ავტოსპორტი

18:11 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ალონსოს ინდი 500-ის კვალიფიკაციაზე მეხუთე დრო აქვს

ფერნანდო ალონსო ინდი 500-ის 101-ე რბოლას მეორე რიგიდან დაიწყებს. საკვალიფიკაციო რბოლის დასკვნით ეტაპზე, რომელზეც ცხრა უსწრაფესმა პილოტმა (სულ რბოლაში 33 პილოტი გამოვა) იასპარეზა, ფორმულა 1-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა მეხუთე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

„მაკლარენის“ ესპანელი პილოტის საშუალო საკვალიფიკაციო სიჩქარემ საათში 231.300 მილს (დაახლოებით 372.4 კმ/სთ) მიაღწია. პოულ პოზიციას ახალზელანდიელი სკოტ დიქსონი დაიკავებს, რომლის საშუალო სიჩქარემაც 232.164 მლ/სთ-ს (დაახლოებით 373.8 კმ/სთ). ამერიკელები ედ კარპენტერი და ალექსანდერ როსი (შარშანდელი გამარჯვებული) და იაპონელი ტაკუმა სატო შესაბამისად, მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციებს დაიკავებენ.

ნარბოლევს, ბიბისისთან საუბრისას ალონსომ განაცხადა, რომ საკვალიფიკაციო ოთხი წრის გავლისას, „ჰონდას“ ძრავთან დაკავშირებული მცირე პრობლემები ჰქონდა, თუმცა საბოლოო შედეგით კმაყოფილი დარჩა.

„ვფიქრობ, მანქანა გუშინდელზე უკეთ მუშაობდა. ბოლო მოსახვევში ძრავის ტურბინას მცირე პრობლემა ჰქონდა, რამაც საკმაოდ შემანელა“, - განაცხადა სალონსომ, ვინც ფიქრობს, რომ ამ პრობლემის გამო, მის საშუალო სიჩქარეს დაახლოებით 0.3-0.4 მლ/სთ სიჩქარე დააკლდა.

ალონსო ფორმულა 1-ის მონაკოს დიდ პრიზს გამოტოვებს, სადაც მას ჯენსონ ბატონი შეცვლის. ამის მიზეზი ისაა, რომ მონაკოს და ინდიანაპოლისის რბოლები ერთმანეთს ემთხვევა. ესპანელი პილოტი ფ1-ს მომდევნო ეტაპიდან (კანადა) დაუბრუნდება.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=MHnDlI1jdl4

0.11424