სხვა

18:29 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ტოკიო-2020"-ის თილისმის შესარჩევი კონკურსი

15 წევრისგან შემდგარი კომისია, რომელსაც იაპონიის კულტურის საქმეთა კომისარი რიოხეი მიატა ხელმძღვანელობს, პირველად წლეულს, იანვარში შეიკრიბა და მას საკმაოდ რთული მისია დაეკისრა - უნდა შეარჩიოს 2020 წლის ოლიმპიადის თილისმა. კომისიაში შედიან ცნობილი იაპონელი დიზაინერები, სპორტსმენები და საზოგადო მოღვაწეები.

რამდენიმე დღის წინ კომისია მერვედ შეიკრიბა და ხანგრძლივი განხილვის შემდეგ კონკურსის კრიტერიუმები და შერჩევის წესები დაადგინა.

„საბოლოო სიტყვას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტი იტყვიან, თუმცა აქამდე მათი დამოკიდებულება პოზიტიური იყო," - განაცხადა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იოშიკო იკომამ, რომლის თქმითაც, თილისმის დიზაინი შეირჩევა ღია კონკურსის წესით და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია იაპონიაში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა.

კონკურსანტმა კომისიას უნდა გაუგზავნოს სხვადასხვა რაკურსით შესრულებული ესკიზის 6 ვარიანტი, რომელსაც უნდა ახლდეს ისტორია თავად თილისმის შესახებ. „იაპონია თილისმებისა და გმირების სიმრავლით გამორჩეული ქვეყანაა. სასიამოვნოა, რომ გაჩნდება კიდევ ერთი ახალი თილისმა," - აცხადებს იოშიკო იკომა.

„ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტმა თილისმის შესარჩევი ავტორიტეტული კომისია მოიწვია იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ აჟიოტაჟი, რომელიც თან ახლდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ემბლემის შერჩევას.

როგორც ცნობილია, „ტოკიო-2020"-ის საორგანიზაციო კომიტეტმა კონკურსში გამარჯვებული ემბლემა შეცვალა, რადგანაც მისი ავტორი, იაპონელი დიზაინერი კენჯირო სანო პლაგიატობაში დაადანაშაულეს. საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ემბლემის შესარჩევი ახალი ტური, წინა კონკურსისგან განსხვავებით, - ღია წესით ჩატარდა. გარდა მხატვრებისა და დიზაინერებისა, ამჯერად, ემბლემის ავტორობის საშუალება ნებისმიერ მსურველს ეძლეოდა. ხელმეორედ ჩატარებულ კონკურსზე 15 ათასი განაცხადი შევიდა.

თუმცა, საორგანიზაციო კომიტეტი ამჯერადაც, კრიტიკის ობიექტი გახდა. კონკურსის ღია წესით ჩატარების შესახებ მოსაზრება ორად გაიყო. გარკვეული ნაწილი იწონებდა ორგანიზატორთა გადაწყვეტილებას. თუმცა, არსებობდა საპირისპირო აზრი, რომ მსგავსი მასშტაბური ღონისძიების ემბლემა უნდა შექმნან პროფესიონალებმა. საბოლოოდ, კონკურსში გაიმარჯვა და 2020 წლის ოლიმპიადის ემბლემის ავტორი გახდა დიზაინერი ასაო ტოკორო - ტოკიოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომლის შექმნილმა ემბლემამაც დადებითი შეფასება დაიმსახურა.

„ტოკოი-2020"-ის თილისმას საორგანიზაციო კომიტეტი 2018 წლის ზაფხულში წარუდგენს საზოგადოებას.

geonoc.org.ge

თეგებიტოკიო-2020
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113152