ძიუდო

17:55 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვერცხლი და 700 ქულა: პაპინაშვილმა რუსულ გრანდ სლემზე ქართული ანგარიში გახსნა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) ეკატერინბურგში დღეს დაწყებულ გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპის 2013 წლის ჩემპიონმა მსუბუქწონოსანმა, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, 700 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა და მსოფლიოს რეიტინგ-სიაში გალიდერებაც გაინაღდა.

დილის პროგრამაში პაპინაშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა. საქმეში მეორე წრიდან ჩაება და ყაზახ ასხატ ტელმანოვს ორი ვაზარით სძლია. ფრანგ სედრიკ რევოლთან შიდოთი აგებდა და საფინალო გონგამდე ოციოდ წამით ადრე შეასრულა მომგებიანი ვაზარი. ნახევარფინალში კი, ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს (2014), ესპანელ ფრანსისკო გარიგოსის ბეჭებზე დასაგდებად 25 წამი იკმარა.

გადამწყვეტ ბრძოლაში 28 წლის ქართველი მსუბუქწონოსანი იაპონიის მოქმედ ჩემპიონს, 21 წლის რიუჯუ ნაგაიამას დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა. პაპინაშვილი ვაზარიზე სამჯერ დავარდა, თავად კი ერთი ილეთის შესრულებაც ვერ შეძლო.

60 კილოგრამდე წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით კონკურენციაში ლუხუმ ჩხვიმიანიც ჩაება. წილისყრამ ის და პაპინაშვილი სატურნირო ბადის ერთ მხარეს მოახვედრა. მათი გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთდა, მაგრამ ქართული დაპირისპირება ფრანსისკო გარიგოსის გამო ვერ შედგა. ესპანელმა უილეთო მეოთხედფინალში, "ოქროს დროში” გამოცხადებული შიდოს უპირატესობით იმარჯვა. მსაჯმა ქართველი ძიუდოისტი მე-6 წუთზე, ტატამიდან გასვლის გამო გააფრთხილა.

ამ შეხვედრამდე ლუხუმ ჩხვიმიანმა ძირითად ბადეში ერთი შეხვედრა მოიგო – რუსი დმიტრი კულიკოვი შებოჭა. რეპეშაჟის ნახევარფინალში კი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ფრანგ სედრიკ რევოლთან ვაზარით დამარცხდა და ეკატერინბურგის გრანდ სლემზე მე-7 ადგილს და 260 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.

ასეთივე შედეგით დაასრულა ტურნირი 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე 18 წლის ბაგრატ ნინიაშვილმა. ჭაბუკებს შორის ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორმა ტაჯიკი ნავრუზ კარიმზოდისა და რუსეთის ნაკრების გამოცდილი წევრის - ანზაურ არდანოვის თითო ვაზარით ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში კიდევ ერთ "მასპინძელთან” – იაკუბ შამილოვთან წააგო. "ბრინჯაოს ნახევარფინალში” კი ბელარუს დმიტრი მინკოუსთან, დამატებით დროში გაშვებული ვაზარით დაასრულა გრანდ სლემზე გამოსვლა.

66 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ თბილისის წლევანდელი გრან პრის ჩემპიონმა და ბაქოს გრანდ სლემის ბრინჯაოს პრიზიორმა ლაშა გიუნაშვილმაც იჭიდავა, მაგრამ ამჯერად წარუმატებლად. რუსულ ტატამზე მხოლოდ ერთხელ გავიდა – საქმეში მეორე წრიდან ჩაება და მასპინძელთა ნაკრების წევრ ისლამ ხამეტოვთან დამარცხდა.

დღესვე, მედლები 73 კილოგრამშიც გათამაშდა. საქართველოს ნაკრებს ამ წონაში მონაწილე არ ჰყავდა.

ხვალ ვაჟთა საპრიზო ადგილები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში შეივსება. ქართული დროშის ქვეშ იჭიდავებენ: ზებედა რეხვიაშვილი, თამაზ კირაკოზაშვილი (ორივე - 81 კგ), უშანგი მარგიანი, ნიკა სიდამონიძე (ორივე - 90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი პარკატი (ორივე - 100 კგ), ლევან მატიაშვილი და ონისე ბუღაძე (ორივე - +100 კგ).

ძიუდო

გრანდ სლემი

ეკატერინბურგი (რუსეთი)

20 მაისი

ვაჟები

60 კგ

1 რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)

2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ალბერტ ოგუზოვი (რუსეთი)

3 სედრიკ რევოლი (საფრანგეთი)

7 ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო)

66 კგ

1 აბდულა აბდულჯალილოვი (რუსეთი)

2 ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია)

3 ისლამ ხამეტოვი (რუსეთი)

3 დმიტრი მინკოუ (ბელარუსი)

7 ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო)

73 კგ

1 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)

2 მარსელო კონტინი (ბრაზილია)

3 პიერ დუპრა (საფრანგეთი)

3 ბენჟამინ აქსუ (საფრანგეთი)

ქალები

48 კგ

1 ამი კონდო (იაპონია)

2 საბინა გილიაზოვა (რუსეთი)

3 მელანი კლემენი (საფრანგეთი)

3 ოტგონცეცეგ გალბადრახი (მონღოლეთი)

52 კგ

1 ერიკა მირანდა (ბრაზილია)

2 ალესია კუზნეცოვა (რუსეთი)

3 ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი)

3 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)

57 კგ

1 მირიამ როპერი (პანამა)

2 ნაე უდაკა (იაპონია)

3 ჯესიკა კლიმკაიტი (კანადა)

3 რაფაელა სილვა (ბრაზილია)

0.111637