ფეხბურთი

10:00 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კახა კაჭარავა: "დინამო" ზრდის პროცესშია"

საქართველოს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის გამორჩეული მატჩის, "დინამოსა" და "სამტრედიის" თამაშის (3:2) შემდეგ კომენტარი დედაქალაქური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ გააკეთა. გამოცდილი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა და შესაბამისად, 3 ქულა დამსახურებულად მოიპოვა.

"კარგი თამაში გამოვიდა. გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში კი ჩვენი დაშვებული შეცდომით დასანანი გოლი მივიღეთ და მეტოქეს შანსიც მივეცით. ამის შემდეგ გასატანი ვერ გავიტანეთ და ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა, ცოტა ხანში "სამტრედიამ" გაათანაბრა. ვფიქრობ, ვიმსახურებდით გამარჯვებას და საბოლოოდ მოვიპოვეთ კიდეც. საგოლე ეპიზოდების რეალიზებაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და საერთოდ, გუნდი ზრდის პროცესშია. გამოცდილებაც დროთა განმავლობაში მოვა. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს დღევანდელი თამაშისთვის", - ციტირებს კაჭარავას სიტყვებს "დინამოს" ვებგვერდი.

შეგახსენებთ, თბილისის "დინამო" ეროვნულ ლიგას 13 ტურის შემდეგ დამაჯერებლად ლიდერობს და მეორეადგილოსან "ტორპედოს" 6 ქულით უსწრებს.

0.126686