ავტოსპორტი

3:17 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ფორს ინდია“ სახელს იცვლის

ფორმულა 1-ის სამყარო დიდი ხანია, მიეჩვია გუნდს სახელად „ფორს ინდია“. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ გუნდს „ჯორდანი“ ერქვა, ის ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა. ძველი სახელით ოთხი რბოლა აქვს მოგებული და ერთხელ (1999 წელს) კონსტრუქტორთა თასი მესამე ადგილზე დაასრულა.

ინდური გუნდი, რომელიც ბრიტანულ სილვერსტოუნზეა ბაზირებული, „ჯორდანის“ ტრადციას აგრძელებს და თანდათან სულ უფრო მაღალ შედეგებს აღწევს. და მართალია, გამარჯვება ჯერ არ აქვს მოპოვებული, მაგრამ მიმდინარე სეზონში მყარად უკავია მეოთხე ადგილი. და ფინანსურად ისევე უზრუნველყოფილი რომ იყოს, როგორც ცხრილში მასზე მაღლა მყოფი გუნდები, გაცილებით მეტსაც მიაღწევდა.

ფინანსები სპონსორების სიმრავლეზეა დამოკიდებული, რომელთა მოზიდვაც, ახლანდელი სახელით ძნელი გამოდგა. თავის დროზე, როცა ვიჯეი მალიამ ფ1-ის გუნდი (სპაიკერი) იყიდა, მას „ფორს ინდია“ იმ მარტივი მიზეზით დაარქვა, რომ ასე ინდური კომპანიების სპონსორებად და პარტნიორებად მოზიდვას იმედოვნებდა. მაგრამ ამჟამად მას ინდურ სასამართლოსთან აქვს პრობლემები და ბუნებრივია, ასეთ პარტნიორთან საქმის დაჭერას დიდი ბიზნესი ერიდება. პარალელურად, გუნდს უჭირს არაინდოელი სპონსორების მოზიდვას, რადგან ამ ქვეყნის ბაზარი ბევრისთვის ჯერაც არაა საინტერესო.

ვარდისფერი „სამოსი“, რომელში გამოწყობილიც „ფორს ინდიას“ მანქანები მიმდინარე სეზონში ასპარეზობენ, ინდურ საფუძვლებთან დაშორების ერთ-ერთი პირველი რეალური ნაბიჯი იყო. მალე კი გუნდი სახელსაც შეიცვლის. ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მალე გუნდს „ფორს ვან“ დაერქმევა. მას უკვე დარეგისტრირებული აქვს რამდენიმე სახელი - „ფორს ვან გრან პრი“, „ფორს ვან რეისინგ“, „ფორს ვან ტიმ“, „ფორს ვან ტექნოლოჯიზ“, „ფორს ვან ჰოსპიტალიტი“ და „ფორს ვან ბრენდ“. ეს სახელები თირუვანნამალაი ლასკშიმი კანთანმა დაარეგისტრირა, ვინც ვიჯეი მალიას ძველი პარტნიორია.

გუნდისთვის სახელის შეცვლას ადასტურებს მისი ახლანდელი შეფი ოტმარ შაფნაუერი, ვინც „ფორს ინდიას“ მალიას არყოფნისას უძღვება. ის ამბობს, რომ ახალი სახელის შერჩევისას ფიქრობდნენ იმაზე, რომ ის „ფორს ინდიასთან“ დაკავშირებული უნდა ყოფილიყო და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აღარ უნდა შეიცვალოს. თუნდაც გუნდს მფლობელი შეეცვალოს.

იმისათვის, რომ გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატში გამოსვლა ახალი სახელით გააგრძელოს, ფ1-ის კომისიის თანხმობაა საჭირო. ეს ძნელი იქნებოდა ბერნი ეკლსტროუნიუს შეფობისას. მაგრამ ახლა ფ1-ის კომერციულ უფლებათა ახალი მფლობელის ხელში, იოლად გადაწყდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117095