ფეხბურთი

11:20 | 6.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

რთული, მაგრამ არა - შეუძლებელი

ბათუმის "დინამომ" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 0:1 წააგო პოლონურ "იაგელონიასთან" და სტუმრად შეეცდება გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება და მეტოქე აშკარა ფავორიტია წყვილში, მაგრამ არა გვგონია, ბათუმელები გავარდნას შეგუებულნი იყვნენ.

ბათუმელებმა გუშინ ბიალოსტოკის "მაიესკის" სტადიონზე ივარჯიშეს. რა თქმა უნდა, პრესკონფერენციაც გაიმართა.

კონსტანტინ ფროლოვი (ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი): "საქართველოსგან განსხვავებული ამინდი დაგვხვდა. წვიმდა და ციოდა. ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ და დადებითი შედეგით დავასრულოთ მატჩი. თუ მაქსიმუმს გავიღებთ, ეს შესაძლებელი იქნება. გუნდში საბრძოლო განწყობაა".

ელგუჯა გრიგალაშვილი (ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველი): "მოსაგებად ჩამოვედით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათაAშემდგომ ეტაპზე გავიდეთ. მჯერა, რომ შანსი გვექნება".

ირინეუშ მამროტი ("იაგელონიას" მწვრთნელი): "გუნდი მოტივირებულია. ვფიქრობ, სრულად მოტივირებულნი ვართ და იმედია, შემდგომ ეტაპზე გავალთ".

ერთ-ერთმა პოლონელმა ჟურნალისტმა ასეთი შეკითხვა დასვა: - ითამაშებენ თუ არა ის ფეხბურთელები, რომლებმაც ბათუმში გაფრთხილება მიიღეს? ხომ არ დაასვენებთ მათ?

ბუნებრივია, ეს მეტოქისადმი უპატივცემულობას გამოხატავდა. "იაგელონიამ" მოიგო არა 5:0, არამედ 1:0. და დიდი ანგარიშითაც რომ მოეგო, თავად განსაჯეთ, რამდენად კორექტული შეკითხვა იყო.

პოლონელთა მწვრთნელმა ლოგიკური პასუხი გასცა: "არ გვაქვს იმის უფლება, რომ უკვე შემდგომ ეტაპზე გასულებად ჩავთვალოთ თავი".

მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

0.114764