ჭიდაობა

10:29 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭიდაობაში განთესვის წესს შემოიღებენ

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ განთესვის სისტემა დააანონსა. სიახლეს აგვისტოში, პარიზში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ველოდოთ. წინასწარი ინფორმაციით, თითოეულ წონით კატეგორიაში განთესავენ მხოლოდ 4 მოჭიდავეს. გადაწყვეტილების მიღებისას კი რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების, არაოლიმპიურ წონებში შარშან გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის და წლევანდელი კონტინენტური პირველობების შედეგებს გაითვალისწინებენ.

ოლიმპიადასა და მსოფლიოს ჩემპიონატზე განთესვისთვის საჭირო ქულები პირველ ათეულში შესულ სპორტსმენებს დაერიცხებათ. კონტინენტურ პირველობებზე კი - რვა საუკეთესოს. აქვე ცხრილიც:

ოლიმპიადა და მსოფლიოს ჩემპიონატი

I ადგილი - 25 ქულა

II ადგილი - 20 ქულა

III ადგილი - 15 ქულა

V ადგილი - 10 ქულა

VII ადგილი - 8 ქულა

VIII ადგილი - 6 ქულა

IX ადგილი - 4 ქულა

X ადგილი - 2 ქულა

კონტინენტური ჩემპიონატები

I ადგილი - 12 ქულა

II ადგილი - 10 ქულა

III ადგილი - 8 ქულა

V ადგილი - 6 ქულა

VII ადგილი - 4 ქულა

VIII ადგილი - 2 ქულა

ქულების დათვლისას, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება წონითი კატეგორიების სატურნირო ბადეში მყოფი მოჭიდავეების რაოდენობასაც გაითვალისწინებს. მაგალითად, არაოლიმპიური წონების მსოფლიოს ჩემპიონატზე, სპორტსმენის მიერ გამომუშავებულ ქულას იმდენი ქულა დაემატება, რამდენი მოჭიდავეც იყო მისი წონითი კატეგორიის სატურნირო ბადეში.

ერთი საინტერესო დეტალიც, მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე, ოლიმპიურ წონით კატეგორიებში, განთესვაში მხოლოდ იმ მოჭიდავეებს შეიყვანენ, რომლებმაც რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიიღეს მონაწილეობა.

და კიდევ, ბადის ზედა ნაწილში პირველ და მესამე ნომრებს განთესავენ. ქვემოთ კი - მეორე და მეოთხე ნომრებს. განთესილი სპორტსმენები საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრებს გამოტოვებენ.

0.108671