ფეხბურთი

23:59 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფრე ქუთაისში

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მეორე შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ტორპედომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა. აღნიშნულ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სტარტი არცერთს გამოუვიდა წარმატებული და შესაბამისად ქულები ჰაერივით სჭირდებოდათ.

თამაში არცთუ ლამაზი სანახავი გამოვიდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე შეკრებილმა ქომაგებმა ორი ლამაზი მაინც იხილეს - პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და თუ არ ჩავთვლით დასაწყისშივე ადამაძის თავურს, რეალური სახიფათო მომენტი არც შექმნილა. მეორე ნახევარიც ასე დუნედ დაიწყო, მაგრამ 62-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ ფორვარდისთვის დამახასიათებელი ცივსისხლიანობა გამოავლინა და მახვილი კუთხიდან, თავით ლამაზი გოლი შეაგდო. ამის შემდეგ თამაშმა მთლიანად ქუთათურთა ნახევარზე გადაინაცვლა - „დილას“ ცდილობდა გაეთანაბრებინა ანგარიში, რადგან მეხუთე ტურში მესამე მარცხი ამბიციების მქონე გუნდისთვის მართლაც მეტისმეტი იქნებოდა. ჰოდა, თამაშის დასრულებამდე 4 წუთი იყო დარჩენილი კირკიტაძემ ერთი შეხებით რომ დალაშქრა ყოფილი გუნდის კარი და გორელებს სასიცოცხლოდ ფასეული ქულა გადაურჩინა.

„ტორპედოს“ ახლა 6, ხოლო „დილას“ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციებს ბუნებრივია ამ შედეგით ვერ იკავებენ. ეროვნული ლიგის მეხუთე ტური კი ოთხშაბათს დარჩენილი სამი შეხვედრით დასრულდება.

„ტორპედო“ – „დილა“ 1:1 (0:0)

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

„ტორპედო“ (4-3-3): რ. კვასხვაძე; ხურცილავა, ადამაძე, გურული, ქიმაძე; გიგაური (ჭიჭინაძე 66), კუხიანიძე, მახარობლიძე; დოლიძე (ნ. კვასხვაძე 82), საბანაძე, კაპანაძე (მამასახლისი 59)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

„დილა“ (4-2-3-1): მუჯრიშვილი; ეტოუ (ფოფხაძე 36), კვახაძე, აბუბაკარი, გაგოშიძე; რაზმაძე, ძარია (მათიაშვილი 78); ტარავალე, წიქარიძე, ლეანდრო; ნონიკაშვილი (კირკიტაძე 46)

მწვრთნელი: ზივ არიე

გოლები: 1:0 საბანაძე (62), 1:1 კირკიტაძე (86)

გაფრთხილება: ქიმაძე (28), საბანაძე (72) - კვახაძე (25), რაზმაძე (75)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

0.112068