ბლოგი

22:00 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მოტყუება ადვილია, ანუ ერთი სახალისო ამბის გახსენება

1 აპრილი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც ხუმრობისა და მასხრობის დღე. სხვაგვარად ამ დღესასწაულს "სულელთა დღესაც" ეძახიან. თუმცა, ეს რიცხვი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. მაგალითად არგენტინაში 1 აპრილის ნაცვლად „მოტყუების დღედ“ 9 ნოემბერი ითვლება, ხორვატიაში 11 აპრილი და ასე შემდეგ...

მსგავსი დღესასწაული სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტრადიციულად აღინიშნებოდა. ამგვარი ზეიმებიდან უძველესია ე. წ. სატურნალიები, რომელიც ძველ რომში დეკემბრის თვეში იმართებოდა. სატურნალიების მთავარი ღირშესანიშნაობა ის იყო, რომ ერთი დღის განმავლობაში მონები და მათი პატრონები ადგილებს ცვლიდნენ. ანუ მონებს უფლება ეძლეოდათ, ნებისმიერი რამ დაევალებინათ თავიანთი პატრონებისათვის და ეს უკანასკნელნი ვალდებულნი იყვნენ, ყველა ბრძანება შეესრულებინათ.

მსგავსი დღესასწაული იმართებოდა ძველ ბრიტანეთშიც. ეს გახლდათ ძველ კელტთა ერთ-ერთი ღვთაების - ხუმრობისა და გართობის ღმერთის ლუდის სახელობის დღესასწაული.

ხუმრობა ქართველებისათვის უცხო ხილი ნამდვილად არ არის და მკითხველთან მსუბუქად გახუმრების ტრადიცია ქართულ მედიაშიც კარგა ხანია დამკვიდრდა. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საპირველაპრილო ხუმრობის ავტორი გაზეთი "რეზონანსი" გახლავთ.

1999 წლის 1 აპრილს ამ გაზეთის ფურცლებზე დაიბეჭდა ცნობა, რომ ქართველ მოკრივე გიორგი კანდელაკს ჰელსინკის მოყვარულთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედალი ჩამოერთვა. მიზეზი კი ის იყო, რომ დოპინგკონტროლზე შემოწმებისას კანდელაკის სისხლში მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აკრძალული პრეპარატის კვალს მიაგნეს.

სტატიას თან ერთვოდა მოყვარულთა მსოფლიო კრივის ფედერაციიდან მიღებული ფაქსიც.

ამ ცნობამ საქართველოს სპორტული წრეები მეტად ააფორიაქა. რედაქციაში არ წყდებოდა სატელეფონო ზარები. მკითხველს აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა განაჩენის გასაჩივრება და კანდელაკისათვის კუთვნილი ოქროს მედლის უკან დაბრუნება.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა თავად ეწვია რედაქციას სიმართლის დასადგენად და რომ გაიგეს, ყველაფერი საპირველაპრილო ხუმრობა იყო, შვებით ამოისუნთქეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113879