ფეხბურთი

19:10 | 13.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

17 წლამდე ლიგა: ათეული შეიკრა

საქართველოს 17-წლამდელთა ლიგაზე თავიდან 27 გუნდი მონაწილეობდა და 10 საუკეთესო დარჩა, რომლებიც ორ წრედ (18 ტური) ითამაშებენ და ასე გამოვლინდება კიდეც ჩემპიონი. შარშანდელივით, პლეი-ოფები აღარ იქნება. იმ ათ გუნდზე ქვემოთ დავწერთ.

შეგახსენებთ, მოქმედი ჩემპიონი "ლოკომოტივია", რომელმაც შარშან ფაქტობრივად, ერთი წლით უმცროსებით, 2000 წელს დაბადებულებით, მოიგო გათამაშება და წლეულსაც დიდად არ შეცვლილა ბირთვი. "ლოკოს" U 17-ის მწვრთნელი ვლადიმერ ვაშაძე გახლდათ და ახლაც ისაა.

27 გუნდი ოთხ ჯგუფში იყო გადანაწილებული გეოგრაფიული პრინციპით. ათეულში, ანუ "ოქროს ლიგაში" კი გავიდნენ ორ-ორი საუკეთესო და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი.

A ჯგუფიდან გავიდნენ სფფ აკადემია (ზუგდიდი), "დინამო" (ბათუმი), "შუქურა" (ქობულეთი), B ჯგუფიდან "ზესტაფონი" და "სამტრედია", C ჯგუფიდან "ლოკომოტივი" (თბილისი) და "გაგრა", ხოლო D ჯგუფიდან - "დინამო" (თბილისი), 35-ე სკოლა (თბილისი) და "ავაზა" (თბილისი).

"ოქროს ლიგის" კალენდარი შედგა და პირველ ტურში ეს მატჩებია.

16 ივნისი: შუქურა - ლოკომოტივი, 35-ე სკოლა - დინამო ბათუმი; 17 ივნისი: გაგრა -ზესტაფონი, დინამო თბილისი - სამტრედია, სფფ (ზუგდიდი) - ავაზა.

მოულოდნელობა? ათეულში ვერ მოხვდა "საბურთალო". ისინი თავიანთ ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდნენ - ბოლო ტურში "ცხინვალს" ვერ მოუგეს (1:1) და ჩამორჩნენ როგორც 35-ე სკოლას (მწვრთნელი - კახა კიკალიშვილი), ასევე "ავაზასაც" (მწვრთნელი - გიორგი ანდღულაძე). ასევე ვერ მოახერხა გასვლა ქუთაისის "ტორპედომაც", რომელიც "ზესტაფონსა" და "სამტრედიას" ჩამორჩა, თუმცა ცოტაღა დააკლდა საუკეთესო მესამეზე გასვლამდე: "შუქურამ" აჯობა.

რა თქმა უნდა, ჯგუფებიდან ვერგასული 17 გუნდიც გააგრძელებს ჩემპიონატს, ოღონდ ბუნებრივია, მაღალი ადგილებისთვის ვერ იბრძოლებენ. აქედან არც არსად გადადიან გუნდები და არც ვარდებიან.

ეს 17 გუნდი განაწილდა ორ ზონად. ცნობისთვის, თბილისის სფფ აკადემია ორი წლით უმცროსებით, 2002 წელს დაბადებულებით გამოდის, რადგან მათზე უფროსი ასაკის გუნდი აკადემიას არ ჰყავს. ისე, რამდენიმე გუნდი მეტწილად 2001 წელს დაბადებულებით გამოდიოდა, მათ შორის, "საბურთალოც" (მწვრთნელი - ლევან კორღალიძე) და თბილისის "დინამოც" (მწვრთნელი - ვლადიმერ გოჩაშვილი).

დასავლეთი: კოლხეთი (ფოთი), ზუგდიდი, გურია (ლანჩხუთი), ჭიათურა, სამგურალი (წყალტუბო), მეშახტე (ტყიბული), ტორპედო (ქუთაისი), მერანი (მარტვილი); აღმოსავლეთი: საბურთალო (თბილისი), რუსთავი, სიონი (ბოლნისი), ცხინვალი, ფკ გორი, დილა (გორი), ჩიხურა (საჩხერე), სფფ აკადემია (თბილისი), ვიტ ჯორჯია (თბილისი).

დავუბრუნდეთ "ოქროს ლიგაში" გასულებს. ჯგუფებში ყველაზე კარგი შედეგი "ზესტაფონმა" (მწვრთნელი - გურამ მაზმიშვილი) და "ლოკომოტივმა" აჩვენეს, რომლებმაც 12 მატჩში 31-31 ქულა აიღეს. საუკეთესო ბომბარდირია ზესტაფონელთა თავდამსხმელი შოთა შეყილაძე - უკვე 24 გოლის გატანა მოახერხა.

მოკლედ, ეს ის ლიგაა, სადაც 17-წლამდელთა დღევანდელი ნაკრების ფეხბურთელებიც თამაშობენ, მაგრამ მეტწილად უფრო 2000 წელს დაბადებულები გამოდიან: რომელთა გარშემოც უნდა შეიქმნას 19-წლამდელთა ნაკრები. ანუ ნაკრები, რომელსაც გაისად შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში მოუწევს.

ისე, შარშანდელთან შედარებით, დაძაბულობამ იმატა. აღარ გვხვდება ორნიშნა ანგარიშები. ვნახოთ, ასე თუ გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124527