ბლოგი

11:29 | 5.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

შუქჩამქრალი მსოფლიო თასი ცარიელი ტრიბუნების თანხლებით

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული სპორტის ქომაგები ნამდვილად არ არიან განებივრებულნი ჩვენს ქვეყანაში დიდი და მსოფლიო მნიშვნელობის სპორტული ღონისძიებების სიმრავლით და ახალგაზრდებს შორის რაგბის მსოფლიო თასი ნამდვილად დიდი და მნიშვნელივანი გამონათება გახლდათ ამ კუთხით. მით უმეტეს, რომ უკანასკნელი სტატისტიკით, საქართველოში რაგბმა პოპულარობით პირველი ადგილი დაიკავა და უკვე თამამად გამოვხატავთ ჩვენს მიზნებსა და ცნებებს დიდ 6 ერში მოხვედრასთან დაკავშირებით.

როგორც უკვე ვთქვი, საქართველოში დეკლარირებულად რაგბი ლამის ყოველ მეორე ადამიანს უყვარს და არავინ იზარებს იმის თქმას, რომ “რაგბი ჩვენი თამაშია და რაგბის უნდა მივაწვეთ”, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ნაკრებთან გამართულ საშინაო მატჩებს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს რაგბის დიდი ნაკრების მატჩებზეც კი სტადიონები თითქმის არასოდეს ივსება და ქართული რაგბის ავისმოსურნეებს ყოველთვის რჩებათ სათქმელი რომ “საქართველო ჯერ არაა მზად დიდი ნაბიჯებისათვის” და რომ “საქართველოში ხალხი უბრალოდ არ დადის სარაგბო თამაშებზე”.

ამ მანკიერი და სამწუხარო ტრადიციის ერთგვარი გაგრძელებაა ის, რაც 20 წლამდელთა მსოფლიო თასზე ხდება. საქართველოს ნაკრების მატჩებზეც კი ვერ მოხერხდა ერთი ციცქნა “ავჭალის” სტადიონის ტრიბუნების შევსება და რაგბის ალბათ ყველა ჭეშმარიტ გულშემატკივარს ტკივა ის ფაქტი, რომ ზელანდიის, ავსტრალიისა და ინგლისისთანა ნაკრებების მატჩებიც კი ვერ გახდა ქომაგისთვის სტიმულის მიმცემი, რომ ელემენტარულად ტრიბუნების შევსება მაინც მოგვეხერხებინა. ეს ძალიან სამწუხაროა – ძალიან!

ზოგი ამბობს, რომ ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბილეთების სიძვირეა და ავჭალის სტადიონზე შესასვლელი 20 ლარი ბევრისათვის დიდი თანხაა. შესაძლებელია ეს ასეცაა. მით უმეტეს, ყველამ კარგად ვიცით ჩვენი ხალხის არცთუ დალხენილი ყოფის შესახებ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ 20 ლარით ქომაგი ნახულობს არა ერთ, არამედ 4 მატჩს და შესაბამისად გამოდის, რომ თითოეული მატჩის ღირებულება 5 ლარი ყოფილა, რაც ნამდვილად არ უნდა იყოს ძვირი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მაგალითად ინგლისისა და უელსის საოცარ თამაშს ნახავ და მიხვდები, თუ რამხელა ისტორია იწერება ჩვენს მიწაზე და იმასაც გაიაზრებ, რომ ეს ბიჭები ხვალ მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე დიდი მორაგბეები იქნებიან.

ინგლისი-უელსის მატჩი რაკი ვახსენე, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე ჩაქრა შუქი მთელი 10-15 წუთით და ამ ფაქტით გაკვირვებული ბრიტანელების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მათ არ დაიწყეს სტვენა და გინება. პირიქით – მთელი ხმით “ჯორჯიას” სკანდირებდნენ და ამ გზით გვიდასტურებდნენ თანადგომას, რომელიც იმ წუთებში შერცხვენილ ქართველებს ძალიან გვჭირდებოდა. სტადიონზე დენის ჩაქრობის ფაქტი დადებით იმიჯს რო არ შეგვიქმნის – ფაქტია.

მოკლედ, ნამეტანი უცნაური და გასაკვირველი ხალხი ვართ. რაგბიზე სიარული ჩვენ არ გვინდა, ამოდენა ტურნირს ვმასპინძლობთ და ელემენტარულ ტექნიკურ პრობლემებს ვერ ვაგვარებთ და კაცმა რომ გვკითხოს – ყველა დიდ ქომაგობაზე და რაგბის ტრფიალებაზე ვდებთ თავს. ამ ყველაფერის დამნახავ ჩასაფრებულ ჩვენს ავის მოსურნეებს მეტი კი არაფერი უნდათ...

0.115845