ავტოსპორტი

23:25 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი პოულზე დაბრუნდა

ესპანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა ლუის ჰამილტონმა მოიგო, რომელმაც 0.051 წამით აჯობა ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელს. ეს ჰამილტონისთვის ზედიზედ მეორე ესპანური და კარიერაში 64-ე პოულ პოზიციაა. ერთიც და ამ მაჩვენებლით, ის თავისი ბავშვობის კერპს, ლეგენდარულ აირტონ სენას გაუტოლდება.

„ჩემი ბოლო სწრაფი წრე არც ისე კარგი იყო, თუმცა დავინახე, ფანები მილოცავდნენ და მივხვდი, რომ პოული მოვიგე“, - პიტლეინზე შესვლისთანავე, სახელდახელო ინტერვიუსას განაცხადა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ვინც კლასიფიკაციაში ფეტელს 13 ქულით ჩამორჩება.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის „ფერარიზე“, მესამე პრაქტიკასა და კვალიფიკაციას შორის, ძრავი შეცვალეს. გუნდმა კარგად იმუშავა მანქანის მომზადება რბოლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაასრულა. ამისათვის გერმანელი პილოტისგან, ტრასაზე გასვლისთანავე რადიოთი მადლობა დაიმსახურა. მაგრამ სანამ პირველ სწრაფ წრეს გაივლიდა, გუნდმა ბოქსებში იხმო. ბედად, ბოქსში შესვლა და რემონტი საჭირო არ გახდა და ფეტელმაც პირველი საკვალიფიკაციო ბარიერი გაიარა. შემდგომ ორ ნაწილში კი მისთვის ჩვეულ ტემპში იასპარეზა.

მეორე რიგშიც „მერსედესის“ და „ფერარის“ პილოტები დადგებიან - მესამე და მეოთხე შედეგები ფინელებს, ვალტერი ბოტასს და კიმი რაიკონენს აქვთ. ამასთან, პირველი ოთხი პილოტი 0.3 წამმა დააშორა. რაიკონენს დაახლოებით ამდენივეთი ჩამორჩა მაქს ფერსტაპენი. ჰოლანდიელი პილოტი კმაყოფილია იმ სიახლეებით, რომლებიც „რედ ბულმა“ თავისი მანქანების კონსტრუქციაში შეიტანა. შეგახსენებთ, რომ მაქსმა თავის ფ1-ის კარიერაში პირველი გამარჯვება შარშან სწორედ ბარსელონას ტრეკზე მოიპოვა მას შემდეგ, რაც სტარტზევე ერთმანეთი დაამტვრიეს ჰამილტონმა და მისმა მაშინდელმა თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა. მაქსს თითქმის ნახევარი წამით ჩამორჩა მისი თანაგუნდელი დანიელ რიკარდო.

მეშვიდე დრო აჩვენა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფერნანდო ალონსომ, ვისაც პირველ პრაქტიკაზე ძრავი დაუზიანდა, მეორეზე კი ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა. ასეც რომ არ მომხდარიყო, „მაკლარენ-ჰონდას“ კომბინაციისგან მეშვიდე დროს ალბათ თავად ესპანელიც არ ელოდა. თუმცა, საჭესთან ალონსოს ყოფნა დამატებითი ცხენის ძალების ტოლფასია. შედარებისთვის, კვალიფიკაციის პირველი ნაწილის გავლაც ვერ მოახერხა მისმა თანაგუნდელმა სტოფელ ვანდოორნმა.

ესპანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:19.149
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:19.200
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:19.373
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:19.439
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:19.706
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:20.175
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:21.048
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:21.070
  9. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:21.232
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:21.272

- - - - - - - - - -

  1. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:21.329
  2. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:21.371
  3. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:21.397
  4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:21.517
  5. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:21.803

- - - - - - - - - -

  1. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:22.332
  2. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:22.401
  3. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:22.411
  4. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:22.532
  5. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:22.746
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.204784