ფეხბურთი

10:57 | 22.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი შეყილაძე: "კარგი შანსი მომეცა და იმედია, გამოვიყენებ"
"ისე გამოვიდა, რომ "ემპოლიში" წლები დავკარგე"

ირაკლი შეყილაძე 15 წლის იყო იტალიის გზას რომ დაადგა და „ემპოლის“ აკადემიაში მოხვდა. ქართველ ფორვარდზე აპენინელები იმედსაც ამყარებდნენ და ასაკობრივ გუნდებში ურიგოდ არც ის ირჯებოდა. 2011 წელს კი, მთავარ გუნდშიც მისცეს შანსი. სერია B-შიც ჩაატარა 11 თამაში, თუმცა ყველა შეცვლაზე ითამაშა.

2011 წლის 24 ნოემბერს, იტალიის თასზე, ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“ „ფიორენტინასთან“ ლევან მჭედლიძის კარგი გადაცემის შემდეგ გოლიც გაიტანა. ეს სადებიუტო გოლი იყო „ემპოლის“ მთავარ გუნდში, მაგრამ როგორც მომავალმა აჩვენა, უკანასკნელიც. ჩვენებურის იქაური კარიერა ვერ აეწყო და 2014 წელს გუნდი დატოვა. შემდეგ იყო წარუმატებელი პერიოდი „ლატინასა“ და „სუდტიროლში“, ხოლო 2015 წელს, ლეგა პროს ბინადარ „ტუტოკუოიოში“ მოხვდა და ბოლო ორ სეზონში შედეგიანადაც ითამაშა.

კარგი თამაში მას დაუფასდა და ახლახან სერია B-ს ბინადარ „სპეციაში“ გადაბაგრდა. ეს გუნდი სულაც არაა მაჩანჩალა და გასულ სეზონში ლამის სერია A-ს გადასვლელ პლეი-ოფში მოხვდა. WORLDSPORT.GE 24 წლის ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და მასთან საუბარი სწორედ ახალი გუნდის თემით დავიწყეთ.

- რას მოელით ახალი სეზონიდან და რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმეთ „სპეციასთან“?

- „სპეციასთან“ 3 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. საკმაოდ ძლიერი გუნდია, სერია A-ში გადასასვლელად იბრძვის. დიდი ხანი იჩენდა ინტერესს ჩემდამი და ამიტომ გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა. იმედი მაქვს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფეხი მოვიკიდო ამ გუნდში - იმედი გავუმართლო კლუბის ხელმძღვანელობას. ჯერჯერობით გუნდთან არ ვარ, რადგან შესვენებაა, შეკრება 11 ივლისს იწყება.

- „სპეციას“ განსაკუთრებით გამოცდილი ფეხბურთელები წინა ხაზში ჰყავს: პაბლო გრანოჩე, დიეგო ფაბრინი, ნენე - ფეხბურთელები, რომელთაც სერია A-ში უთამაშიათ. მზად ხართ მათთან კონკურენციისთვის?

- ვნახოთ, ყველაფერი მინდორზე გადაწყდება. მე ყველაფრისთვის მზად ვარ და ვფიქრობ, რომ შემიძლია ძირითად შემადგენლობაში თავი დავიმკვიდრო. ლეგა პროში (იგივე სერია C – ავტ) 2 წელი ვთამაშობდი და ჩემი აზრით, ეს გამომადგება. მერწმუნეთ ადვილი ჩემპიონატი არაა ლეგა პრო.

- ცნობილია, რომ „ტუტოკუიოდან“ პრობლემებით წამოხვედით...

- დიახ, პრობლემები შეიქმნა. „სპეციაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავედი და ამიტომ განაწყენდნენ. კიდევ ერთი ფაქტი: „სპალ“-ი მიწვევდა, რომელიც ახლახან სერია A-ში გადავიდა, მიწვევდა და ჩემს სანაცვლოდ ფულსაც იხდიდა - ესეც იყო უთანხმოების მიზეზი.

- რატომ არჩიეთ „სპალ“-ს „სპეცია“?

- „სპეცია“ დიდი ხანი იყო დაინტერესებული, ხოლო „სპალ“-ის ვარიანტი იანვარში გამოჩნდა. ამიტომ ვარჩიე „სპეცია“. გარდა ამისა, კიდევ იყო გარემოებები, რაზეც საუბარი ახლა არ ღირს.

- ლეგა პრო-ში გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებდით, რა მოგცათ იქ თამაშმა, როგორც ფეხბურთელს?

- არამარტო, როგორც ფეხბურთელი, არამედ პიროვნებაც. ძალიან რთული იყო, მაგრამ კმაყოფილი ვარ და ახლა მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის.

- „ემპოლის“ პერიოდზეც გკითავხთ: რატომ ვერ აგეწყოთ კარიერა ტოსკანაში? არადა, თასზე „ფიორენტინას“ პატარა ასაკში გაუტანეთ...

- „ემპოლი“ ჩემთვის მეორე ოჯახივით გახლდათ. ყველანაირი პირობა შემიქმნეს და მადლობას ვუხდი ამისთვის. მაგრამ, საფეხბურთო კარიერის თვალსაზრისით, დიდი ვერაფერი, დაკარგული წლები... მიზეზი კი ბევრია - ვფიქრობ, ჩემი კარიერა იმიტომ არ შედგა „ემპოლიში“, რომ ბევრი ჩემზე გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავდა ტავანო, მაკარონე... თან ყოველ ტურში იტანდნენ. ასევე ლევან მჭედლიძეც თავისთავად. სხვათა შორის, „ფიორენტინას“ სწორედ ლევანის პასით გავუტანე და მადლობა მას ამისთვის (იღიმის).

- რამდენად შეიძლება გამოდგეს „სპეცია“ ის გუნდი, სადაც შეძლებთ პოტენციალის სრულად გამოვლენას?

- ძალიან დიდი ენთუზიაზმით და მოტივაციით ვარ. ვფიქრობ, კარგი შანსი მომეცა, რასაც ჩემით მივაღწიე, მინდორზე დამტკიცებით. ამიტომაც, მჯერა, თუ ბევრს, თავდაუზოგავად ვიშრომებ, ყველაფერი გამომივა.

- იტალიური ფეხბურთი კრიზისშია. თქვენ, როგორ ფიქრობთ?

- დიახ, გეთანხმებით. იტალიურ ფეხბურთში კრიზისი არის. 9 წლის წინ, როცა იტალიაში წავედი, ბევრი ვარსკვლავი თამაშობდა, ახლა კი ყველა მიდის სერია A-დან. იმედია, მალე ძველი დიდება დაუბრუნდებათ. ტაქტიკა მარტო არ ყოფნის, ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობასაც აქვს დიდი მნიშვნელობა.

0.299908