ავტოსპორტი

19:08 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ექვსი ქულა მონცაზე

დათა ქაჯაიამ TCR-ის საერთაშორისო სერიის იტალიის ეტაპიდან 6 ქულა წამოიღო, რითაც პილოტების კლასიფიკაციაში ერთი საფეხურით წინ წაიწია. პირველი დაუსრულებელი რბოლის შემდეგ, მეორე რბოლაში მისი მთავარი ამოცანა სწორედ ქულების მოპოვება იყო და მან ეს შეძლო კიდეც!

რევერსის წესის შეაბამისად, ამჯერად დათა სტარტზე მეშვიდე ადგილზე დადგა. რბოლა მისთვის არცთუ კარგად დაიწყო - მართალია, სტარტზე დროულად დაძრა ავტომობილი, მაგრამ რობერტო კოლჩაგომ მაინც შეძლო მისი ჩამოტოვება. იტალიელმა თანაგუნდელი ატილა ტაში და ქაჯაია პირველ მოსახვევამდე ჩამოიტოვა და მ’ატო ჰომოლას შეუტია.

პირველ მოსახვევში ქაჯაიასა და ტაშის შორის კონტაქტი მოხდა, რამაც უნგრელი დაატრიალა და ის უკან მომავალ დუშან ბორკოვიჩს დაეჯახა. სერბმა კარგი სტარტი აიღო, მაგრამ ტაშის უკონტროლო „ჰონდასგან“ თავის არიდბა ვეღარ მოასწრო. მისთვის რბოლა პირველივე მოსახვევში დასრულდა. ტაშიმ კი ასპარეზობა გააგრძელა.

ქაჯაიას და ტაშის კონტაქტამდე, ინციდენტი მათ წინც მოხდა - ჟან-კარლ ვერნეი უგო ვალენტეს დაეჯახა, რომელმაც ცუდი სტარტი აიღო. ჩემპიონატის ლიდერმა უდანაკარგოდ გააგრძელა გზა, ვალენტეს კი ლამის მთელმა პელოტონმა გაუარა. ამავე მოსახვევში, დათას ფრედერიკ ვერვიშმა გაასწრო, რომელმაც მეორე მოსახვევი გაჭრა და ამით ერთბაშად რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა. თუმცა სტუარდებს წესის დარღვევისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. სხვათა შორის, ვერვიშს მოსახვევი რომ არ მოეჭრა, ტაში მასაც დაეჯახებოდა.

ამ ორომტრიალის შემდეგ, ქაჯაია ვერვიშის უკან აღმოჩნდა და მაშინვე შეუტია, თუმცა სლიპ სტრიმი საკმარისი არ აღმოჩნდა მეტოქის „აუდის“ გასასწრებად, რომელიც მონცაზე ყველაზე სწრაფი მანქანა იყო. ამასობაში კი სტეფანო კომინი დაწინაურდა, რომელმაც ჯეიმს ნაში ჩამოიტოვა.

კომინის რბოლის მიწურულს პირველი რბოლის გამარჯვებული კოლჩაგო წამოეწია და გაასწრო კიდეც, თუმცა ეს მოსახვევის მოჭრით შეძლო, რის გამოც, შვეიცარიელს პოზიციის დაბრუნების საშუალება მისცა. ბოლო ორ წრეზე იტალიელმა, რომელიც მონცას ტრეკიდან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს, რამდნჯერმე სცადა დაწინაურება, თუმცა კომინის „აუდი“ ბალასტითაც მის „ჰონდაზე“ სწრაფი იყო და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. კოლჩაგო მეორე ადგილს დასჯერდა. მესამეზე კი ვერვიში გავიდა, რომელმაც კვარცხლბეკისკენ გზა ბრძოლით გაიკაფა.

ქაჯაიამ კი შუა რბოლაში პეპე ორიოლას ჩამოტოვება შეძლო და ბოლოსკენ ჰომოლას გასწრებაც სცადა, მაგრამ ეს აღარ გამოუვიდა და საბოლოოდ, მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ქართველი მრბოლი გამარჯვებულს მხოლოდ 2.3 წამით ჩამორჩა. მეორე რბოლაში მოპოვებული ექვსი ქულით, ის თანაგუნდელ ბორკოვიჩს გაუტოლდა, რომელთანაც მე-6 ადგილს იყოფს.

მომდვნ ეტაპს ავსტრიის ზალცბურგრინგი უმასპინძლებს, სადაც რბოლები 11 ივნისს გაიმართება.

TCR-ის საერთაშორისო სერია

მონცა, რბოლა 2 (11 წრე)

  1. სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი) 22:14.501
  2. რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა) +0.170
  3. ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი) +1.273
  4. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატი) +1.797
  5. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) +2.052
  6. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელი) +2.240
  7. დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო) +2.369
  8. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) +2.789
  9. ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა) +3.361
  10. ფერენც ფიჩა (უნგრეთი, სეატი) +3.754
  11. იააპ ვან ლაგენი (ჰოლანდია,ფოლკსვაგენი) +4.001
  12. ჯაკომო ალტოე (იტალია, ფოლკსვაგენი) +9.062
  13. იენს რენო მიოლერი (დანია, ჰონდა) +15.510
  14. პიერ-ივ კორტალსი (ბელგია, ოპელი) +16.704
  15. დანიელე კაპელარი (იტალია, სეატი) +57.232
  16. ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენი) 2 წრე

კლასიფიკაციის გარეშე

  1. სტიან პაულსენი (ნორვეგია, სეატი) 6 წრე
  2. უგო ვალენტე (საფრანგეთი, სეატი) 1 წრე
  3. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო) 1 წრე

უსწრაფესი წრე: ატილა ტაში - 1:59.958 (173.9 კმ/სთ)

პილოტების კლასიფიკაცია მონცას შემდეგ

1. ჟან-კარლ ვერნეი - 113 ქულა; 2. რობერტო კოლჩაგო - 97; 3. სტეფანო კომინი - 95; 4. ატილა ტაში - 76; 5. პეპე ორიოლა - 66; 6-7. დავით ქაჯაია და დუშან ბორკოვიჩი - 53; 8. ფრედერიკ ვერვიში - 52; 9. ჯეიმს ნაში - 50; 10. უგო ვალენტე - 46; 11-12. ბენჟამინ ლესენსი და ფერენც ფიჩა - 31; 13. რობ ჰაფი - 27; 14. მატ’ო ჰომოლა - 20; 15. პიერ-ივ კორტალსი - 19; 16. ედუარდ მონდრონი - 18; 17. ჯანი მორბიდელი - 10; 18. ჯაკომო ალტოე - 7; 19. ტომ კორონელი - 4

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108875