ფეხბურთი

10:30 | 29.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ჩიხურას“ მეოთხე ევროპული ცდა

საჩხერის „ჩიხურა“ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს, ავსტრიულ „ალტახთან“ თამაშით ჩაერთვება. საჩხერელებს სწორედ ავსტრიული ბარიერის დაძლევა მოუწევთ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში თუ სურთ.

სოსო ფრუიძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეტოქე შეაქო და აღნიშნა, რომ ძლიერი, ორგანიზებული გუნდია. თუმცა, იქვე დასძინა, „ალტახსაც“ აქვს სუსტი მხარეები და ვეცდებით საჩვენოდ გამოვიყენოთო.

თავის მხრივ, „ალტახის“ მთავარი მწვრთნელი კლაუს შმიდტი წყვილში ფავორიტად თავის გუნდს არ მიიჩნევს. მიზეზად გამოცდილება მოაქვს და თქვა, რომ „ჩიხურა“ ევროასპარეზზე უფრო გამოცდილია.

ეს, ერთი შეხედვით მართლაც ასეა - იმერლები მეოთხედ ერთვებიან ევროპა ლიგის გათამაშებაში. პირველ ორ ჯერზე საჩხერელებმა პირველი ეტაპი გადალახეს, ხოლო ერთხელ საერთოდ, ორი ბარიერი დაძლიეს და მათ შორის, თურქული „ბურსაც“ გამოთიშეს ასპარეზობას. აი, ერთი წლის წინ კი, კიშინიოვის „ზიმბრუსთან“ სტუმრად გამარჯვების შემდეგ (1:0), „ჩიხურა“ ყველასთვის მოულოდნელად შინ დამარცხდა (2:3) და ევროპა ლიგაზე გამოსვლა უკვალოდ დაასრულა.

„ალტახი“ პატარა გუნდია და დიდი ტრადიციებითაც ვერ დაიკვეხნის. ამ გუნდის დებიუტი ევროპაში 2015-2016 წლების სეზონში შედგა, როდესაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პორტუგალიურ „ვიტორიას“ ადვილად აჯობა, თუმცა პლეი-ოფში „ბელენენსეშთან“ ვერაფერს გახდა და ჯგუფურ ეტაპს, სადამდეც ერთი ნაბიჯი აშორებდა, ვერ შესწვდა. ასეთი მოკლე ისტორია გააჩნია ევროპულ ასპარეზზე „ალტახს“, თუმცა ფაქტია, რომ პროგრესირებადი გუნდია და ამაზე ის მეოთხე ადგილიც მოწმობს, რომელიც ბუნდესლიგაში დაიკავა.

უნდა აღინიშნოს, რომ „ალტახს“ 11 მარტის შემდეგ, როდესაც „მატერსბურგი“ 3:0 დაამარცხა, თამაში არ მოუგია - ჯამში 11 მატჩი.

ბუნებრივია, მეტოქეები ერთმანეთს არ იცნობენ - მეტიც, არც „ჩიხურა“ ავსტრიულს და არც „ალტახი“ ქართულ გუნდებს აქამდე არ შეხვედრილა. შესაბამისად, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება.

„ალტახზე“ ვთქვით და, განსაკუთრებით კარგ ფორმაში არც „ჩიხურაა“ - სოსო ფრუიძის შეგირდები ეროვნულ ლიგაში არცთუ ისე კარგად ირჯებიან და ორი წრის თავზე მეხუთე ადგილზე არიან. საჩხერელების მთავარი პრობლემა არასტაბილური თამაშია, რადგან ძირითადად, მოგებასა და წაგებას ერთმანეთს უნაცვლებენ. გუნდის ძირითადი ბირთვი კი, უცვლელია - ახალწვეული ფრუიძის გუნდის რიგებში მხოლოდ პაპუნა ფონიავაა. სხვათა შორის, ბატონმა სოსომ აღნიშნა, რომ მისი გუნდი გაცილებით უკეთ მოზადებული ხვდებოდა ევროტურნირებს, როდესაც საქართველოს ჩემპიონატი ძველ ფორმატზე იყო, ვიდრე ახალ, გაზაფხული-შემოდგომის ფორმატზე ხვდება. როგორც მანვე განმარტა, ამის მიზეზი უკვე იცის, თუმცა გასაჯაროვებისგან თავი შეიკავა.

გუშინ, „დინამო არენაზე“ ორივე გუნდმა ივარჯიშა. ტრადიციულად, მატჩისწინა ბოლო ვარჯიში უფრო მოთელვითი ხასიათის იყო და ტაქტიკური სქემების დამუშავებას დრო დიდად არ დათმობია. აქვე გეტყვით, რომ „ალტახს“ თბილისში ფანკლუბის 30-მდე წევრი ახლავს, რომლებიც გუშინ შუა ვარჯიშის დროს გამოჩნდნენ ტრიბუნებზე, მხურვალე შეძახელიბითაც გაამხნევეს საკუთარი გუნდი, ხოლო შემდეგ სტადიონი დატოვეს და ალბათ, ქალაქის დათვალიერებას დაუთმეს დრო.

აქვე, გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:

„ჩიხურა“ – „ალტახი“

თბილისი, „დინამო არენა“

დასაწყისი: 20:00 საათი

„ჩიხურა“: ჰამზიჩი, ჩიკვაიძე, კაშია, კაკუბავა, ჭელიძე, გრიგალაშვილი, დობროლოვსკი, კორიფაძე, გორიგაშვილი, სარდალიშვილი, ტატანაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

„ალტახი“: კობრასი; საკიჩი, გალვაო, ზეხი, შრეინერი, ნგამალუ, მაჰორი, ნეტცერი, სალომონი, მიულერი, აიგნერი

მწვრთნელი: კლაუს შმიდტი

მსაჯი: ერეზ პაპირი (ისრაელი)

0.164326