ფეხბურთი

1:01 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩამოვრჩით

ავსტრიელებმა ერთადერთი გოლი დებიუტში გაიტანეს მშვენიერი კომბინაციით. სამწუხაროდ, ასეთი გოლი ქართული კლუბების მონაწილეობით სანატრელია. ჩვენთვის ასეთი სწრაფი და დამუშავებული კომბინაციები ისეთივე უცხოა, როგორც ჩინური ენა.

თითქოს ჩვეულებრივი, სწრაფი, ერთ შეხებაში გაკეთებული პასები იყო, ბოლოს თავდამსხმელს მიუვიდა ბურთი და 0:1.

ჩვენ კი ძალიან ჩამოვრჩით თანამედროვე ფეხბურთს. დარწმუნებულნი ვართ, ინდივიდუალურად, დიმიტრი ტატანაშვილი "ალტახის" თავდამსხმელებს აჯობებდა. გიორგი განუგრავამაც პირველ ტაიმში რამდენჯერმე მწვავე შეტევა დაიწყო, მაგრამ ჯამში რა გამოვიდა? არაფერი, შეტევა იფუშებოდა, რადგან არ იყო გუნდური მოქმედება.

და Worldsport.ge-მ ნამატჩევს ეს შეკითხვა დაუსვა სოსო ფრუიძეს: "ჩვენ რატომ არ შეგვიძლია გახსნა, უბურთოდ თამაში? ეს ისწავლეს ფარერებზე, მალტაზე, ლუქსემბურგში. ცუდად აკეთებენ, მაგრამ აკეთებენ. ჩვენთან ეს რატომ არ ისწავლება?".

აი, ფრუიძის პასუხიც: "სწორედ ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვა. გია გეგუჩაძე 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია და ისიც კი ამბობს, ტაქტიკურად განათლებული ფეხბურთელების მწარე დეფიციტიაო. ეს ყველაფერი ბავშვთა ფეხბურთიდან უნდა მოდიოდეს, უმაღლეს ლიგაში ანა-ბანა არ უნდა ისწავლებოდეს. არიან მწვრთნელები, რომლებსაც სურთ ამაზე მუშაობა და სწავლება, მაგრამ მათ არავინ უსმენს".

ფრუიძეს ნამდვილად არ ვაბრალებთ ამ მარცხს და საერთოდ, ერთ კაცზე გადაბრალება არასერიოზულია, როცა ფრუიძეზე გაცილებით სახელიანი მწვრთნელების ხელშიც კი ვერ უთამაშიათ ქართველებს თანამედროვე ფეხბურთი.

მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ, 20-25 წუთის განმავლობაში "ჩიხურა" აქტიურობდა და შეძლო გაეთანაბრებინა კიდეც, მაგრამ სამი ნახევარმომენტიდან ვერცერთი ვერ დასრულდა გოლით. გიორგი კორიფაძემ ააცილა. ტატანაშვილის თავურიც ოდნავ არაზუსტი გამოდგა და მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთ შედარებით გააზრებულ კომბინაციას მოჰყვა მიხეილ სარდალიშვილის დარტყმა - მცველები გადაეღობნენ.

მეორე ტაიმში "ჩიხურას" საგოლე შანსი არ ჰქონია.

წლები გადის, ფეხბურთი (გვინდა თუ არ გვინდა) ჭადრაკს დაემსგავსა, გათვლილია სვლები. ჩვენთან კი, რა გახსნა, რის უბურთოდ თამაში, რომელ თანამედროვე ელემენტებზეა საუბარი.

ევროპა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

29 ივნისი. 20:00. თბილისი. "დინამო არენა"

ჩიხურა (საჩხერე, საქართველო) - ალტახი (ავსტრია) 0:1 (0:1)

ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე, ჭელიძე (ფონიავა 67), განუგრავა, გორგიაშვილი (გაბდავა 83),სარდალიშვილი, გელაშვილი (დეკანოიძე 71), ტატანაშვილი

ალტახი: კობრასი, საკიჩი, ზეხი, ნეცერი, გალვაო, პისინგერი, გებაუერი (ნგამალუ 63), სოლომონი, ნგუატ-მაოპი, ნუტცი (დობრასი 83), აიგნერი (გრბიჩი 73)

გოლი: 0:1 ნგუატ-მაოპი (4)

გაფრთხილება: კაშია (39), ჩიკვაიძე (47), კაკუბავა (77), გალვაო (90)

მსაჯი: პაპირი (ისრაელი)

სტატისტიკა

ბურთის ფლობა %: 48-52, დარტყმა: 6 (2) - 6 (4), კუთხური: 4-1, თამაშგარე: 1-2, ჯარიმა: 12-18

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.362249