სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ბლოგი

11:59 | 25.06.2017 | ნანახია 693 - ჯერ

რაგბის მსოფლიო თასის ავჭალური მოგონებები

ამ სამი კვირის წინ, თბილისში ჩატარებული რაგბის ახალგაზრდული მსოფლიოს თასის გარშემო არსებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ. არც სტადიონზე შუქის ჩაქრობის სამარცხვინო ფაქტი გამოგვრჩენია და არც ის, რომ მთელმა ტურნირმა ფაქტობრივად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაიარა, რაც რა თქმა უნდა, არც მოსაწონია და როგორც ქართველებს – გულიც გვარიანად გვატკინა.

თუმცა, ეს ჩემპიონატი მხოლოდ დარდისა და კაეშნის ტურნირი ნამდვილად არ ყოფილა და სასიხარულოც ბევრი დაგვიტოვა. პირველ რიგში სასიხარულოა, მძიმედ დაწყების შემდეგ, ჩვენი ნაკრების გამოცოცხლება. საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ამ გუნდს მომავალი ნამდვილად აქვს და უიმედობა უბრალოდ არ გვეპატიება.

ჩვენი ახალგაზრდების მშვენიერი გამოსვლის ამბავზე არანაკლებად მნიშვნელვანი იყო მსოფლიო რაგბის ელიტის ყურადღება ჩვენი ქვეყნის მიმართ და ის თბილი კომენატრები, რაც სხვადასხვა სტუმარი გუნდების მწვრთნელებმა თუ მენეჯერებმა საქართველოს მისამართით გააკეთეს. ვის ვის და, ქართველებს სტუმართმოყვარეობა რომ არ დაგვეწუნება – ეს ყოველვარი ზედმეტობების გარეშე ყველამ ვიცით. ჩვენი სტუმრები განსაკუთრებით ქუთაისელების სტუმართმოყვარობას და სითბოს მოუხიბლავს. ბაგრატითა და სათაფლიით მოხიბვლაზე ადვილი კი დაგვეთანხმებით – არაფერია!

ხოლო ისინი, ვინც ავჭალაში და კონიაკის დასახლებაზე ცხოვრობენ, ალბათ არასოდეს დაივიწყებენ ნიკიტა ხრუშჩოვის დროს აშენებულ მონჯღრეულ ხუთსართულიან კორპუსებს შორის სამი კვირის მანძილზე როგორ დააბოტებდნენ ქართული ლუდით შემთვრალი ინგლისელები თუ უელსელები, ფრანგები თუ სამოელები და როგორ მღეროდნენ უძველეს სარაგბო საგულშემატკივრო სიმღერებს.

პირადად ვესაუბრე არაერთ ადგილობრივს, რომლებიც ამბობენ, რომ რაგბის ქომაგები ფეხბურთის ფანებისაგან დიდად განსხვავებული ხალხია და მიუხედავად გუშემატკივრების მუდმივი ზარხოშისა, ერთი ზედმეტიც კი არავის უკადრებია და პირიქით – ერთ რამედ ღირდა იმის ნახვა, როგორ გამოიტანა “სუპერ მარკეტიდან” ერთ-ერთმა ინგლისელმა ქომაგმა ორი დიდი ცელოფნის პარკით აურაცხელი ლუდის ქილა, როგორ შესთავაზა ლუდი იქ მდგომ თბილისელ ბიჭებს და როგორ გადაიზარდა შემდეგ ეს ყველაფერი სახინკლეში ქეიფად და დიდ ამბებად.

სახინკლეზე გამახსენდა და ესეც აუცილებლად უნდა მოგიყვეთ... რაგბისა და გემრიელად სმა-ჭამის მოყვარულმა ქართველმა ქომაგებმა ალბათ უკვე იციან, რომ ავჭალის სარაგბო სტადიონის უკან რამდენიმე უბრალო, მაგრამ გემრიელი ხინკლის მკეთებელი დაწესებულებაა ჩამწკრივებული. ჰოდა, სწორედ ერთ-ერთი ამ სახინკლის მეპატრონეემ მიამბო ფრანგი გულშემატკივრების შესახებ, რომლებმაც ბლომად მთიულური ხინკალი მირთვეს, ზედ კახური ჭაჭაც დააყოლეს და უკვე გვარიანად მოღამებულზე, როდესაც სრულიად ავჭალა დასაძინებლად ემზადებოდა, ღამის სიჩუმე ომახიანად შემოძახილმა “მარსელიოზამ” გააპო. “მარსელიოზა” ავჭალის სახინკლეში – ევროინტეგრაციაც ასეთი უნდა!

წლევანდელი რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასი დასრულდა. ბევრს მოეწონა ეს ტურნირი, ზოგმა (მათ შორის ჩვენც) არაერთი პრობლემაც დავინახეთ და აღმოვაჩინეთ, მაგრამ ალბათ არაფერი შეედრება იმ მთავარს –რის გამოც ღირს რაგბისა და ზოგადად სპორტის გულშემატკივრობა. საქართველო მსოფლიოს რაგბის ოჯახის ღირსეული წევრია! რაგბი ჩვენი თამაშია!

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:14 | 25.06.2017
BEERTRANCE (92996)

კი, მიუხედავად ხარვეზებისა დადებითი შეფასებები მივიღეთ. იმედია კიდევ 1-ელ მოგვეცემა მასპინძლობის უფლება.

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.088675