ფეხბურთი

20:44 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერი და ჩემპიონი - ასეთ თამაშებს მივესალმებით

ტემპი, საგოლე მომენტები, დაძაბულობა, საკვანძო მომენტები, დრამატული დასასრული - ყველაფერი ჩაეტია "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში. ვისურვებდით, ასეთი თამაშები ხშირად იყოს საქართველოს ჩემპიონატში.

თბილისის "დინამომ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა. კახა კაჭარავას გუნდმა ამ სეზონში მეორედ დაამარცხა ჩემპიონი "სამტრედია", არადა, გია ცეცაძის გაწვრთნილებს ექვსი გასვლითი მატჩიდან ექვსივე მოგებული ჰქონდათ. დღესაც შეიძლებოდა მოეგოთ - რატომაც არა? მეორე ტაიმი მშვენივრად ჩაატარეს, ანგარიში გაათანაბრეს და კიდევ ორი მშვენიერი შანსი მიეცათ.

ანუ, შეეძლო მოეგო როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს, საბოლოოდ კი ლიდერმა იმარჯვა. ბაჩანა არაბული - ომარ მიგინეიშვილი: მთელი მატჩის განმავლობაში გრძელდებოდა დაპირისპირება, მეკარემ სასწაული ბურთები აუღო თავის ყოფილ თანაგუნდელს, მაგრამ ორ შემთხვევაში უძლური გახდა.

პირველ ტაიმში დინამოელებმა ორივეჯერ სტანდარტულიდან დამუშავებული გოლი გაიტანეს. ორივეჯერ თავურით: ჯერ ლაშა თოთაძემ ჩააწოდა და ბაჩანა არაბულმა შეუცვალა ბურთს მიმართულება (0:1), მერე კი გიორგი პაპუნაშვილის ჩაკიდებულს ლუკა ლოჩოშვილის დარტყმა მოჰყვა - 0:2.

მიგინეიშვილი საფუძვლიანად უბრაზდებოდა თანაგუნდელებს - მეტი ყურადღება იყო მათგან საჭირო. სხვათა შორის, ლოჩოშვილის გოლამდე ერთი წუთით ადრე, მიგინეიშვილმა ითამაშა თავგანწირვით, ერთ შეტევაში სამჯერ ფეხიდან ააცალა ბურთი არაბულს, არადა, გოლი გარდაუვალი ჩანდა.

მეორე ტაიმში ცეცაძის გუნდმა თავისი თამაში დაიჭირა. ბურთის კონტროლი, კომბინაციები - კარგად გამოსდიოდა "სამტრედიას" და ორივე გოლი ერთნაირი გათამაშებით გაიტანეს. ჯერ დავით რაჟამაშვილის დაფარულ პასს მოჰყვა გიორგი მჭედლიშვილის ზუსტი დარტყმა, 13 წუთში კი გიორგი ბერიაშვილის ანალოგიურ გადაცემას კაპიტანი გიორგი დათუნაიშვილი გამოეხმაურა - 2:2.

ეს ორი გოლი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს და აშკარად დამუშავებული კომბინაცია იყო. არადა, 2:1-ზე არაბულმა იდეალური შანსი ვერ გამოიყენა - საბა ლობჟანიძის კარგი პასის შემდეგ, ახლოდან ცარიელ კარს ააცილა.

მჭედლიშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მარჯვენა ფლანგიდან არაერთი კარგი შეტევა წამოიწყო და ვინ იცის, ბოლო გოლი არც გასულიყო, მას ტრავმა რომ არ მიეღო და შესაცვლელი რომ არ გამხდარიყო.

2:2-ის შემდეგაც გაგრძელდა სამტრედიელთა შეტევები და შეცვლაზე შესულ ბელოვს ორჯერ შეეძლო გოლის გატანა: ჯერ პირისპირ გასულმა ააცილა, მერე კი ახლოდან ვარდნაში ვერ მოასწრო დარტყმა.

"დინამოსთან" ასეთი შანსების გაცუდება ძვირად ფასობს და აკი, საბოლოოდ კახა კაჭარავას გუნდმა გაიტანა. თუმცა მანამდე მიგინეიშვილის გმირობებზე დავწერთ - ბოლო წუთებში ზედიზედ ორი მკვდარი ბურთი აუღო არაბულს. განსაკუთრებით რთული კი თავურის მოგერიება იყო.

და აკორდი: მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში "სამტრედიამ" მწვავედ შეუტია, დინამოელებმა შესძლეს ბურთის გამოტანა, კონტრშეტევაზე გიორგი თევზაძემ თოთაძეს გააყოლა, მან რბილად ჩააწოდა და არაბულმა თავურით მაინც გაიტანა - ბურთი ხარიხიდან ასხლეტით ჩაეშვა კარში და 3:2.

"დინამო" ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. კაჭარავას გუნდი აშკარად პროგრესირებს და საწყენია, რომ წლეულს ევროტურნირებზე ვერ გამოვა. D

დინამო (თბილისი) - სამტრედია 3:2 (2:0)

დინამო: ლიტოვჩენკო, კუცია, გველესიანი, ლოჩოშვილი, თოთაძე, ქარდავა, კიტეიშვილი (ზარია 75), ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (ქავთარაძე 89), პაპუნაშვილი (თევზაძე 68), არაბული

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი (კასრაძე 90), სანდოხაძე, გოგიაშვილი, ახალაძე, დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, ჯიქია (ბელოვი 64), რაჟამაშვილი, ჩაგელიშვილი (სამუშია 55), ბერიაშვილი

გოლები: 1:0 არაბული (25), 2:0 ლოჩოშვილი (37), 2:1 მჭედლიშვილი (63), 2:2 დათუნაიშვილი (76), 3:2 არაბული (90+3)

გაფრთხილება: კუცია - გოგიაშვილი, მჭედლიშვილი

მსაჯი: ხარიტონაშვილი

19:30 საათზე ბათუმის სარაგბო მოედანზე დაიწყო მე-13 ტურის ბოლო მატჩი: დინამო (ბათუმი) - ჩიხურა (საჩხერე)

1. დინამო თბილისი 13 10 1 2 26:7 31
2. ტორპედო ქუთაისი 13 7 4 2 18:9 25
3. სამტრედია 13 7 2 4 16:13 23
4. ლოკომოტივი თბილისი 13 6 3 4 26:15 21
5. საბურთალო თბილისი 13 6 1 6 16:14 19
6. გორის დილა 13 4 6 3 15:13 18
7. ჩიხურა 13 5 2 6 16:18 17
8. დინამო ბათუმი 13 4 1 8 10:16 13
9. ფოთი 13 3 2 8 13:24 11
10. შუქურა 13 0 4 9 6:33 4
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120803