ძიუდო

20:05 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

წყვილი ვერცხლ-ბრინჯაო რუსული გრან სლემიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ეკატერინბურგის გრან სლემზე 4 მედალი მოიპოვა. ამირან პაპინაშვილის (60 კგ) მიერ გუშინ აღებულ ვერცხლს დღეს თავისი ვერცხლი ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) მიამატა. ზებედა რეხვიაშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. ვერცხლის პრიზიორებმა პირად რეიტინგს 700-700 სარეიტინგო ქულა შემატეს. ბრინჯაოსნებს 500-500 ქულა ერგოთ.

ლევან მატიაშვილს პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ბრაზილიელი დავიდ მოურას ძლევა დააკლდა. ფინალის ძირითადი დრო უილეთოდ გაილია. ოქროს მედლის ბედი კი "ოქროს დროის” მეორე წუთზე გადაწყდა, მას შემდეგ, რაც მსაჯმა ქართველი მძიმეწონოსანი გააფრთხილა.

ფინალამდე მატიაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა. საქმეში მეორე წრიდან ჩაება, ავსტრიელ სტეფან ჰეგისთან დაჭიდებით და მეტოქეს წუთსა და 40 წამში მოუმთავრა საქმე, ეფექტური სუფთა გდებით.

მეოთხედფინალში ლევან მატიაშვილი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდა და ძირითად 4 წუთში 2 გაფრთხილებით ჩამორჩა. დამატებითში ჯერ შიდოების ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ, ულამაზესი კისრულით ბეჭებზე დაანარცხა მეტოქე. ფინალის საგზური კი ბელარუსი ვლადისლავ ციარპიცკის ვაზარით ძლევით მოიპოვა.

ზებედა რეხვიაშვილს (81 კგ) პირველ მეტოქედ რუსი სტანისლავ სემენოვი ერგო და შეხვედრა ვაზარით მოიგო. ვაზარითვე აჯობა უზბეკ სუნატულა აზიმოვს. მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარისთან ოქროს დროში, მე-6 წუთის მიწურულს ვაზარით დამარცხდა და ბრინჯაოს გზაზე გადაერთო, სადაც ჯერ ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერს გასცდა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ჰოლანდიელს - ფრანკ დე ვიტს დაეჭიდა და ძალიან ადვილად აჯობა – სამი ვაზარი აუღო და ბოლოს ბეჭებზეც დააგდო.

სწორედ ფრანკ დე ვიტმა გამოთიშა ტურნირს 81 კილოგრამში მოჭიდავე მეორე ჩვენებური – საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი. ბრძოლა მერვედფინალში შედგა. მეორე წუთის მიწურულს დე ვიტი კირაკოზაშვილს შეეკრა და ზურგზე დააგდო. ამ შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგი ჟულიან კერმარეკის ვაზარით ძლევა მოასწრო.

ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) უმაღლესი სინჯის მედლისთვის ბრძოლას ნახევარფინალიდან გამოეთიშა, რუსეთის ნაკრების წევრ ნიაზ ილიასოვთან წაგებით. შეხვედრის ბედი საფინალო გონგამდე ნახევარი წუთით ადრე, მსაჯების მიერ გამოგონილმა იპონმა გადაწყვიტა.

ძირითად ბადეში ილიასოვთან დაჭიდებამდე, ლიპარტელიანმა სამი ეტაპი დაძლია. პირველი მეტოქე – უზბეკი ერკინ დონიოროვი ვაზარით ჩამოიშორა. მეორე წრეში ალჟირელ ლიე ბუიაკუბს დაეჭიდა და 2 წუთში დაამარცხა, ვაზარიზე მიყოლებული შებოჭვით. მეოთხედფინალში კი ბრაზილიელი ლუჩიანო კორეა მეორე წუთის ბოლოს ბრუნით დააგდო ბეჭებზე.

რეპეშაჟის ფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა ფრანგ ალექსანდრე იდირს "ოქროს დროში” მოპოვებული შიდოს უპირატესობით აჯობა.

100 კილოგრამში საქართველოს სახელით კონკურენციაში ნაკრების დებიუტანტი გიორგი პარკატიც ჩაება. წარმატებითაც დაიწყო – უზბეკ ერბოლ რუსტამოვს შიდოების ლიმიტის ამოწურვით აჯობა. უნგრელ მიკლოშ ცირიენიკსთანაც ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ მეორე წუთის მიწურულს იპონით დამარცხდა.

უშანგი მარგიანს (90 კგ) საპრიზო სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და მონღოლ ცერენიამ დელგერს 2 წუთში, მტკივნეული ილეთით მოუმთავრა საქმე. მეოთხედფინალში სახელოვან მეტოქეს, უნგრელ კრისტიან ტოთს უილეთო ძირითად დროში 2 გაფრთხილება მიაღებინა. მერე კი ინიციატივა დათმო და მე-6 წუთზე ვაზარიზე დაეცა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში მარგიანმა ბრაზილიელ ედუარდო ბეტონის 4 წუთში 3 ვაზარი აუღო. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდს დაეჭიდა, "ოქროს დროში” ვაზარიზე დაეცა და მე-5 ადგილს და 360 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

ამავე წონაში, საქართველოს დროშის ქვეშ ნიკა სიდამონიძემაც იჭიდავა. პირველ წრეში რუსი ალექსანდრ როსლიაკოვი 2 ვაზარით ჩამოიშორა. შემდეგ კი ნოელ ვან ტენდს დაუპირისპირდა და მეორე წუთის ბოლოს შებოჭვაზე მოჰყვა. იმ ეპიზოდში სიდამონიძემ ტრავმა მიიღო და მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო.

დღესვე, რუსულ ტატამზე მძიმეწონოსანი ონისე ბუღაძეც გავიდა, მაგრამ ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა, ტაჯიკ შაკარმამად მირმამადოვთან სუფთად წაგებით.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მამაკაცების არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 30 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.

ძიუდო

გრან სლემი

ეკატერინბურგი

20-21 მაისი

კაცები

60 კგ

1 რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)

2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ალბერტ ოგუზოვი (რუსეთი)

3 სედრიკ რევოლი (საფრანგეთი)

7 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

66 კგ

1 აბდულა აბდულჯალილოვი (რუსეთი)

2 ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია)

3 ისლამ ხამეტოვი (რუსეთი)

3 დმიტრი მინკოუ (ბელარუსი)

7 ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო)

73 კგ

1 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)

2 მარსელო კონტინი (ბრაზილია)

3 პიერ დუპრა (საფრანგეთი)

3 ბენჟამინ აქსუ (საფრანგეთი)

81 კგ

1 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)

2 ატილა უნგვარი (უნგრეთი)

3 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

3 ეტიენ ბრიანდი (კანადა)

90 კგ

1 კენტა ნაგასავა (იაპონია)

2 კრისტიან ტოტი (უნგრეთი)

3 მაგომედ მაგომედოვი (რუსეთი)

3 ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია)

5 უშანგი მარგიანი (საქართველო)

100 კგ

1 მიკლოშ ცირიენიკსი (უნგრეთი)

2 ნიაზ ილიასოვი (რუსეთი)

3 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

3 ლორინ ბიორენი (ავსტრია)

+100 კგ

1 დავიდ მოურა (ბრაზილია)

2 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

3 ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი)

3 ანდრეი ვოლკოვი (რუსეთი)

ქალები

48 კგ

1 ამი კონდო (იაპონია)

2 საბინა გილიაზოვა (რუსეთი)

3 მელანი კლემენი (საფრანგეთი)

3 ოტგონცეცეგ გალბადრახი (მონღოლეთი)

52 კგ

1 ერიკა მირანდა (ბრაზილია)

2 ალესია კუზნეცოვა (რუსეთი)

3 ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი)

3 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)

57 კგ

1 მირიამ როპერი (პანამა)

2 ნაე უდაკა (იაპონია)

3 ჯესიკა კლიმკაიტი (კანადა)

3 რაფაელა სილვა (ბრაზილია)

63 კგ

1 მარტინა ტრაიდოსი (Gერმანია)

2 ეკატერინა ვალკოვა (რუსეთი)

3 ემი ლივსი (ბრიტანეთი)

3 მარიანა სილვა (ბრაზილია)

70 კგ

1 სანი ვან დიკი (ჰოლანდია)

2 ალენა პროკოპენკო (რუსეთი)

3 ანა ბერნჰოლმი (შვედეთი)

3 საკი ნიიზოე (იაპონია)

78 კგ

1 მამი უმეკი (იაპონია)

2 ნატალი პოუელი (ბრიტანეთი)

3 აბიგელ იო (უნგრეთი)

3 ანა მარია ვაგნერი (გერმანია)

+78 კგ

1 სარა ასაჰინა (იაპონია)

2 ჟასმინ კუელბსი (გერმანია)

3 მარინა სლუცკაია (ბელარუსი)

3 კაროლინ ვეისი (გერმანია)

გუნდური ჩათვლა. კაცები

1. იაპონია 3 0 0 0 0
2. რუსეთი 2 1 4 3 0
3. უნგრეთი 1 2 0 1 0
4. ბრაზილია 1 2 0 0 4
5. საქართველო 0 2 2 1 2

0.115506