ფეხბურთი

3:00 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ელ კლასიკომ საჩემპიონო ინტრიგა დააბრუნა

ფაქტობრივად ყველა ფაქტორის (კლუბების სათამაშო ფორმის, დანაკლისის და საშინაო მოედნის გამო) გათვალისწინებით გუშინდელ ელ კლასიკოში ფავორიტად "რეალი" მოიაზრებოდა, თუმცა ლიონელ მესის ბრწყინვალე თამაშის წყალობით “ბლაუგრანამ” გამარჯვება 92-ე წუთზე მოიპოვა და ჩემპიონობის რეალური შანსი დაიბრუნა.

მადრიდელებს დაცვის ცენტრალურ ხაზში კვლავ პრობლემები აქვთ, რადგან რაფაელ ვარანი და პეპე ტრავმირებულნი არიან, მაგრამ მეტოქეს ბევრად სერიოზული დანაკლისი ჰქონდა. კატალონიურ გრანდს დისკვალიფიკაციის გამო ნეიმარი არ ჰყავდა (და ბევრად სერიოზულ დანაკლისში რასაკვირველია ის იგულისხმება), ხოლო ვიდალი, მატიე და რაფინია ლაზარეთში იმყოფებიან.

ზინედინ ზიდანმა მოსალოდნელი შემადგენლობა დააყენა, ხოლო ლუის ენრიკემ ნეიმარის ჩანაცვლება პაკო ალკასერით გადაწყვიტა: ესპანელი ფორვარდი ხან მარცხენა ფლანგისკენ იწეოდა, ეპიზოდურად კი ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე გადადიოდა და ლუის სუარესს უწყვილდებოდა, ხოლო ლიონელ მესი ამ დროს თავდამსხმელების უკან მოქმედებდა.

შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე პირველ სადავო ეპიზოდი მოხდა: კრიშტიანო რონალდუ საკუთარ საჯარიმოშო სამუელ უმტიტიმ წააქცია, რაზეც პორტუგალიელი პენალტის დანიშვნას ითხოვდა და უნდა ითქვას, რომ ამის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა.

ნახსენები მომენტის გარდა, საწყის წუთებში რონალდუ ორჯერ დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ ტერ შტეგენმა ორჯერვე იმარჯვა. საპასუხოდ, სტუმართაგან აქტიურობდა ლუის სუარესი, თუმცა ურუგვაელმა ორჯერ ააცილა ნავასის კარს.

28-ე წუთზე კი უკვე ანგარიში გაიხსნა და ამის გაკეთება მადრიდელებმა მოახერხა: სერხიო რამოსმა ახლო მანძილიდან ძელს მოარტყა ბურთი, ხოლო დამატებაზე ყველას კასემირომ დაასწრო და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

მასპინძელთა სიხარულმა ხუთიოდე წუთს გასტანა – ლიონელ მესიმ ბრწყინვალედ ითამაშა, კარვახალს იოლად გაუსწორდა და შემდგომ ნავასს შორეულ კუთხეში შეუგდო. აღსანიშნავია, რომ ელ კლასიკოში ყველა დროის საუკეთესო მეგოლეს, "რეალის" კარში ბოლოს 3 წლის წინ ჰქონდა გატანილი.

ტაიმის დასრულებამდე თითო მომენტი ორივე გუნდს შეექმნა, მაგრამ უფრო საინტერესო ფაქტებიც მოხდა: 39-ე წუთზე გარეტ ბეილს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და მოედანზე მარკო ასენსიო გამოჩნდა, ხოლო კომპენსირებულ დროში კასემირომ მესის წინააღმდეგ იუხეშა და მთელი “ბარსელონა” მისთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენებას მოითხოვდა, მაგრამ ალეხანდრო ერნანდესი ასე არ მოიქცა.

მეორე ნახევარიც “რეალის” შეტევებით დაიწყო და საწყის წუთებში ტერ შტეგენმა ჯერ კროოსს არ გაატანინა, ხოლო შემდეგ ქარიმ ბენზემას ძალიან რთულ თავურს გაუმკლავდა. ამის შემდგომ, სტუმრებმაც შეუტიეს და 56-ე წუთზე კეილორ ნავასმა პაკო ალკასერს აჯობა, ორიოდე წუთში კი ხერარდ პიკეს თავური უკუაგდო.

მომდევნო შანსი კრიშტიანო რონალდუს ჰქონდა და უნდა ითქვას, რომ პორტუგალიელი ვალდებული იყო გაეტანა. ქარიმ ბენზემამ და მარკო ასენსიომ (ახალგაზრდა ესპანელი მშვენივრად ჩაერთო თამაშში და ერთ-ერთი გამორჩეული იყო) ყველაფერი გააკეთეს რომ მას შეეგდო, მაგრამ ახლო მანძილიდან გერმანელი კიპერის კარს გადააცილა.

ასეთი მომენტის გამოუყენებლობა მასპინძლებს ძვირად დაუჯდათ. 73-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა საჯარიმოს მისადგომებიდან შესანიშნავად გაისროლა და “ბარსა” დააწინაურა. ხუთიოდე წუთში “რეალის” მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, რადგან ლიონელ მესის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო, ალეხანდრო ერნანდესმა სერხიო რამოსს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და მასპინძლები კაპიტნის გარეშე დარჩნენ.

“ბლანკოსის” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ გამტყდარან, რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, მაინც შეუტიეს და 85-ე წუთზე ხამესმა ახლო მანძილიდან გაათანაბრა. მასპინძელები არც ამაზე გაჩერდნენ და მესამე ბურთის გატანაც მოინდომეს, მაგრამ ტერ შტეგენმა კვლავ ივარგა და ამჯერად ასენსიოს არ გაატანინა.

შეხვედრა თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 20 წამით “ბარსელონამ” უსწრაფესი კონტრშეტევა განახორციელა, რომელიც ლიონელ მესის უზუსტესი და გამარჯვების მომტანი დარტყმით დასრულდა – 2:3. არგენტინელი ვარსკვლავისთვის ეს გოლი მე-500 გამოდგა კატალონიური გრანდის მაისურით.

ამრიგად, “რეალს” და “ბარსელონას” თანაბარი 75-75 ქულა აქვთ, თუმცა მადრიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

რაც შეეხება დღის სხვა მატჩებს: “სოსიედადმა” ვილიან ჟოზეს გოლით შინ “დეპორტივოს” აჯობა და მე-6 ადგილი შეინარჩუნა, “ბეტისმა” გასვლაზე ევროპა ლიგაზე გადაღლილ “სელტას” სძლია, ხოლო “გრან კანარიაზე” ადგილობრივმა “ლას პალმასმა” და “ალავესმა” ქულები გაიყვეს.

რეალი – ბარსელონა 2:3 (1:1)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, ნაჩო, რამოსი, კარვახალი, მარსელო, კროოსი, კასემირო (კოვაჩიჩი 70), მოდრიჩი, ბეილი (ასენსიო 39), რონალდუ, ბენზემა (ხამესი 82).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, უმტიტი, ალბა, რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, ალკასერი (გომეში 70), ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0 კასემირო (28), 1:1, 2:3 მესი (33; 92), 2:2 ხამესი (85)
გაფრთხილებები: კასემირო, კოვაჩიჩი – უმტიტი, მესი
გაძევება: რამოსი (77)
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

სოსიედადი – დეპორტივო 1:0 (1:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-3-3): რული, რ.ნავასი, ი.მარტინესი, ბერჩიჩი, ზალდუა, ილარამენდი, ზურუტუზა, პრიეტო, ოიარზაბალი (გრანერო 90), ველა (კანალესი 73), ვილიან ჟოზე (ხუანმი 65).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, სიდნეი, ალბენტოსა, ლუისინიო, ხუანფრანი, ბერგენტინოსი, ბორგესი, ჩოლაკი (ხოსელუ 70), ფაჟრი (გამა 80), კაკუტა (ჯონი 56), ანდონე.
მწვრთნელი: პეპე მელი

გოლი: ვილიან ჟოზე (28)
გაფრთხილებები: რ.ნავასი – ალბენტოსა, ფაჟრი, ბერგენტინოსი
მსაჯი: დანიელ ოკონ არაისი

სელტა – ბეტისი 0:1 (0:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, რონკალია, ს.გომესი, პლანასი (ხონი 63), ა.ლემოსი, ჩეიკი (ვასი 71), რადოია, მ.დიასი, ბონგონდა, ხოზაბედი, გუიდეტი (ბივუ 59).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ბეტისი (5-3-2): ადანი, მანდი, ტოსკა, ბ.გონსალესი, დურმისი, რ.ნავარო, სებალიოსი, ბრასანაჩი (სეხუდო 89), პარდო (პეტროსი 87), ხოაკინი (რ.კასტრო 82), ალეგრია.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლი: ბრასანაჩი (54)
გაფრთხილებები: პლანასი, ვასი, მ.დიასი – დურმისი, ბ.გონსალესი, სებალიოსი, რ.ნავარო, სეხუდო
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

ლას პალმასი – ალავესი 1:1 (1:0)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-2-3-1): რაული, ბიგასი, დ.გარსია, მაჩედო, კასტელიანო, მონტორო, მესა, ჰალილოვიჩი (ბ.რამირესი 77), ტანაუსუ (ერნანი 72), ხესე, ბოატენგი (ლივაია 83).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, ლაგუარდია (ელი 15), ფედალი, კიკო, ტ.ერნანდესი, მ.გარსია, მ.ლორენტე, კამარასა (სობრინო 85), იბაი, ტოკერო (რომერო 58), დეივერსონი.
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

გოლები: 1:0 ბოატენგი (44), 1:1 იბაი (61)
გაფრთხილებები: მესა, მაჩედო, დ.გარსია, მონტორო – დეივერსონი
გაძევება: ლივაია (86)
მსაჯი: მუნუერა მონტერო

0.123112