ფეხბურთი

23:17 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამო" - დამაჯერებელი მოგება ბათუმელებთან

ეროვნული ლიგის მე-15 ტური თბილისის "დინამოს" ლამაზი გამარჯვებით დასრულდა. კახა კაჭარავას გუნდმა 4:0 სძლია ბათუმის "დინამოს" და სამქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. გოლებიც ლამაზი გამოვიდა და საერთოდ, ბევრი საგოლე მომენტიც შეიქმნა.

გიორგი თევზაძის ჩაწოდება და ბექა მიქელთაძეს ხელი ვერავინ შეუშალა: დაახლოებით ცხრა მეტრიდან ფეხით გაიტანა - 1:0.

გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე პასი, საბა ლობჟანიძე საჯარიმოშია, კარში დააარტყა და ბურთი რიკოშეტით მიუვიდა ბაჩანა არაბულს, რომელმაც მიქელთაძეს დაუტოვა, მან კი ისევ ლობჟანიძე მოძებნა. საბამაც ახლოდან შეაგდო - 2:0.

საჯარიმო. თევზაძემ ჩააწოდა, გიორგი გველესიანის თავური დარტყმა ძელმა მოიგერია და ისევ გველესიანმა, ახლოდან ფეხით ზუსტად დაარტყა - 3:0.

არაბულის პასით, საბა ლობჟანიძემ ახლოდან ერთი შეხებით გაიტანა - 4:0. ამ გოლამდე ოციოდე წამით ადრე კი ლობჟანიძეს არ გაუმართლა, როცა მისი დარტყმული ჯერ ერთ ძელს მოხვდა, მერე კი მეორეს.

მართლაც მაგარი თამაში აჩვენა თბილისის "დინამომ": ლაღი, კომბინაციური, შემტევი.

დინამო (თბილისი) - დინამო (ბათუმი) 4:0 (1:0)

დინამო თბ: ლიტოვჩენკო, მიშენკო (სალუქვაძე 55), გველესიანი, ლოჩოშვილი, თევზაძე, ქარდავა, ჩაკვეტაძე (ნინუა 89), ლობჟანიძე (კობოური 85), კიტეიშვილი, მიქელთაძე, არაბული

დინამო ბთ: ტაკიძე, ფარტენაძე, გოგიტიძე, კვირველია, თარხნიშვილი, სუხიაშვილი (თევდორაძე 31), ტვილდიანი, კენედი (კვანტალიანი 70), ფონიავა, შონია, კვასოვი (გორელიშვილი 85)

გოლები: 1:0 მიქელთაძე (34), 2:0 ლობჟანიძე (65), 3:0 გველესიანი (71), 4:0 ლობჟანიძე (80)

მსაჯი: მაჭარაძე

0.167448