ფეხბურთი

2:26 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ღამურებმა” ლამაზი თამაშით იმარჯვეს

ლა ლიგის 30-ე ტურის დასკვნით სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. “ვალენსია” “მესტალიაზე” “სელტას” დაუხვდა და 3 ქულის მოპოვება მოახერხა.

შეხვედრა ძალიან კარგი სანახავი გამოდგა. განსაკუთრებით ეს მასპინძელთა თამაშზე ითქმის. “ღამურებმა” განსაკუთრებით მაღალ დონეზე მეორე ნახევარი ჩაატარეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვალენსიელებმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე კარგი (თუ საუკეთესო არა) მატჩი ჩაატარეს.

მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს, თუმცა მე-16 წუთზე გოლი აქეთ მიიღეს: დანიელ ვასიმ სტანდარტული მდგომარეობიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას გუსტავო კაბრალმა აჯობა და სტუმრები დააწინაურა. ხუთიოდე წუთში გალისიელებს მეორე ბურთის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ იაგო ასპასს დიეგო ალვეშმა აჯობა. ამის შემდგომ კვლავ “ღამურები” გააქტიურდნენ და 28-ე წუთზე სიმონე ძაძას დარტყმულს სერხიო ალვარესი გაუმკლავდა, ხოლო 38-ე წუთზე “ღამურების” ბრწყინვალე კომბინაცია დანიელ პარეხოს გოლით დასრულდა და ტაიმი 1:1 მორჩა.

მეორე ტაიმში “ვალენსიამ” ძალიან მოუმატა და მეტოქე აშკარად დაჯაბნა. მშვენიერი ტაიმი ჩაატარა ენცო პერესმა, რომელმაც ორივე გატანილ გოლში ლომის წვლილი დაიდო. ასევე ბრწყინვალად გამოიყურებოდნენ ჟოაო კანსელო, რომელმაც 61-ე წუთზე ძელს გაარტყა ბურთი, კარლოს სოლერი და ცვლილებაზე 65-ე წუთზე შემოსული ანტონიო ლატორე. 19 წლის მარცხენა მცველი თამაშში შესანიშნავად ჩაერთო და ორ წუთში მუნირ ელ ჰადადის საგოლე გადაცემა გაუკეთა. 75-ე წუთზე მუნირს დუბლის გაფორმება შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა, სერხიო ალვარესს ვეღარ აჯობა.

მთელი მეორე ნახევარი მასპინძლები უტევდნენ და “სელტას” ფაქტობრივად მომენტი არ ჰქონია, თუმცა მე-80 წუთზე გათანაბრება მაინც მოახერხეს: იაგო ასპასი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, ხოლო ფერნანდეს ბორბალანმა ძალიან სათამათო გადაწყვეტილება მიიღო და პენალტი დანიშნა (მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” კარის მიმართულებით პენალტი მეათედ დაინიშნა, საიდანაც მხოლოდ 4 გოლი გავიდა “ღამურების” კარში), რომელიც თავად ასპასმა აქცია გოლად.

“ლოს ჩეს” თამაში მისდიოდა და უმალ შეუტია, რამაც შედეგი 86-ე წუთზე გამოიღო და მესამე გოლი კიდევ უფრო ლამაზი გამოუვიდა: ენცო პერესმა ჩინებულად ითამაშა, ჯერ რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა, ხოლო შემდგომ კარლოს სოლერი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელიც ასევე ბრწყინვალედ გაისარჯა, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2.

აღსანიშნავია, რომ “ღამურებმა” უკანასკნელ ხუთ დღეში “მესტალიაზე” ორი გალისიური კლუბი დაამარცხეს.

დღის მეორე მატჩში ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა “ეიბარმა” შინ “ლას პალმასი” მიიღო და 3:1 დაამარცხა. გამოსარჩევია, სტუმართა ცენტრალური მცველის მაურისიო ლემოსის კიდევ ერთი ბრწყინვალე შორეული ჯარიმა. 21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჯარიმიდან უკვე მესამედ გაიტანა.

ეიბარი – ლას პალმასი 3:1 (2:0)

ეიბარი, “იპარუა”

ეიბარი (4-2-3-1): იოელი, ლეიუნი, რამისი, კაპა, ლუნა, დ.გარსია, ესკალანტე (რივერა 61), ადრიანი, ბებე, პ.ლეონი (პენია 88), კიკე (ენრიჩი 82).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

ლას პალმასი (4-2-3-1): რაული, ლემოსი, აიტამი, სიმონი, ლოპეში, მესა (ერნანი 86), მონტორო, ვიერა (ბოატენგი 72), მომო, ჰალილოვიჩი, ლივაია (ხესე 78).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლები: 1:0 ბებე (14), 2:0 აიტამი (24 ს.კ.), 2:1 ლემოსი (62), 3:1 ადრიანი (66 პენ.)
გაფრთხილებები: ლეიუნი, დ.გარსია – ლივაია, სიმონი, ლოპეში, მესა, ხესე
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

ვალენსია – სელტა 3:2 (1:1)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-2-3-1): ალვეში, გარაი, მანგალა, სიკეირა (ლატორე 65), ე.პერესი, პარეხო, სოლერი, ელ ჰადადი, ორელიანა (მედრანი 87), ძაძა (მინა 71).
მწვრთნელი: ვორო

სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, რონკალია, კაბრალი, მალიო, ხონი, პ.ერნანდესი, რადოია, ასპასი, ვასი (როსი 74), ბონგონდა (ხოზაბედი 66), ბივუ (ჰიულსაგერი 74).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 0:1 კაბრალი (16), 1:1 პარეხო (38), 2:1 ელ ჰადადი (67), 2:2 ასპასი (80 პენ.), 3:2 სოლერი (86)
გაფრთხილებები: ორელიანა – ბონგონდა
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

თეგებილა ლიგა
0.173509