ფეხბურთი

16:29 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ იაშვილი მინდორს უბრუნდება

ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მოედანს უბრუნდება "საბურთალოს" ფეხბურთელი ნოდარ იაშვილი. ამპლუით მცველმა მეორე ტურში ფოთის "კოლხეთთან" მატჩში ბარძაყის სწორი კუნთი დაიზიანა და მას შემდეგ მკურნალობდა. "დილასთან" მოახლოებულ მატჩში ის სავარაუდოდ 18-კაციან განაცხადში იქნება.

ნოდარ იაშვილმა კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა:

"ძალიან რთული და არასასიამოვნო დღეები უკან მოვიტოვე, ღვთის წყალობით ახლა თავს ჯანმრთელად ვგრძნობ. უკვე კარგა ხანია გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, თუ მწვრთნელები საჭიროდ ჩათვლიან, გორის "დილასთან" მატჩის 18-კაციან განაცხადში ვიქნები.

ერთი სული მაქვს ოფიციალურ შეხვედრას როდის ვითამაშებ. მართალია, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განვიცდი, მაგრამ იმედია მალე შევალ ფორმაში და გუნდის წარმატებაში ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან. ძალიან რთულია ტრიბუნებიდან მატჩის თვალის მიდევნება. კლუბს რომ გინდა დაეხმარო და ამის საშუალებას ჯანმრთელობა არ გაძლევს. მიუხედავად ამისა, მთელი ეს პერიოდი გუნდთან ერთად ვიყავი და გამარჯვებასა თუ წარუმატებლობას ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ერთად ვიზიარებდი.

ეროვნული ლიგის პირველი წრე მიილია და შეიძლება ჩემპიონატის გარკვეული შეფასებაც გაკეთდეს. დაძაბული პირველობაა, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა, რადგან თითქმის სამი წრეა ჩასატარებელი. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, "საბურთალო" ზედა პოზიციებზეა და ყველა მეტოქისთვის უხერხული მოწინააღმდეგეა. მჯერა და ამის შესაძლებლობა არის, რომ სამეულში მოვხვდეთ და ჩვენი გულშემატკივრები ლამაზი თამაშით ვასიამოვნოთ. თითოჯერ ყველას ვეთამაშეთ, მატჩებმა დაგვანახა, რომ თამაშით ბევრს ვაჯობეთ. თბილისის "დინამოსთანაც" პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მეორე ნახევარში ავირიეთ და საბოლოოდ წავაგეთ მატჩი.

რაც შეეხება გორის "დილასთან" მოახლოებულ შეხვედრას, მეტოქე სერიოზული გვყავს, მაგრამ სამი ქულა ჰაერივით გვესაჭიროება. მოწინააღმდეგე ბოლო პერიოდში პროგრესს განიცდის და საინტერესო ფეხბურთს თამაშობს, თუმცა გვაქვს იმის რესურსი, რომ მეტოქე დავჯაბნოთ და 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში" - უთხრა ნოდარ იაშვილმა კლუბის პრესსამსახურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123046