ავტოსპორტი

23:46 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაიას „ჯულიეტა“ ისევ ჭირვეულობს

არადა, რეალური შანსი იყო იმისა, რომ ქართველი მრბოლი ლეგენდარული ტრასის კვარცხლბეკზე ასულიყო. TCR-ის საერთაშორისო სერიის იტალიის ეტაპზე, რომელსაც მონცა მასპინძლობს, დათა ქაჯაიამ პირველი რბოლა მეორე რიგიდან დაიწყო და სტარტზეც, კვალიფიკაციაში მოპოვებული პოზიცია ბრძოლით შეინარჩუნა. ეს კი იმის წინაპირობა იყო, რომ წინ წაწევაზეც ეზრუნა.

ქაჯაია საქმეს მეორე წრის პირველივე მოსახვევში შეუდგა, როცა წინ მრბოლი ფრედერიკ ვერვიშის გასწრება სცადა. ბელგიელმა პილოტმა სტარტი პოულიდან აიღო, მაგრამ პირველ მოსახვევამდე მას რობერტო კოლჩაგომ და ატილა ტაშიმ გაასწრეს. დათამ შიდა რადიუსით სცადა შეტევა მაგრამ მოსახვევში ერთბაშად სიჩქარე დაკარგა და იქვე ვერვიშს შეეჯახა კიდეც. როგორც ნარბოლევს განაცხადა, სწორედ გასწრების მომენტში, ელექტრონიკა გაეთიშა.

ორივემ შეძლო რბოლის გაგრძელება. კონტაქტის შემდეგ, ქაჯაიას მანქანაზე ელექტრონიკა ისევ ამუშავდა, მაგრამ უკვე ყველაფერი პრაქტიკულად დაკარგული იყო - ქართველმა პელოტონის ბოლოში გადაინაცვლა. ასეთი გაწბილება დათას ბრძოლისუნარიანობას არ დასტყობია. მან რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და ქულების ზონას მიუახლოვდა, სადაც მე-10 ადგილისთვის ერთმანეთს სტეფანო კომინი და დათას თანაგუნდელი დუშან ბორკივიჩი ებრძოდნენ. მე-9 წრეზე ქაჯაიამ ჯეიმს ნაშს გაასწრო და წინ მიმავალ ჯანი მორბიდელისაც მალევე დაეწია, რომელიც ბორკოვიჩთან შესატევ მანძილზე იყო. მაგრამ ამ დროს, დათას ისევ ელექტრონიკამ უმტყუნა და იძლებული გახდა, ბოქსებისკენ გადაეხვია.

„ისევ გაფუჭდა... რაღაც აბსურდია: გაუკვეველი მიზეზის გამო, ელექტრობა გაითიშა და მოსხვევში ვეღარ შევედი. მანქანებთან მცირე კონტაქტიც მქონდა. გადავედი მოსახვევიდან და ყველაფერი ჩაირთო. დავბრუნდი რბოლაში. რამდენიმე მეტოქეს გადავასწარი კიდეც და ისევ იგივე... აღარ ვიცი, რა ვთქვა“, - ნარბოლევს განაცხადა ქაჯაიამ.

გამარჯვება კი კოლჩაგომ მოიპოვა, ვინც მონცას ტრეკიდან რამდნმე კილომეტრში ცხოვრობს და ამ მოგებით, ადგილობრივი მაყურებელი დიდად გაახარა. ის მთელი რბოლის განმავლობაში ახერხებდა თანაგუნდელ ტაშის შეტევების მოგერიებას და მისთვის გასწრების შანსი ერთხელაც არ მიუცია. ამ სეზონში ის პირველი პილოტია, ვინც ორი რბოლის მოგება შეძლო.

ტაშის რბოლის მიწურულს ძალიან გაუჭირდა: მე-9 წრეზე მოსახვევში ვერ ჩაეტია და წინ პეპე ორიოლა გაუშვა, მაგრამ ესპანელსაც არ გაუმართლა - უკანა მარცხენა საბურავი დაუზიანდა, რის გამოც, ტემპის შენარჩუნება ვერ შეძლო და ამით, უნგრელ მეტოქეს მეორე პოზიციის დაბრუნების საშუალება მისცა. ბოლო მოსახვევებში ორიოლას ჩემპიონატის ფრანგმა ლიდერმა, ჟან-კარლ ვერნეიმაც შეუტია, მაგრამ ამაოდ.

TCR-ის საერთაშორისო სერია

მონცა (იტალია), რბოლა 1 (11 წრე)

  1. რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა) 22:14.954
  2. ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა) +1.613
  3. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 2.258
  4. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 2.408
  5. ფერენც ფიჩა (უნგრეთი, სეატი) 5.209
  6. ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი) 5.881
  7. უგო ვალენტე (საფრანგეთი, სეატი) 8.591
  8. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელი) 10.686
  9. სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი) 13.338
  10. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო) 14.005
  11. ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენი) 16.893
  12. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატი) 20.465
  13. სტიან პაულსენი (ნორვეგია, სეატი) 23.128
  14. იენს რენო მიოლერი (დანია, ჰონდა) 26.644
  15. დანიელე კაპელარი (იტალია, სეატი) 53.939
  16. დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო) 2 წრე
  17. პიერ-ივ კორტალსი (ბელგია, ოპელი) 3 წრე
  18. იააპ ვან ლაგენი (ჰოლანდია,ფოლკსვაგენი) 8 წრე
  19. ჯაკომო ალტოე (იტალია, ფოლკსვაგენი) 11 წრე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.227155