფორვარდად მანსე მოქმედებდა.

სადებიუტო წუთებში მასპინძლებმა შეძლეს სახიფათო მომენტის შემნა. მე-9 წუთზე დოლიძე-ტაბატაძე-ტუღუშის სამსვლიანი კომბინაცია გრიგოლ დოლიძის ოსტატური დარტყმით დასრულდა, მაგრამ სლოვაკთა კარის დარაჯმა ჩოვანმა დიდებული რეაქცია გამოავლინა და ეფექტურ ნახტომში შეძლო საკუთარი კარის გადარჩენა. ამას მოჰყვა ზედიზედ სამჯერ ჩამოწოდებული კუთხური ტრენჩინელ;თა კართან, მაგრამ უშედეგოდ.

რამდენიმეწუთიანი მშრალი პერიოდის შემდეგ ქიმაძემ შეუტია ძალზე სახიფათოდ ჩოვანის დასაცავ ობიექტს. რიონისპირელთა მარცხენა მცველის ცაციათი „გასროლილი“ ჩოვანიმ ფეხით გაჭირვებით მოიგერია. ამას კი მოჰყვა 21-ე წუთზე ერთი შეხედვით მოულოდნელი გოლი ქუთაისელთა კარში, რომლის დროსაც დიდებულად გაისარჯა სლოვაკთა მარჯვენა ფლანგელი გონგი. სტუმრებმა ძალიან სწრაფად გადაიტანეს ბურთი მეტოქის ნახევარზე და გონგს გადააწოდეს. ნიგერიელმა ლეგიონერმა უსწრაფესად ჩაუქროლა მეურვეებს და მოწინააღმდეგის საჯარიმოს მიახლოებულმა ისე ძლიერად და ოსტატურად გაისროლა, კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა. ტორპედოელთა კიპერის თავგანწირული ნახტომი ამაო გამოდგა - 0:1.

გაშვებულმა გოლმა ბუნებრივია არასასურველად იმოქმედა ქუთათურთა თამაშზე და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, რომლებმა რამდენიმეჯერ გააკეთეს შეტევების მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. მასპინძლებმა მალევე შეძლეს ძალების გამონახვა და სახიფათოდ შეუტიეს მოწინააღმდეგეს. ჯერ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს ტორპედოელებმა და ქიმაძემ ბოლო პასი ვეღარ გააკეთა დროულად, თორემ თანაგუნდელს მეკარესთან პირისპირ ტოვებდა. 35-ე წუთზე დოლიძე ახვევდა კუთხურს, რომელიც ჩოვანმა გაჭირვებით მოიგერია. დამატებაზე კაპანაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ ქუთაისელთა ფორვარდის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ და სიტუაციაც განიმუხტა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებს სლოვაკების კონტრშეტევა გაეპარათ, რომელიც მანსეს ძლიერი დარტყმით დასრულდა მახვილი კუთხიდან, თუმცა კვასხვაზე ადგილზე დაუხვდა დარტყმულს და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმი მასპინძელთათვის არასასურველად დაიწყო. 49-ე წუთზე ქუთაისელი მეკარი და მცველების გაუაზრებელი ქმედებების წყალობით სლოვაკთა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ ძალიან იოლი ბურთი გაიტანა - 0:2.

ორბურთიანმა ჩამორჩენამ პრაქტიკულად ყველა იმედი გააქრო. 64-ე წუთზე სლოვაკებმა კიდევ ერთხელ აიღეს ქუთაისელთა კარი. ამჯერადაც თავი ნიგერიელმა ლეგიონერმა გონგმა გამოიჩინა, რომელმაც ისევ საჯარიმოს გარედან, ოღონდ ამჯერად ცაციათი კვასხვაძეს მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა - 0:3.

დარჩენი დროში პრაქტიკულად არანაირი ინტრიგა თამაშში აღარ დარჩა. სლოვაკები ძალიან მარტივად და სწორად მოქმედებდნენ. მათ ამის წყალობით არც უჭირდათ ქუთაისური დაცვის ბარიერების გადალახვა. ფაქტია, რომ ევროპელებმა კლასიკური გაკვეთილი ჩაგვიტარეს და კარგად დაგვანახეს, რომ თამაშის ორგანიზაციით და ფიზიკური მომზადებით ჯერაც საკმაოდ შორს ვართ საშუალო ევროპულ დონესთანაც კი.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.

მარტინ შეველა: "მეტოქისგან აშკარად მეტს ველოდით. მართალია თავიდან "ტორპედო" დომინირებდა, თუმცა გოლის გატანის შემდეგ თამაში ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. მცირე ჩავარდნის მიუხედავად, "ტრენჩინი" მეტოქეს სჯობდა."

კახა ჩხეტიანი: "მარცხს ჩემ თავზე ვიღებ. გოლის გაშვების შემდეგ კარგად თამაში ვეღარ მოვახერხეთ. ვეცდებით საქართველოს ჩემპიონატში კარგი ასპარეზობა გავაგრძელოთ და შემდეგი წლისთვის ევროტურნირის საგზური კვლავ მოვიპოვოთ."

ტორპედო-ტრენჩინი 0:3 (0:1)

6 ივლისი. 21:00. ქუთაისი. ევროპა ლიგა. „რამაზ შენგელია“. 4200 მაყურებელი

„ტორპედო“: კვასხვაძე, ხურცილავა (ადამაძე, 65), გურული, ტაბატაძე, ქიმაძე, გიგაური, ხურციძე (მამასახლისი, 46), კუხიანიძე, ტუღუში (კვირკვია, 57), დოლიძე, კაპანაძე.

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

„ტრენჩინი“: ჩოვანი, სკოვაისა, ზუბაირუ, კლოსტერი (შულეკი, 76), ბერიძე, კლეშჩიკი, უბბინკი, ლაურენსე (ჟულიენი, 81), გონგი, მანსე (ჩატაკოვიჩი, 68), ელ მაჰდი.

მთავარი მწვრთნელი: მარტინ სეველა

არბიტრი: მარიო ზებეცი (ხორვატია)

გოლი: 0:1 გონგი (21), 0:2 ბერიძე (49), 0:3 გონგი (64).

გაფრთხილება: მანსე (42) დოლიძე (86) ბერიძე (88) გონგი (90).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127122