სხვა

15:07 | 24.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯომი ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

23 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მდინარე მტკვარზე მოეწყო ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატის წინა საჩვენებელი დაშვება.

ევროპირველობა ჩითახევში 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სპეციალურად ჩემპიონატისთვის ჩითახევში შეიქმნა ინფრასტრუქტურა: დამონტაჟდა საფეხმავლო ხიდი მდინარე მტკვარზე, რომელიც ცენტრალურ მაგისტარლს დააკავშირებს ჯომარდობის ბანაკთან, მდინარის გასწვრივ აშენდა გაბიონები წყლისგან დასაცავად, მოეწყო საკემპინგე სივრცე სველი წერტილებით, მაყურებელთა ტრიბუნები და ღია კაფე.

ევროპირველობისთვის სამზადისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გაეცნო. მინისტრმა ჯომარდობის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ჯო ვილის ჯონსთან და საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქაცარავასთან ერთად განიხილა როგორც ბოლო საორგანიზაციო, ასევე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები.

ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება.

ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში Check in Georgia Sport.

ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება ინტერნეტით საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის youtube.com ის არხზე - https://www.youtube.com/watch?v=g5tfObHCjgY&feature=youtu.be, ასევე ინტერნეტ ტელევიზია Gogatv-ის მეშვეობით.

ევროპირველობა ჩატარდება 6 კაციანი ნავებით - რაფტებით 4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში. კატეგორიები - 19-წლამდე, 23-წლამდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები. ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში - სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი).

საშეჯიბრო დღეებია - 24, 25, 26 და 27 მაისი.

ღონისძიების საპატიო სტუმრების და სამსაჯო კოლეგიის შიდა გადაყვანას უზრუველყოფს გენერალური სპონსორი - ტურისტული კომპანია ჯეოვაილდექსი. ღონისძიების ყველა სტუმარი შეჯიბრის პერიოდში დაზღვეული იქნება საერთაშრისო სადაზღვევო კომპანია „კამარას" მიერ.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

თეგებიჯომარდობა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156491