ბლოგი

20:00 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაცი “იუვენტუსის” მაისურით

თუ შეშლილი არა ხარ, ნამდვილად არ გადაწყვეტ სუსხიან საღამოს, ფლორენციაში “არტემიო ფრანკის” სტადიონის წინ ტურინის “იუვენტუსის” მაისურით ვარჯიშს, რადგან გამბედაობა და უშიშრობა კარგი თვისებები რომაა - ეს ყველამ ვიცით, თუმცა თუკი გამბედაობის უკან არაფერი დგას, შეშლილის გამბედაობა აბა რა საქები და გამოსარჩევი ამბავია? მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ და ალბათ არც არასოდეს დაგვავიწყდება...

იმ კაცს სულ არ ადარდებდა არც რიგითი ფლორენციელების გაკვირვებული მზერა და არც მისი მაისურისგან მომდინარე საფრთხე. ყველანი ვიდექით და გაოცებულები შევცქეროდით “იმ თავხედს”, რომელიც ხალხის ჯგუფებში კოხტად დაძუნძულებდა და სტვენასა და გინებას ისე მშვენივრად იტანდა – ბევრ ქართველ პოლიტიკოსს რომ შეშურდება. არადა, ის ნამდვილად არ იყო საღვებელააკიდებული მთიული კაცი, როგორც ერთ ძველ და მივიწყებულ ამბავშია. ქვემოთ ამ ამბავსაც გიამბობთ.

საქმე იმაშია, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთან ჩხუბისა და გაწევ-გამოწევის გარშე არსებობა ვერ წარმოუდგენიათ და ასეთები ჩვენში დღესაც მრავლად არიან. ამ ხალხს წესით მარტივი სახელი – პროვოკატორები ქვიათ და მათ შესახებ კარგი წარმოდგენა როგორც წესი არავის აქვს, მაგრამ, სულ სხვა ამბავია, როდესაც პროვოკატორი მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მიერ მოწყობილ მიტინგზეა შემძვრალი და ათასგვარ საძაგლობას აკეთებს, რომ ხალხი ერთმანეთს დაატაკოს და სულ სხვაა, როდესაც შუაგულ ფლორენციაში, მრავლისმნახველი ”არტემიო ფრანკის” წინ, იქაურთათვის საძულველი “ბებერი ქალბატონის” მაისურით მედიდურად გადი-გამოდიხარ. აქ მარტო ფეხბურთზე არცაა ლაპარაკი. პროვოკაროტობასაც ალბათ თავისი ეშხი აქვს...

ზემოთ ძველი მთულური ამბავი ტყუუილად არ მიხსენებია, რადგან, რატომღაც მგონია, რომ ის ძველი ქართული ამბავი “იუვენტუსის” მაისურში გამოჭიმული კაცის ამბავს სწორედაც რომ მშვენივრად ებმის. ადრე (და ნაწილობრივ დღესაც) მთაში დრეობებზე ჩხუბი არამხოლოდ ჩვეულებრივი მოვლენა იყო, არამედ ერთგვარ აუცილებლობადაც კი ითვლებოდა. დღეობიდან უჩხუბრად ჯეელი ბიჭების დაბრუნება კი არ იყო მაინცდამაინც კარგი საქციელი. ჰოდა ერთხელაც, როდესაც მოხუცებულ მამას დღეობიდან სახლში სამი ვაჟიშვილი განაკაწრის გარეშე დაუბრუნდა, გადარეული მამა ადგა, წელზე ხისგან დაზადებული კარაქის სადღვებელა აიკიდა და სოფელში გავიდა.

ეს ის დროა, როდესაც მთაში მამაკაცისათვის ქალის ხელსაწყოს წელზე აკიდება დიდი სირცხვილი იყო. ამიტომაც, სოფელში მოხუც მამას კენჭების სროლა და დაცინვა დაუწყეს – ამ სიბერეში გაქალაჩუნებულაო. მამის დამცირება კი შვილებმა ვერ აიტანეს და ისეთი ჩხუბი გაჩაღდა – თქვენი მოწონებული. აი ასე და ამ ხერხით მიაღწია მამამ საწადელს და შვილები მაინც აჩხუბა დღეობაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი დამცირებად და შეურაცხყოფად დაუჯდა.

ძველი მთიულეთი და 21-ე საუკუნის ფლორენცია რომ სხვადასხვა სამყაროა - ეს იმითაც გამოჩნდა, რომ რიგითმა (თუმცა გვარიანად გაბრაზებულმა) ფლორენციელებმა ტირინული კლუბის მაისურში გამოწკეპილ ჯეელს მხოლოდ და მხოლოდ გინება და სტვენა აკმარეს და გზაზეც კი არავინ გადასდგომია – ჩემი ძმა აქ რამე ხომ არ გეშლებაო. როგორც ჩანს, იმ დაშხოშიანმა პროვოკატორმაც კარგად იცოდა, რომ ფლორენციებელი მას არ ცემდნენ და არ იყვნენ ის ხალხი, ვინც კატებით დარბის. M

მაგრამ თუკი წარმოვიდგენთ, რომ იგივე ვთქვათ ბუენოს-აირესში ვინმეს ექნა და “ბომბონერას” წინ, “რივერ პლეიტის” მაისურით დაეწყო ყელყელაობა – ადვილი მისახვედრია “ბოკას” ქომაგები მას რასაც დამართებდნენ და როგორც დამთავრდებოდა ეს ყველაფერი.

და მაინც, ნეტა ვინ იყო ის გადარეული კაცი, რომელიც სუსხიან საღამოს ფლორენციაში, “არტემიო ფრანკის” წინ, “იუვენტუსის” მაისურით დარბოდა?!... ხან სიგიჟეც თავისებურად ლამაზია ხოლმე...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11701