ფეხბურთი

20:03 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ფეხბურთიდან დიდი ფეხბურთელები წავიდნენ...

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელებმა ფილიპ ლამმა და ჩაბი ალონსომ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულეს. ლეგენდარული მოთამაშეები მოედანზე ბოლოჯერ დღეს, ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ფრაიბურგის“ წინააღმდეგ გავიდნენ.

შეხვედრის დაწყებამდე „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობამ ორივეს მადლობა გადაუხადა განვლილი წლებისთვის და სიმბოლური საჩუქრებიც უსახსოვრა. თამაშის ბოლოსკენ ჯერ ალონსო, შემდეგ ლამი კარლო ანჩელოტიმ შეცვალა და „ალიანც არენაზე“ შეკრებილმა ქომაგებმა ისინი მქუხარე აპლოდისმენტებით გააცილეს.

ლამმა ფეხბურთის თამაში 1995 წელს „ბაიერნის“ აკადემიაში დაიწყო, ხოლო მთავარ გუნდში პირველად 2002 წელს ითამაშა. განაპირა მცველმა მიუნხენში ყველა შესაძლო ჯილდო მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა: რვაჯერ ბუნდესლიგა, ექვსჯერ გერმანიის თასი, სამჯერ გერმანიის სუპერთასი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და მსოფლიოს ჩემპიონატი ნაკრებებს შორის. გარდა „ბაიერნისა“ ლამმა 2003-2005 წლებში იჯარით „შტუტგარტშიც“ ითამაშა.

რაც შეეხება ჩაბი ალონსოს - ბასკი ნახევარმცველის კარიერა სან-სებასტიანის „რეალ სოსიედადში“ დაიწყო და სწორედ აქ გაითქვა სახელი. „ანოეტაზე“ მან 2004 წლამდე იასპარეზა და შემდეგი ხუთი სეზონი „ლივერპულში“ გაატარა. საიდანაც „რეალში“ გადაბარგდა, ხოლო ბოლო სამი სეზონი „ბაიერნს“ მიუძღვნა. ლამისა არ იყოს, ალონსომაც ყველაფერი მოიგო: სამჯერ ბუნდესლიგა, ორ-ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ევროპის ჩემპიონატი. თითოჯერ კი, ინგლისის ლიგის თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, გერმანიის თასი, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.223413