ფეხბურთი

1:59 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლოგიკური დასასრული: "იუვენტუსი" ნახევარფინალშია (+VIDEO)

სასწაულები ხდება, მაგრამ თვეში ორჯერ - არა. კატალონიის “ბარსელონამ” ვერ შეძლო ტურინის “იუვენტუსისთვის” ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა და უეფას ჩემპიონთა ლიგას დამდეგ სეზონამდე დაემშვიდობა. თავის მხრივ, “იუვემ” დაამტკიცა, რომ წელს სერიოზული მიზნები ამოძრავებს. აღნიშნულმა თამაშ(ებ)მა ცხადჰყო, რომ ფეხბურთი გუნდური სახეობაა და არა ცალკეული ინდივიდების. "ბარსელონაში" კი, დღეს გუნდურობას ნაკლებად დაინახავთ. დარღვეულია ბალანსი სათამაშო რგოლებს შორის, დაცვის ხაზის სისუსტეზე საუბარი კი, დიდი ხნის წინ დაიწყო. სამაგიეროდ, ამ მხრივ ყველაფერი პირიქითიაა "იუვენტუსში" - "ბებერი ქალბატონი" ბოლო წლების განმავლობაში ალბათ გამორჩეულ სეზონს ატარებს და იგრძნობა, რომ ადვილად არავის, არაფერს დაუთმობს.

ბევრი საუბარი იყო მატჩამდე, რომ “ბარსელონა” ისეთი სასწაულის მოხდენას შეძლებდა, როგორიც ფრანგულ “პარი სენ ჟერმენთან” გააკეთა, მაგრამ “ბებერი სინიორა” სულაც არ აღმოჩნდა – პსჟ. მასიმილიანო ალეგრიმ თავისი გუნდი დაცვაში არ ჩააყენა, მიუხედავად იმისა, რომ “კამპ ნოუზე” სამბურთიანი უპირატესობით ჩავიდა. ეს სწორი არჩევანი გახლდათ. “ბარსას” საწყისი წუთები მისთვის უჩვეულო სიტუაციაში, უბურთოდ უწევდ აუმეტესად ყოფნა და შესაბამისად, ლუის ენრიკეს ჩანაფიქრს, სწრაფ გოლს ასრულება არ ეწერა. მეტიც, “იუვენტუსი” უფრო მწვავედ იჩხვლიტებოდა, თუმცა საგოლე მომენტამდე საქმე კარგა ხანს არ მიდიოდა. საერთოდ, პირველ ტაიმში ბევრი არც ყოფილა: მესი იყო ახლოს ორჯერ მიზანთან, თუმცა ერთხელ ააცილა, მერე ცუდად დაარტყა და ბუფონმა აჯობა. თავის მხრივ, გონსალო იგუაინი ლამის პირისპირ იყო ტერ შტეგენთან, მაგრამ “პიპიტამ” ძალიან სუსტი დარტყმა განახორციელა და შესაბამისად ვერ შეაგდო. თუმცა, რაც მინდორზე ხდებოდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ, იტალიელთა სასარგებლოდ ასხამდა წყალს. მეორე ტაიმიც პირველის ანალოგი გამოდგა. “ბარსელონას” სურდა, მაგრამ სტუმართა დაცვის ხაზის ჩინებული თამაშის გამო ხეირიანად ფაქტობრივად ვერ უტევდა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ კატალონელებმა კარის ჩარჩოში ერთადერთხელ დაარტყეს...

ბიორნ კუიპერსის საფინალო სასტვენმა კი, გვაუწყა, რომ “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. “ბარსელონაში” კი, ზაფხულში სერიოზულ საკადრო ცვლილელებს უნდა ველოდეთ, ყოველშემთხვევაში მიმდინარე სეზონმა ეს გამოაჩინა.

აქვე გეტყვით, რომ “იუვენტუსმა” მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა და უკვე მიჯრით 531 წუთია გოლი არ გაუშვია, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია. საერთოდ, იტალიის ჩემპიონი უკანა ხაზში დიდებულად გამოიყურება: 10 თამაში და მხოლოდ 2 გაშვებული გოლი. სხვათა შორის, ბუფონმა ლიგაზე 46-ედ შეინახა საკუთარ კარი ხელუხლებლად, რეკორდი კი, არც ისე შორსაა (იკერ კასილიასი 54 მატჩი). გარდა ამისა, ტურინული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეშვიდედ გავიდა და ეს საუკეთესო შედეგია იტალიურ კლუბებს შორის.

რაც შეეხება “ბარსელონას” – კატალონური გრანდის პრობლემები ჯერ კიდევ პირველ მატჩში გამოჩნდა. ორრაუნდიანმა პაექრობამ კი, ნათლად აჩვენა, რომ “იუვენტუსი” გაცილებით ორგანიზებული და დაბალანსებული გუნდია დღეს, ვიდრე “ბლაუგრანა”. სხვათა შორის, “ბარსელონამ” ლიგაზე ლუის ენრიკეს თავკაცობით საკუთარ მოედანზე პირველად ვერ მოიგო. ამავე კუთხით, მან 15 მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა, არდა რეკორდი ძალიან ახლოს იყო: “ბაიერნის” 16 საშინაო გამარჯვება.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში ტურინელებმა უშანსოდ, 3:0 სძლიეს მეტოქეს და საუკეთესო ოთხეულში დაიბევეს ადგილი. იმ ოთხეულში მის გარდა, “რეალი”, “ატლეტიკო” და “მონაკო” იმყოფებიან. წინ კი, ბევრი საინტერესო მატჩი გველოდება...

“ბარსელონა” – “იუვენტუსი” 0:0 (0:0) VIDEO

ბარსელონა, “კამპ ნოუ”

მაყურებელი: 96 290

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო (მასკერანო 78), პიკე, უმტიტი, ჟორდი ალბა; რაკიტიჩი (პაკო ალკასერი 58), ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი; კუადრადო (ლემინა 84), დიბალა (ბარძალი 75), მანჯუკიჩი; იგუაინი (ასამოა 83)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გაფრთხილება: ინიესტა (41), ნეიმარი (44) – კიელინი (57), ხედირა (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (1) – 12 (4) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 13:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.359239