ძიუდო

11:38 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბახბახაშვილის ევროტრიუმფი: ოქრო ლიტვიდან

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა მიხეილ ბახბახაშვილმა ვილნიუსში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა საჩემპიონო გზაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე სუფთად მოიგო.

ფინალამდე ბახბახაშვილმა პორტუგალიელი პედრუ კოშტა, უკრაინელი სტანისლავ სემკოვი, ბულგარელი მარკ ხრისტოვი და რუსი დმიტრი პრიდირა ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი აზერბაიჯანელ ნიაზ მაჰმუდლუს აჯობა.

ორდღიანი ინდივიდუალური ევროპირველობის პირველ დღეს საქართველოს დროშის ქვეშ ევროკონკურენციაში ლუკა კაპანაძე (55 კგ), გიორგი კაპანაძე (60 კგ), სალომე ბლიაძე (48 კგ), მარიამ მაზანაშვილი და ეკატერინე ტატუნაშვილიც (ორივე 52 კგ) ჩაებნენ, მაგრამ საპრიზო სამეულები მათ გარეშე შეივსო.

დღეს, გოგონათა და ვაჟთა შორის მედლების დარჩენილი ოთხ-ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი ტატამზე გავლენ ლაშა ბექაური (73 კგ), გოჩა ღვაჩლიანი, ილია სულამანიძე (ორივე - 81 კგ), მიხეილ ბექაური, გიორგი კარიაული (ორივე 90 კგ), ალექსი სვიანაძე, ლევან ჭელიძე (ორივე +90 კგ), თინათინ რევაზიშვილი (57 კგ), ინდირა სილაგაძე, მარიამ ჭანტურია (ორივე 63 კგ), სოფიო სომხიშვილი და სალომე მაყიშვილი (ორივე - +70 კგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124119