ფეხბურთი

0:07 | 4.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის ლანდი და ბრწყინვალე ჰოლანდია

ვინ მოელოდა ასეთ ანგარიშს? პირველი ტაიმის მერე, ალბათ, არავინ. თანაც, მეორე ნახევარი გერმანელთა საუკეთესო ფეხბურთელის, აინტრახტელი ბარკოკის გოლით დაიწყო. თუმცა ამის მერე ჰოლანდიელთა სოლო ვიხილეთ - ტრადიციული მოკლე-მოკლე პასები და საჯარიმოს მიახლოებისას აფეთქებები. საბოლოოდ, მაარტენ სტეკელენბურგის გუნდმა 4:1 იმარჯვა.

იოელ პირო - ჰეთ-თრიქი მიითვალა ჰოლანდიელთა ცხრიანმა. პსვ-ის ახალგაზრდული გუნდის სურინამული წარმოშობის თავდამსხმელს მეორე ნახევარში ყველაფერი გამოსდიოდა. ტიპიური ფორვარდული გოლებიც გაიტანა და სიღრმიდან თამაშშიც მაგარი იყო.

ასევე გამოვარჩევდით აიაქსელ ნახევარმცველ დანი დე ვიტს. შეიძლება ითქვას, სწორედ დე ვიტი იყო გუნდის ტვინი. დაცვის ლიდერად კი არმანდო ობისპო მოგვევლინა.

პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მეორე ნახევარში კი ჰოლანდიამ აშკარად დაჯაბნა გერმანელები. რის ხარჯზე? უპირველესად, უფრო ძლიერი ინდივიდუალისტებითა და სისწრაფით. შეტევაში პატარა "ნარინჯისფერები" გაცილებით მეტ ფანტაზიას აქსოვდნენ, მწვავე პასებით აბნევდნენ მეტოქეს და აკი, ხშირ შემთხვევაში გერმანელთა დაცვა და ნახევარდაცვა უმწეო მდგომარეობაში ვარდებოდა.

მიუხედავად ამისა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ გერმანია უკვე დარჩა ჯგუფში... წინ აქვს ორი მატჩი და სავარაუდოდ, მოუმატებს. ჰოლანდია კი, ჯერჯერობით, ამ ჩემპიონატის საუკეთესო ნაკრებად მიგვაჩნია. ეს ჯერჯერობით. როგორ შეიცვლება სიტუაცია, არავინ იცის.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. B ჯგუფი

თბილისი. "დავით პეტრიაშვილის" სახელობის სტადიონი.

გერმანია - ჰოლანდია 1:4 (0:0)

გერმანია: ბანსენი, ბუსამი (ბაკუ 82), გოკჰან გული, ჩაბო, გაიგერი, კოლერტი, ბარკოკი, ფრიდე, ამენიედო, ჰაკი (რაუმი 75), საგლამი (ვარშევსკი 77)

მწვრთნელი: ფრანკ კრამერი

ჰოლანდია: ბილოუ, დეკერი, ობისპო, კაროლინა, დე ვიტი, კოპერმაიერსი, პირო, ბაკბურდი, ნანელი (ლანგი 80), დიროსუნი (კონგოლო 90+2), კადიოღლუ (გროტი 85)

მწვრთნელი: მაარტენ სტეკელენბურგი

გოლები: 1:0 ბარკოკი (46), 1:1 პირო (49), 1:2 პირო (55), 1:3 პირო (79), 1:4 გროტი (90)

მსაჯი: კრისტოფენსენი (დანია)

0.212977