ბლოგი

20:00 | 28.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარდიფის ფინალამდე სათქმელი

მგონი მთელი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რას იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თქვენც კარგად იცით, რომ ეს ბოლოს 2010 წელს სეუ ჟოზე მოურინიომ მილანის “ინტერთან” ერთად გააკეთა და დღესაც მსჯელობენ - მილანელების წარმატება გუნდის განუმეორებლობის შედეგი იყო თუ მოურინიოს გამჭრიახობის ნაყოფი.

ასეა თუ ისე, იტალიელი კლუბი კიდევ ერთხელ დგას დიდი გამოწვევების წინაშე და 3 ივნისს გადაწყდება მასიმილიანო ალეგრის შესაძლებლობები სადამდე მიდის, შეძლებს თუ არა სიცოცხლეშივე ლეგენდად აღიარებული ჯიჯი ბუფონი თავისი საფეხბურთო კარიერისათვის წერტილის მაჟორულად დასმას და მოიშორებს თუ არა “იუვენტუსი” ფინალში მუდმივად დამარცხებული გუნდის იმიჯს.

“რეალის” გამოწვევები ამ მხრივ ერთობ ბანალური და მარტივია. ეს “რეალია” – გუნდი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს იგებდა და დარწმუნებული ვარ მომავალშიც მოიგებს. ესაა გუნდი, რომელსაც ტიტულებით ალბათ კარგა ხანი ვერავინ გაუთანაბრდება (თუკი ოდესმე ვინმე გაუთანაბრდება) და ფინალი იმის ფინალია, სადაც მადრიდის “რეალი” ყოველთვის მოგებისათვის იბრძოლებს და რატომ არ იბრძოლებს, როდესაც გუნდის მთავარი იმედი და სუპერვარსკვლავი ისეთ ფორმაშია – ვისი ან რისი უნდა შეეშინდეთ?

ფაქტია, რომ მწვანედ ახასხასებულ კარდიფში ძალიან საინტერესი ფინალი გველოდება და ის ბედნიერნი, რომლებიც უელსის დედაქალაქს მატჩის “ცოცხლად” სანახავად მიაშურებენ, დარწმუნებული ვარ სამარდჟამოდ დასამახსოვრებელ სანახაობას ნახავენ, რომლის მსგავსიც ბოლო წლებში სამწუხაროდ საკმაოდ იშვიათია ხოლმე.

შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ რატომღაც მგონია და არამხოლოდ მე მგონია, რომ ბოლო წლებში ევროპული ფეხბურთი ერთფეროვანი და ინტრიგისგან სრულიად დაცლილი გახდა. ჩემპიონთა ლიგის თასი ძირითადად ევროპის 4-5- გუნდს შორის თამაშდებოდა და ნეიტრალურ ქომაგს (მაგალითად ისეთს, როგორიც ქართველი გულშემატკივარია) მნიშვნელოვანი კითხვების დასმა არ უწევდა. ერთი დიეგო სომეონე და მისი “ატლეტიკო” არღვევდა ბობოლათა ჰეგემონიას და საბოლოო ჯამში სიმეონემაც მისი თანამემამულე ჩვენთვის კარგად ცნობილი ექტორ რაულ კუპერივით ოდენ ფინალში წამგები მწრთვნელის იმიჯი გამოიმუშავა. გამარჯვებულებისგან განსხვავებით დამაცხებულებს ყოველთვის “ასამართლებენ” და რაც მთავარია “ასამართლებენ” მკაცრად და ცინიკურად.

მართალია ტურინის “იუვენტუსი” ამ ორი წლის წინაც გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაგრამ მაშინ რეალობა სულ სხვაგვარი იყო და დიდი ვაგლახით ფინალამდე მიმღწევი ტურინელები საუცხოო ფორმაში მყოფ კატალინიელებთან რომ ვერაფერს გააწყობდნენ – ეს პრაქტიკულად ყველამ იცოდა. დღეს სულ სხვა “იუვენტუსია” და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე შარშანწინდელ “ბარსელონაზე” არანაკლებ მრისხანე და ძალმოსილი ყავს, ვფიქრობ ალეგრის გუნდი თავისი პუტკუნა იგუაინით, დიადი ბუფონითა და სასწაულისმოქმედი დიბალათი ნამდვილად შეძლებს ევროპის სუპერგუნდთან გამკლავებას.

მოკლედ, დიდი ამბები იქნება კარდიფში – დიდი!...

0.116149