სხვა

0:35 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძლის შერჩევის წესზე იმსჯელებენ

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უახლოეს აღმასკომის სხდომაზე, რომელიც 9 ივნისს ლოზანაში გაიმართება, სოკ-ის საბჭოს წევრები მოისმენენ სოკ-ის სპეციალური კომისიის ანგარიშს 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების შესახებ; ასევე განიხილავენ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის სამასპინძლოდ კანდიდატურის წამოყენების და შერჩევის პროცედურაში დაგეგმილი რეფორმების პაკეტს.

ერთდღიანი სხდომის დასრულების შემდეგ დაგეგმილია სოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახის პრესკონფერენცია. სწორედ ბახი ითვლება ავტორად და აქტიურ მხარდამჭერად იდეისა, რომელსაც არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გამარტივდეს აპლიკანტი ქალაქების წარდგენის და შერჩევის წესები, ამავე დროს სოკ-ის მომავალ სესიაზე ერთდოულად დასახელდეს 2024 და 2028 წლების თამაშების მასპინძელი ქალაქები.

ამ გეგმის რეალიზაციის დასაჩქარებლად, სოკ-ის საბჭოს 9 ივნისის სხომაზე, სავარაუდოდ, დაამტკიცებენ წინადადებების პაკეტს, მაგრამ სხვა საკითხია, საბოლოოდ დაუჭერენ თუ არა მას მხარს სოკ-ის ხმის უფლების მქონე წევრები, რომელთა ნაწილს არ მოსწონს ამგვარი ცვლილებები. მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი ის არის, რომ არ შეიძლება თამაშის წესების რადიკალური ცვლილება უშუალოდ პროცესის მიმდინარეობის დროს.

თუ სესიაზე საჭირო ხმების მოპოვების ალბათობა კითხვის ქვეშ დადგება, არ არის გამორიცხული, სოკ-ის ხელმძღვანელობამ მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად სამმხრივი მოლაპარაკების (სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო, კანდიდატი ქალაქების - პარიზისა და ლოს-ანჯელესის საორგანიზაციო კომიტეტები) გზას მიმართოს და ერთიანი შეთანხმებული პოზიციით წარსდგეს 2017 წლის სექტემბერში გასამართ სესიაზე.

რაც შეეხება 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლის შერჩევას, ეს პროცედურა არ დაიწყება „პიონანგ-2018"-ის დასრულებამდე. აქ პოტენციური მეტოქეები არიან კალგარი (კანადა), ინსბრუკი (ავსტრია) და სიონი (შვეიცარია). სავარაუდოდ, ბრძოლაში ასევე ჩაერთვებიან საპორო (იაპონია), ერზრუმი (თურქეთი) და ალმათი (ყაზახეთი).

www.geonoc.org.ge

0.101035