ავტოსპორტი

2:08 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო მონაკოს ნაცვლად ინდი 500-ზე იასპარეზებს

ფერნანდო ალონსო მიმდინარე სეზონში მონაკოს დიდ პრიზს გამოტოვებს და მის ნაცვლად, „მაკლარენთან“ ერთად, ინდიანაპოლისის 500-მილიან რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. მათი პარტნიორი აქაც „ჰონდა“ იქნება. ალონსოსთვის და „მაკლარენისთვის“, „ჰონდას“ ძრავით აღჭურვილ „დალარას“ ინდიქარის ტიტულოვანი გუნდი „ანდრეტი რეისინგი“ მოამზადებს.

სხვათა შორის, „ანდრეტი რეისინგი“ მაიკლ ანდრეტის ეკუთვნის, რომელიც 1990-იან წლებში, ფორმულა 1-ში „მაკლარენის“ ბოლიდით ასპარეზობდა. ამ გადაწყვეტილებაზე „მაკლარენს“ და „ჰონდას“ ალონსოსთან რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკება ჰქონდათ.

„ძალიან მიხარია, რომ „მაკლარენთან“, „ჰონდასთან“ და „ანდრეტი ავტოსპორტთან“ ერთად, ინდი 500-ზე გამოსვლის საშუალება მომეცემა. ინდი 500 გლობალურ მოტორსპორტში სამიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რბოლაა. პოპულარობით მას მეტოქეობას მხოლოდ ლე მანის 24 საათი და მონაკოს დიდი პრიზი უწევენ. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ მონაკოს გამოვტოვებ. მაგრამ ეს ერთადერთი დიდი პრიზი იქნება, რომელზეც არ ვიქნები. შემდეგ კი, კანადის დიდ პრიზზე, ისევ „მაკლარენ-ჰონდა MCL32-ით“ ვიასპარეზებ“, - განაცხადა ალონსომ, რომელსაც „მაკლარენთან“ კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება.

მონაკოს რბოლა ამ სეზონში „მაკლარენსთვის“ პრაქტიკულად საუკეთესო შანსია იმისა, რომ ქულების მარაგი შეივსოს. მაგრამ მეორე მხრივ, კრიზისით გადაღლილ ალონსოს გახალისება ესაჭიროებოდა და ინდიანაპოლისის 500-მილიან (800-კილომეტრიან) რბოლაში მონაწილეობა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისთვის სტრესის მოხსნის ტოლფასი უნდა იყოს. სავარაუდოდ, „მაკლარენს“ და „ჰონდას“ მასთან კონტრაქტის გაგრძელება სურთ და ეს არაორდინარული ხერხი, მათ ამაში დაეხმარება.

ალონსო პირველად იასპარეზებს ინდიქარის სერიის ყველაზე გამორჩეულ რბოლაში და რაც მთავარია, პირველად მოუწევს ოვალურ ტრეკზე ასპარეზობა. რაც შეეხება „მაკლარენს“, ბრიტანულ გუნდს ინდი 500 ორჯერ აქვს მოგებული(1974 და 1076 წლებში) და ორივეჯერ ამერიკელ ჯონი რატერფორდთან ერთად. ერთხელ, 1972 წელს, „მაკლარენის“ შასით მოასპარეზე „პენსკემ“ და ამერიკელმა მარკ დონოჰიუმ გაიმარჯვეს.

„მაკლარენის“ შეფმა ზაკ ბრაუნმა განაცხადა, რომ ალონსო ინდი 500-ზე „მაკლარენის“ საფირმო, ფორთოხლისფერი მანქანით იასპარეზებს. სწორდ ამ ფერის ბოლიდით მიაღწია რატერფორდმა თავის ორ გამარჯვებას.

ბოლოს ერთმა მრბოლმა ერთ სეზონში ფორმულა 1-ის ჩემპიონატსა და ინდი 500-ზე 1994 წელს იასპარეზა. ეს ნაიჯელ მენსელი იყო, რომელმაც ინდიქარის სეზონი „ნუმენ-ჰაასის“ გუნდთან ჩაატარა, ფორმულა 1-ის ბოლო ოთხ რბოლაში კი „უილიამსთან“ ერთად იასპარეზა. ამის გამეორების შანსი ვინჩენცო სოსპირის 1997 წელს ჰქონდა, მაგრამ ფ1-ის პირველ ეტაპზე, ავსტრალიის დიდ პრიზზე (ლოლათი) კვალიფიკაცია ვერ გაიარა, მოგვიანებით კი ინდი 500-ზე იასპარეზა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134323