ფეხბურთი

18:53 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ავი ძაღლივით "ექსელსიორი"... ათი წლის წინანდელიც კი გვახსოვს

დღეს ყველა ელოდა, რომ "ფეიენოორდი" ჰოლანდიის ჩემპიონობას გაინაღდებდა, თუმცა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის გაწვრთნილებმა თანაქალაქელ "ექსელსიორთან" 0:3 წააგეს და ერთი ქულითღა უსწრებენ "აიაქსს".

უცნაურია შედეგი და მითუმეტეს, ანგარიშიც. დარჩა ბოლო ტური, "ფეიენორდი" "ჰერაკლესს" უმასპინძლებს და თუ მოიგებს, მაინც მოიპოვებს ნანატრ ჩემპიონობას. დიდი ალბათობით, ასეც მოხდება, მაგრამ ვითარება კი დაიძაბა.

უცებ გაგვახსენდა, რომ როტერდამის "ექსელსიორმა" ადრეც გამოავლინა ბრძოლისუნარიანობა და შოთა არველაძე გაამწარა. ეს მოხდა 2007 წელს, შოთა "ალკმაარში" თამაშობდა, მის გუნდს ბოლო ტურში გამარჯვება სჭირდებოდა სტუმრად "ექსელსიორთან" და მორჩა, ჩემპიონი ხდებოდა. ალკმაარელებმა 2:3 წააგეს და ჩემპიონი პსვ გახდა.

ამჯერად სააიაქსოდ გაისროლა "ექსელსიორმა", არადა, ათი წლის წინაც ცხრილის მიხედვით უმოტივაციო იყო და ახლაც ასეა. ასეთია, ავი ძაღლივით.

0.113271