ავტოსპორტი

2:48 | 16.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერი ბოტასის პირველი პოული

ვალტერი ბოტასმა ბაჰრეინის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და თავის ფ1-ის კარიერაში პირველად დაიწყებს რბოლას მოწინავე პოზიციიდან. მან ბოლო ცდაზე მოახერხა თანაგუნდელ ლუის ჰამილტონის ჯობნა და მას ზედიზედ მეშვიდე პოულის მოპოვების საშუალება არ მისცა. ჰამილტონი მას 0.023 წამით ჩამორჩა, რაც 17 სანტიმეტრის ტოლფასია.

ამგვარად, „მერსედესის“ პილოტებმა ამ სეზონში პირველად შეძლეს სტარტზე პირველი რიგის დაპყრობა. პირველ ორ რბოლაში მათ ამის საშუალებას სებასტიან ფეტელი არ აძლევდა, რომელმაც ავსტრალიაში გაიმარჯვა ლიდეც. ამჯერად ის მესამე პოზიციას დასჯერდა.

ბოტასამდე ბოლო ფინელი პილოტი, ვინც კვალიფიკაციაში გამარჯვება შეძლო, ჰეიკი კოვალაინენია, რომელმაც ბრიტანეთის 2008 წლის დიდი პრიზის პოულ პოზიცია დაიკავა. სხვათა შორის, ისიც ჰამილტონის თანაგუნდელი იყო, რომელმაც იმ სეზონში თავისი პირველი ტიტული მოიპოვა. ოღონდ, მაშინ ისინი „მაკლარენის“ წევრები იყვნენ.

„ფორმულა 1-ში მეხუთე სეზონს ვატარებ და ეს ჩემი პირველი პოულია. ამისთვის დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ იმედია, პირველს ბევრი მოჰყვება“, - განაცხადა ბოტასმა, ვინც სამქიმიანებში მოქმედი ჩემპიონის, ნიკო როსბერგის ადგილი დაიკავა.

ფეტელის უკან ადგილს დანიელ რიკარდო დაიკავებს, რომელმაც უკან კიმი რაიკონენი ჩამოიტოვა. ამით ავსტრალიელი თავადაც გაკვირვებული დარჩა. თუმცა რბოლის დასრულებისთანავე ცნობილი შეიქნა, რომ რაიკონენი კვლავ უკმაყოფილოა თავისი მანქანით. კერძოდ კი ის არასაკმარის მოხვევადობას უჩიოდა. საინტერესოა, რომ მასაც თავისი ბოლო პოული 2008 წელს აქვს მოპოვებული.

კარგი დღე ჰქონდა „რენს“, რომლის ორივე პილოტმა შეძლო ათეულში შეღწევა. ამასთან, ნიკო ჰულკენბერგს მე-7 საუკეთესო დრო ჰქონდა და ის მხოლოდ სამი უძლიერესი გუნდის პილოტებს ჩამორჩა. მე-13 პოზიცია აქვს პასკალ ვერლაინს, რომელმაც პირველი ორი ეტაპი ზურგის ტრავმის გამო გააცდინა. პელოტონში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდის, „ზაუბერის“ პილოტისთვის ეს კარგი შედეგია. სამაგიეროდ, კვლავ პირველი ბარიერის მიღმა დარჩა „მაკლარენის“ სტოფელ ვანდოორნი. ფერნანდო ალონსომ, კვალიფიკაციის მეორე ნაწილში ასპარეზობის უფლება კი მოიპოვა, მაგრამ ტრასაზე ვეღარ გამოვიდა - მის „მაკლარენზე“ ძრავი დაზიანდა.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:28.769
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:28.792
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:29.247
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:29.545
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:29.567
  6. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:29.687
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:29.842
  8. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:30.074
  9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:30.763
  10. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:31.074

- - - - - - - - - -

  1. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:30.923
  2. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:31.168
  3. პასკალ ვერლაინი (გერმანია, ზაუბერი) 1:31.414
  4. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:31.684
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) დროის გარეშე

- - - - - - - - - -

  1. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:32.118
  2. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:32.313
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:32.318
  4. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:32.543
  5. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:32.900
0.132377