ფეხბურთი

2:31 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

1/2 ფინალისტი “რეალი” და კაშაისგან დაჩაგრული “ბაიერნი” (+VIDEO)

“სანტიაგო ბერნაბეუზე” მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა ვიხილეთ. გასულ კვირას “რეალმა” გასვლაზე “ბაიერნი” აშკარად დაჩაგრა და აქედან გამომდინარე, ბევრი ფიქრობდა, რომ მადრიდელებს 1/2 ფინალის საგზურის მოპოვება აღარ გაუჭირდებოდათ, თუმცა ყველაფერი აბსოლუტურად საპირისპიროდ მოხდა და “ბლანკოსმა” შემდეგი ეტაპის საგზური დიდი ომის შედეგად მოიპოვა.

მადრიდელებს “ალიანს არენაზე” ნათამაშები მატჩის შემდგომ გარეტ ბეილი გამოაკლდათ, რომელიც ისკომ შეცვალა. ზინედინ ზიდანს მეტი არავინ გამოუცვლია და იმ მოთამაშეებს დაეყრდნო, რომელთაც “ბაიერნის” დაჯაბვნა მოახერხეს.

“ბაიერნის” ბანაკში კი პირიქით სასიხარული სიახლეები მოხდა: რობერტ ლევანდოვსკიმ და მატს ჰუმელსმა ტრავმები მოიშუშეს და სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ.

შეხვედრა ორმხრივ იერიშებში დაიწყო და მთელი შეხვედრის განმალობაში ასე გაგრძელდა. იყო ძალიან მაღალი ტემპი, ბევრი სახიფათო მომენტი, ლამაზი ინდივიდუალური თამაში და ბლომად კუთხურები. საწყის 45 წუთში ოდნავი უპირატესობა მაინც მასპინძლებს ჰქონდათ და ანგარიში გახსნის უფრო რეალური შესაძლებლობა მათ ჰქონდათ. ყველაზე კარგი შანსი სერხიო რამოსს ჰქონდა, რომელსაც ბურთი მანუელ ნოიერის შეცდომის შემდეგ მიუვიდა და ესპანელმაც მშვენივრად დაარტყა, მაგრამ “ბაიერნი” გარდაუვალი გოლისგან ჟერომ ბოატენგმა იხსნა, რომელმაც ბურთი ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა.

მეორე ნახევარი უკვე სტუმრების შეტევებით დაიწყო და არიენ რობენს 100%-იანი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ ამჯერად უკვე მარსელომ გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიდან. თუმცა, მიუხენელების იერიში გაგრძელდა და რობენმა კასემიროსთან ჭიდილში პენალტი გამოიმუშავა, რომელიც რობერტ ლევანდვსკიმ უნაკლოდ შეასრულა და 51-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა.

54-ე წუთზე გერმანელებს უკვე მეორე ბურთის გატანა და მათთვის სასარგებლო ანგარიშის დაფიქსირება შეეძლოთ, მაგრამ არიენ რობენის დიდებული გადაცემა არტურო ვიდალმა ვერ შეირგო და ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

ამის შემდგომ გუნდებმა თითქოს პატარა პაუზა აიღეს. ყველაფერი შეეძლო ერთ ბურთს გადაეწყვიტა და მასპინძლებიც მეტად ფრთხილობდნენ, ხოლო სტუმრები რაც დრო გადიოდა უფრო მეტად ფიქრობდნენ შეტევაზე. 75-ე წუთზე კარლო ანჩელოტიმ გარისკა, ხაბი ალონსო მოხსნა და ტომას მიულერი ჩართო თამაშში. გერმანელები მასირებული შეტევებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მიულერის შემოსვლიდან ერთ წუთში გოლი აქეთ მიიღეს: კასემირომ რონალდუს მოძრაობა ძალიან კარგად შეამჩნია, ბურთი თავზე დაასვა და პორტუგალიელმა მანუელ ნოიერს თავური დარტყმით აუღებელი გაუტანა.

“ბაიერნისთვის” ამ გოლს მთავარი მიზანი არ შეუცვლია: მიუნხელებს კვლავ ერთი ბურთი ესაჭიროებოდათ, მაგრამ ამჯერად არა პირდაპირ 1/2 ფინალში გასასვლელად, არამედ მატჩის დამატებით დროში გადასაყვანად.

“რეკორდმაისტერმა” გოლის გატანა გაშვებული გოლიდან ორიოდე წუთში მოახერხა: კეილორ ნავასის და სერხიო რამოსის შეუთანხმებელ თამაშს, ამ უკანასკნელის ავტოგოლი მოჰყვა.

84-ე წუთზე კი ისეთი რამ მოხდა, რასაც ფეხბურთის ქომაგები და განსაკუთრებით “ბაიერნის” გულშემატკივრები დიდხანს გაიხსენებენ: არტურო ვიდალმა მარკო ასენსიოს წინააღმდეგ აშკარად სუფთად ითამაშა, თუმცა შეხვედრის მთავარი მსაჯი ვიქტორ კაშაი ძალიან უხეშად შეცდა, ჩილელს მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალა და სტუმრები 10 კაცით დატოვა.

ვიდალის გაძევებამ ბუნებრივია, რომ კარლო ანჩელოტის გეგმები მთლიანად შეცვალა და სულ მალე მოედნიდან რობერტ ლევანდოვსკის გაყვანა მოუწია, რომლის ნაცვლად ჯოშუ კიმიხი გამოიყვანა და ცენტრალური ნახევარდაცვის ზონა შეძლებისდაგვარად შეავსო. თუმცა, პოლონელი ფორვარდის გაყვანით ბავარიელების შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნლად შემცირდა.

დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც გასაკვირი არაა, რომ მადრიდული გრანდი კაცნაკლულ მეტოქეზე კარგად გამოიყურებოდა და უფრო მეტად უტევდა, ხოლო სტუმრები პირიქით პენალტების სერიაზე უფრო ფიქრობდნენ.

99-ე წუთზე მარკო ასენსიო სახიფათო დაემუქრა მანუელ ნოიერის კარს, მაგრამ გერმანელმა კიპერმა ივარგა. თითქოს, პირველი დამატებული ტაიმი უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 105-ე წუთზე უმეთყვალყურეოდ დარჩენილმა რონალდუმ დუბლი გაიფორმა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ... პორტუგალიელი შემტევი მცველებზე იმდენად წინ იდგა, რომ ამის ვერ დანახვა ალბათ უფრო რთული იყო, მაგრამ ფაქტია, კაშაიმ და მისმა ასისტენტებმა ეს ვერ შეამჩნიეს. გოლი ჩაითვალა და ამან ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყვიტა, რადგან კაცნაკლულ მეტოქეს უკვე აღარც ფიზიკური ძალა ჰქონდა დარჩენილი და აღარც ფსიქოლოგიური.

110-ე წუთზე მარსელომ ბრწყინვალე სოლო რეიდი მოაწყო და კრიშტიანო რონალდუს ცარიელ კარში გაატანინა. ეს გოლი პორტუგალიელი ვარსკვლავისთვის საიუბილეო მე-100 ბურთი აღმოჩნდა და ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ამდენი გოლი გაიტანა. აქედან ორიოდე წუთში კი, მარკო ასენსიო მატს ჰუმელსს ბავშვივით გაუსწორდა, ნოიერს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2.

“რეალი” 1/2 ფინალშია და დამსახურებულად. მადრიდულმა გრანდმა პირველ მატჩში აშკარად აჯობა მეტოქეს და გაცილებით დიდი ანგარიშით შეეძლო მოგება. ესპანელებმა დღესაც კარგი ფეხბურთი აჩვენეს, მაგრამ ვიქტორ კაშაის გადაწყვეტილებებმა “ბაიერნი” ძალიან დააზარალა და ამაზე საუბარი დიდხანს იქნება.

და ბოლოს, ეს შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე უკანასკნელი გამოდგა ფილიპ ლამისთვის და ხაბი ალონსოსთვის. ვეტერანი ფეხბურთელები მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას ასრულებენ. ალონსოს ჩემპიონთა ლიგაზე 126 მატჩი აქვს ჩატარებული და ეს ტურნირი ორჯერ მოუგია (2005, 2014), ხოლო ლამმა 113-ჯერ ითამაშა და ეს თასი 2013 წელს აღმართა.

რეალი – ბაიერნი 1:2 (0:0) დ.დ. 4:2 VIDEO

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, ნაჩო, რამოსი, კარვახალი, მარსელო, კასემირო, კროოსი (კოვაჩიჩი 114), მოდრიჩი, ისკო (ლ.ვაზკესი 71), რონალდუ, ბენზემა (ასენსიო 64).
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი, ლამი, ალაბა, ალონსო (მიულერი 75), ვიდალი, ალკანტარა, რიბერი (კოშტა 71), რობენი, ლევანდოვსკი (კიმიხი 88).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (53 პენ.), 1:1, 2:2, 3:2 რონალდუ (76; 105; 110), 1:2 რამოსი (78 ს.კ.), 4:2 ასენსიო (112)
გაფრთხილებები: კასემირო – ვიდალი, ალონსო, ჰუმელსი, რობენი
გაძევება: ვიდალი (84)
მსაჯი: ვიქტორ კაშაი
სტატისტიკა – დარტყმები: 26 (12) – 19 (2), ბურთის ფლობა: 47% - 53%, კუთხურები: 7-10, თამაშგარეები: 3-2

0.11096