სხვა

17:06 | 31.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე: ასეთი დატვირთვით ჯერ არ მივარჯიშია

საქართველოს ნაკრები ძალოსნობაში დღეს ღამე სპლიტში (ხორვატია) გადაფრინდება და იქ 2 აპრილს დაიწყება ევროპის ჩემპიონატი. ტურნირი, რომელზეც მოქმედი ჩემპიონის რანგში (პირველად) გამოვა ლაშა ტალახაძე. ტურნირი, რომელზეც მძიმე წონაში ლაშასთან ერთად კაპიტანი, ირაკლი თურმანიძეც გამოდის. ტურნირი, რომელსაც ჩვენ ველოდებით.

ლაშას რამდენიმე კითხვა დავუსვით. ჩემპიონი მაგარ ხასიათზეა და ჩემპიონი სპლიტიდან ჩემპიონის ტიტულით უნდა დაბრუნდეს.

- ლაშა, როგორ ფორმაში ხარ?

- ალბათ, ბოლო პერიოდში ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში. ოლიმპიადის შემდეგ ისეთი საინტერესო ვარჯიშები გავიარეთ, რომ შემიძლია 100%-ით ვთქვა, რომ ასეთი დატვირთვით ჯერ არ მივარჯიშია. ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში ვარ.

- რა მედალი მოგაქვს სპლიტიდან?

- მხოლოდ ოქროს მედალზე ვფიქრობ. ყოველთვის ასეა. ყოველთვის ასე იქნება. ჩემზეა დამოკიდებული, როგორ შევხვდები ტურნირს, როგორ ჩავერთვები ტურნირში. ყევლაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ მინდა გავამართლო ჩემი გულშემატკივრების იმედები. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მიდგას, ვინც ჩემიანია. თქვენთან ერთად ყველაფერი უფრო მშვიდად და მარტივად გამოდის. ჩემი წარმატებები თქვენი დამსახურებაცაა.

- როგორ ჩაიარა მოსამზადებელმა ეტაპმა?

- მოსამზადებელმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. არა მარტო ჩემთვის, მთელი ნაკრებისთვის. ჩვენი მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე ძალიან საინტერესოდ გვავარჯიშებს. შეაქვს პროცესში მრავალფეროვნება, სირთულე. ეს აუცილებელია. ბოლო პერიოდში ეს ნაკრებში გამორჩეულად საინტერესო მოსამზადებელი ციკლი იყო. კმაყოფილი ვარ.

- ვის მიიჩნევ მთავარ კონკურენტებად?

- ალბათ, ისევ სომხებს და არაა გამორიცხული, რუსიც კარგ ფორმაში იყოს. ირაკლის კარგი გაგებით არ მივიჩნევ კონკურენტად. ის ჩემი მეგობარია და მხოლოდ ამ კონტექსტში, ხვდები, ჰო? როგორც სპორტსმენი, იკა მედლისთვის იბრძოლებს. ის დიდი სპორტსმენი, ყველაზე სერიოზული კონკურენტია და ვეცდებით, ერთად მაქსიმუმი მოვუტანოთ საქართველოს.

0.135695